Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ამერიკის საკვების ბანკებს 100 მლნ დოლარს ურიცხავს, რათა დაეხმაროს კორონავირუსის შედეგად უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს საკვებით.
კერძოდ, ბეზოსის დონაცია Feeding America-ს ჩაერიცხა, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციაა და აშშ-ის მასშტაბით 200-ზე მეტ საკვების ბანკს აერთიანებს.
ბეზოსმა შესაბამისი ინფორმაცია Instagram-ზე გაავრცელა და დაწერა: “ჩვეულებრივ დროსაც კი საკვების უსაფრთხოება ამერიკული ოჯახების მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, სამწუხაროდ Covid-19-მა ეს სტრესი კიდევ უფრო გაამძაფრა“.
მისივე თქმით, რესტორნები დაკეტილია, ბევრი ეკლესია, რომელიც უფასო საკვებით უზრუნველყოფდა მსურველებს, ასევე დაკეტილია სოციალური დისტანცირების დაცვის მიზნით.
თავის მხრივ ამერიკული საკვების ბანკების ორგანიზაციამ მადლობა გადაუხადა ბეზოსს დახმარებისთვის.
“ეს დონაცია, ჩვენს ისტორიაში უმსხვილესი საჩუქარია, რომელიც შესაძლებელს ხდის მილიონობით ჩვენს მეზობელს, რომელიც კრიზისის დროს რთულ პერიოდს გადის, საკვებით დავეხმაროთ“, – განაცხადა თავის მხრივ Feeding America-ს ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ მედიაში მოსახლეობა ბეზოსს მოუწოდებდა Amazon-ის თანამშრომლების დახმარების მიზნით გარკვეული თანხები გაეღო. მარტის ბოლოს Amazon-მა $25 მლნ გადარიცხა თანამშრომლებისა და პარტნიორების ფონდში.