ბელგიაში, პირველი აპრილიდან, მინიმალური თვიური ხელფასი €2,029.88-მდე გაიზრდება. Eurostat-ის მონაცემებით, ევროკავშირის მასშტაბით, მინიმალური თვიური ხელფასი €2,000-იან ნიშნულს, ბელგიის ჩათვლით, ახლა უკვე ხუთ ქვეყანაში გადასცდება.
პირველ ეტაპზე, მინიმალური თვიური ხელფასი ქვეყანაში 35.70 ევროთი გაიზრდება. შემდგომი ეტაპი კი, კვლავ იმავე ოდენობის ზრდით, 2026 წელს იგეგმება. პროფკავშირების განცხადებით, მინიმალური ხელფასის მატება დაბალი შემოსავლის მქონე 80 ათასამდე პირს შეეხება.
გარდა ამისა, პირველი აპრილიდან ბელგიაში იზრდება საგადასახადო დასაქმების ბონუსიც. შედეგად, დასაქმებულები, პოტენციურად, ხელზე თვეში დაახლოებით 50 ევროთი მეტს აიღებენ. იმავე თარიღიდან, ინფლაციის გათვალისწინებით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 2%-ით გაიზრდება.
Eurostat-ის მონაცემებით, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, ბელგიაში სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა მინიმალური ხელფასი დაახლოებით 400 ევროთი გაიზარდა. 2019 წელს ბელგიაში მინიმალური ხელფასი €1,593.81-ს, 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით კი €1,994.18-ს უტოლდებოდა. პარალელურად, ფრანკოფონიის სოციალისტური პარტია (PS) აწარმოებს კამპანიას, რომლის მიზანიც მთლიანი მინიმალური ხელფასის (საგადასახადო და სხვა გამოქვითვის გარეშე) €2,800-მდე გაზრდაა.
შრომის ანაზღაურებაზე დანახარჯებით, ბელგია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მესამე ადგილზეა. Eurostat-ის მონაცემებით, 2023 წელს შრომის საათობრივი ღირებულება €47.10-ს უდრიდა, მთლიანად ორგანიზაციაში კი 9 ევროდან 54 ევრომდე მერყეობდა – საშუალოდ €31.80.
აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე დაბალი – €9.3 – ბულგარეთშია, რუმინეთში – 11 ევროს, ხოლო უნგრეთში 12.8 ევროს უდრის. ლუქსემბურგში კი ყველაზე მაღალია და €53.9-ს უტოლდება, მას მოჰყვება დანია – €48.1. ევროკავშირის მასშტაბით ყველაზე დაბალი თვიური მინიმალური ხელფასიც ბულგარეთშია (477.04 ევრო), შემდეგ არის რუმინეთი (663.24 ევრო) და უნგრეთი (696.97 ევრო).
ევროკავშირის ტოპ-10 სახელმწიფო ყველაზე მაღალი თვიური მინიმალური ხელფასით:
- ლუქსემბურგი – €2,570.93
- ირლანდია – €2,146.3
- ნიდერლანდები – €2,070.12
- გერმანია – €2,054
- ბელგია – €2,029.88
- საფრანგეთი – €1,766.92
- ესპანეთი – €1,323
- სლოვენია – €1,253.9
- კვიპროსი – €1,000
- პოლონეთი – €977.53