ბარბადოსის სახით მსოფლიოს ახალი რესპუბლიკა შეემატა - ქვეყნის ეროვნული გმირი რიანაა

ბარბადოსის სახით მსოფლიოს ახალი რესპუბლიკა შეემატა - ქვეყნის ეროვნული გმირი რიანაა

მას შემდეგ, რაც ბარბადოსი დედოფალ ელისაბედ მეორის მმართველობიდან გამოვიდა, მსოფლიოს კიდევ ერთი, ახალი რესპუბლიკა შეემატა. საზეიმო ღონისძიება, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის 55-ე წლისთავს დაემთხვა, დედაქალაქ ბრიჯტაუნში გაიმართა.

ბრიჯტაუნში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც საპატიო სტუმრების რანგში უელსის პრინცი ჩარლზი და ბარბადოსელი მომღერალი რიანა ესწრებოდნენ, პრეზიდენტობის ფიცი სანდრა მეისონმა დადო. სიტყვით გამოსვლისას, პრინცი მონობის იმ შემზარავ სისასტიკეს შეეხო, რომლის გამოვლაც წლების მანძილზე კარიბის ზღვის კუნძულებს მოუწიათ. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად კონსტიტუციური სტატუსის ცვლილებისა, ბრიტანეთსა და ბარბადოსს შორის კავშირი არ შეწყდება. სანდრა მეისონმა პრინცი ბარბადოსის თავისუფლების პრესტიჟული ორდენით დააჯილდოვა. რაც შეეხება რიანას, მომღერალს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

თავის მხრივ, დედოფალმა ელისაბედმაც არ დაიშურა კეთილი სურვილები ახლად შექმნილი რესპუბლიკისთვის და აღნიშნა, რომ ბარბადოსს მის გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. დედოფალმა რეპუბლიკას ბედნიერება, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. ხელისუფლების ცვლილების ნიშნად, კუნძულზე სამეფო დროშა დაეშვა.

ბარბადოსის ახლად არჩეული პრეზიდენტი 72 წლის სანდრა მეისონია, რომელიც 2018 წლიდან კუნძულის გენერალ-გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა. გასულ თვეში, პარლამენტში კენჭისყრის შემდეგ, მეისონი ერის არჩეულ პრეზიდენტად დასახელდა. რესპუბლიკად გამოცხადების გეგმა კი ბარბადოსმა გასულ წელს გაასაჯაროვა. მიუხედავად ამისა, ქვეყანა თანამეგობრობის ფარგლებში დარჩება. შეგახსენებთ, რომ ერთა თანამეგობრობა ბრიტანეთის, მისი დომინიონებისა და ყოფილი კოლონიების ასოციაციაა.

ბარბადოსი ბრიტანეთის გავლენის ქვეშ პირველად 1627 წელს მოექცა. კუნძულზე შაქრის პლანტაციების ეკონომიკური გამოყენების მიზნით, აფრიკიდან ჩამოყვანილ მონებს ამუშავებდნენ. ბარბადოსში მონობა 1834 წელს გაუქმდა, ხოლო 1966 წელს ქვეყანამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა.