მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი მორიგ სკანდალში გაეხვა – კომპანია Twitter-ის აქციონერები ილონ მასკს სასამართლოში უჩივიან.
კალიფორნიის სასამართლოში წარდგენილი ჯგუფური სარჩელით მასკს ბრალად ედება საფონდო ბირჟაზე Twitter-ის აქციების მანიპულირება.
კომპანიის აქციონერები ამტკიცებენ, რომ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ქმედებებით მასკი აქტიურად ცდილობს Twitter-ის რეპუტაციის შელახვასა და ბირჟაზე მისი აქციების ღირებულების მკვეთრად შემცირებას, რათა მან შეძლოს $44-მილიარდიანი გარიგების პირობების შეცვლა და კომპანიის 100%-იანი წილის სანაცვლოდ, დაახლოებით, 10 მილიარდი დოლარით ნაკლების გადახდა.
შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ ილონ მაკსმა კომპანიის $44 მილიარდად შეძენის გარიგება დროებით შეაჩერა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი Twitter-ის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების არასანდოობა იყო. მილიარდერს არ სჯერა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლების მხოლოდ 5%-ზე ნაკლებია ყალბი ანგარიში მქონე (ბოტი, ტროლი).
მასკის განცხადებას, ცხადია, ტრეიდერების მხრიდან ნეგატიური რეაქცია მოჰყვა და Twitter-ის აქციების ღირებულება ორ კვირაში თითქმის 20%-ით დაეცა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $30 მილიარდამდე შემცირდა, რაც $14 მილიარდით ნაკლებია მასკის მიერ შეთავაზებულ ფასზე.
ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, უახლოეს მომავალში მასკი ახალი შეთავაზების გაკეთებას შეეცდება, რომლის ღირებულებაც არა $44 მილიარდი, არამედ, დაახლოებით, $33 მილიარდი იქნება.
გარდა ამისა, კომპანიის აქციონერები მასკს კრიტიკული მნიშვნელობის ინფორმაციის დაფარვაშიც ედავებიან. მათი განმარტებით, 14 მარტს მასკს არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია Twitter-ის 5%-იანი წილის შეძენის შესახებ, რისი წყალობითაც მან თავიდან აირიდა კომპანიით სხვა ინვესტორებისა და ტრეიდერების დაინტერესება, ამ ქმედებით კი მილიარდერმა თითქმის 156 მილიონი აშშ დოლარის დაზოგვა შეძლო.
„Twitter-ში განხორციელებული ინვესტიციის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების დაგვიანებით მასკი საბაზრო მანიპულაციაში ჩაერთო და ამ გზით მან შეძლო კომპანიის აქციების ხელოვნურად დაბალ ფასად შეძენა“, – წერია სარჩელში.