ბავშვთა მოვლაში ინვესტიცია მთელ ეკონომიკას მოუტანს სარგებელს - კამალა ჰარისი

ბავშვთა მოვლაში ინვესტიცია მთელ ეკონომიკას მოუტანს სარგებელს - კამალა ჰარისი

აშშ–ის ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი და ვიცე–პრეზიდენტი კამალა ჰარისი კონგრესს მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს ახალ სახაზინო ანგარიშს, რომელიც ბავშვთა მოვლისათვის დამატებითი სახსრების გამოყოფას ითვალისწინებს. ანგარიშში ასახულია ამგვარი ზრუნვის დიდი სარგებელი მთლიანი ეკონომიკისათვის.

კონგრესი $3.5-ტრილიონიან ანგარიშს განიხილავს, რომელიც მოიცავს: უფასო სკოლამდელ დაწესებულებას ყველა 3–4 წლის ბავშვისათვის; ანაზღაურების გაზრდას ბავშვებზე ზრუნვის მუშაკებისთვის, რომელთა 95% ქალია და სხვა.

იელენის განცხადებით, ეს ცვლილებები გააფართოებს როგორც ბავშვებზე ზრუნვის მოთხოვნას, ასევე ამგვარი ზრუნვის მიწოდებას, რაც  პოზიტიურ ეფექტს უზრუნველყოფს როგორც ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის, ასევე მთლიანად ეკონომიკისათვის.

„პრეზიდენტის წინადადება ჩვენი ეკონომიკური წარმატების შესანარჩუნებლად გადამწყვეტია“ – ნათქვამია ხაზინის ანგარიშში.

„ეფექტიანად დაფინანსებული ბავშვთა მოვლის სექტორი მშობლებს საშუალებას მისცემს, იმუშაონ იმ გრაფიკით, რაც მათი კარიერისა და ოჯახისათვის საუკეთესო არჩევანი იქნება. ამით ისინი მიიღებენ საარსებო წყაროს (ხელფასს) და თავიანთ წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის საერთო ეკონომიკურ კეთილდღეობაში“, –  ვკითხულობთ განცხადებაში.

კერძო დაფინანსებაზე დამოკიდებული სისტემა წარუმატებელია და აუცილებელია ცვლილებები, რათა მშობლებს ეკონომიკურ აქტივობაში წვლილის შეტანის  საშუალება ჰქონდეთ. ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ საშუალო ოჯახი, რომელსაც მინიმუმ ერთი 5 წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს, ოჯახის ბიუჯეტის დაახლოებით 13%–ს ბავშვის მოვლის საფასურში იხდის. ბაიდენის წინადადება აღნიშნულ მაჩვენებელს  7%–მდე შეამცირებს.

ცნობისთვის, საფრანგეთი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების განვითარებაში საშუალოდ ყოველწლიურად $7,000 ინვესტიციას ახორციელებს, მაშინ  როდესაც აშშ–ში ეს მაჩვენებელი $2,400–ის ტოლია. შესაბამისად, ეს ამცირებს ბავშვთა მოვლის მუშაკთა შემოსავალს. მათი საშუალო წლიური ანაზღაურება $24,230–ია, ხოლო 15%–ზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება.