ბერმუდის სასამართლომ Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას ივანიშვილისთვის $607 მლნ-ის გადასახდელად 42 დღე მისცა

ბერმუდის სასამართლომ Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას ივანიშვილისთვის $607 მლნ-ის გადასახდელად 42 დღე მისცა

გამოცემა PRnewswire-ი Credit Suisse-თან დავაზე საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მორიგ პრესრელიზს აქვეყნებს. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბერმუდის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას, CS Life-ს 42-დღიანი ვადა მიეცა, რათა ბიძინა ივანიშვილს $607-მილიონიანი კომპენსაცია გადაუხადოს. ამავე განცხადებაში ივანიშვილი ბანკისგან მიყენებულ ზარალს 1.2 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს.

Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას ივანიშვილის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა 2022 წლის მარტში დაეკისრა, ხოლო კომპენსაციის ზუსტი მოცულობა ბერმუდის სასამართლომ 22 ივნისს განსაზღვრა.

WSJ-ის თანახმად, Credit Suisse-ი ბერმუდის კანონმდებლობის გათვალისწინებით, განიხილავს შესაძლებლობას დაკისრებული კომპენსაცია საერთოდ არ გადაიხადოს.

ივნისში Credit Suisse Life Bermuda-ს ადვოკატმა ჯონათან ქროუმ განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილის მოთხოვნა არგუმენტირებულია, მის მიმართ კომპენსაცია კომპანიის ანგარიშიდან შეიძლება ვერ იქნეს გადახდილი, რაც ბერმუდას კანონმდებლობის ერთ-ერთ მუხლს უკავშირდება. კერძოდ, 2000 წლიდან ბერმუდაში მოქმედებს კანონი განცალკევებული ანგარიშების მქონე კომპანიების შესახებ (Segregated Accounts Company-SAC), რომელიც ორგანიზაციის აქტივებისა და ვალდებულებების სხვადასხვა ანგარიშებად დაყოფის საშუალებას იძლევა. ეს კანონი იცავს ანგარიშის მფლობელებს მათი აქტივების გამოყენებისგან მზღვეველების ან სხვა კომპანიების წინააღმდეგ პრეტენზიების მოსაგვარებლად, რომლებიც კლიენტების ცალკეულ (სეგრეგაციულ) ანგარიშებს მართავენ.

პარალელურად, Credit Suisse-მა გაასაჩივრა ბერმუდის სასამართლოს მიერ ივანიშვილის სასარგებლოდ, მარტში მიღებული გადაწყვეტილება.

Credit Suisse-სთან დავის – ისტორია:

სასამართლო დავა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებულ პირად სადაზღვევო შენატანებს ეხება. სასამართლო მასალებში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ის ოფისს 2011 და 2012 წლებში დადებული ხელშეკრულებით, $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო. ეს შენატანი “სადაზღვევო პრემიის” სახეს ატარებდა და მის ინვესტირებასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თავად შვეიცარიული ბანკი იყო.

2015 წელს კი, ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი გაქრა, რაც Credit Suisse-ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდებოდა. 2017 წელს ივანიშვილის იურისტებმა სარჩელი ბერმუდის კუნძულების სასამართლოში შეიტანეს.

იქამდე, სანამ საქმე ბერმუდის კუნძულებზე გადაინაცვლებდა, დავა მიმდინარეობდა შვეიცარიულ სასამართლოში, სადაც 2018 წელს პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ის აღნიშნული დროისთვის უკვე იხდიდა წინასწარ პატიმრობას, რადგანაც 2015 წლის ბოლოს დააპატიმრეს. სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მის კლიენტებს (ძირითადად ბიძინა ივანიშვილს) შვეიცარიაში $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეუფლა.

პატრიკ ლესკადრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული.

Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს პოზიცია არ გაიზიარა ბერმუდის სასამართლომ, რომელმაც ბანკს მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ანალოგიური შინაარსის დავისთვის ემზადება ბიძინა ივანიშვილი სინგაპურშიც, სადაც საქმის განხილვები 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყება.