2023 წელს უკრაინის ეკონომიკა 5.3%-ით გაიზარდა - უკრაინის სტატისტიკის სამსახური

2023 წელს უკრაინის ეკონომიკა 5.3%-ით გაიზარდა - უკრაინის სტატისტიკის სამსახური

უკრაინის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკა 2023 წელს 5.3%-ით გაიზარდა. აღნიშნული ზრდა ყურადსაღებია იმის ფონზე, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ წელს ქვეყნის ეკონომიკა თითქმის მესამედით შემცირდა. 2023 წელს უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა დაგეგმილზე (5%) მცირედით მეტი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, უკრაინის სტატისტიკის სამსახურმა ომის დაწყების შემდეგ პირველი ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა. მანამდე უკრაინა მშპ-ის ცვლილების შესახებ ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებისაგან თავს იკავებდა.

უკრაინის სტატისტიკის სამსახური არ საუბრობს ზრდის განმაპირობებლებზე, გამოქვეყნებული განცხადება მხოლოდ ზრდის პროცენტს ასახავს. არაოფიციალური მონაცემებითა და უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, 2022 წელს უკრაინის მშპ 28.8%-ით შემცირდა. წელს კი მშპ-ის 4.6%-იან ზრდას ვარაუდობენ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ეკონომიკა ამჟამად თითქმის სრულადაა დამოკიდებული დასავლურ ფინანსურ დახმარებაზე. პარალელურად კი უკრაინის დახმარების მასშტაბური, $50-მილიარდიანი პაკეტი აშშ-ის კონგრესში რამდენიმე თვეა, დაყოვნებულია. რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი სერჰი მარჩენკო ფინანსური დახმარების პაკეტის დამტკიცების მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი.