Microsoft-ის დამფუძნებლისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ბილ გეიტსის მიერ დაარსებულმა კომპანია TerraPower-მა, რომლის მთავარ მიზანს ბირთვულ ენერგეტიკასა და მედიცინაში ინოვაციური გადაწყვეტების შემოტანა წარმოადგენს, $750 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა, – ამის შესახებ CNBC წერს. როგორც ირკვევა, აღნიშნულ ინვესტიციას კომპანია ატომური რეაქტორების აშენებისა და რადიოაქტიური ელემენტებით სიმსივნის მკურნალობის პროექტისთვის გამოიყენებს.
ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, TerraPower-ში ინვესტირებული თანხის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით $500 მილიონი, თავად ბილ გეიტსს ეკუთვნის, ხოლო დარჩენილი $250 მილიონი ბიზნესში სამხრეთ კორეულმა ენერგოგიგანტმა და ქვეყანაში ელექტროენერგიის ერთ-ერთმა უდიდესმა მიმწოდებელმა, SK-მ ჩადო. მხარეების მიერ ინვესტირებული თანხა ატომური ენერგეტიკისა და ბირთვული მედიცინის განვითარებას მოხმარდება.
საინტერესოა, რომ TerraPower-ის პროგრესის ხილვა დღესაც არის შესაძლებელი: აშშ-ის ფედერალური მთავრობის ხელშეწყობით, შტატ ვაიომინგში მდებარე ქვანახშირის ელექტროსადგურზე, ბილ გეიტსის კომპანიის რამდენიმე ნატრიუმის რეაქტორი არის დაერთებული. TerraPower-ის რეაქტორები მარილის კრისტალების ლღობის ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რომლითაც მსხვილი ინდუსტრიული საწარმოების უნახშირბადო ენერგიით მომარაგებაა შესაძლებელი. როგორც ირკვევა, ტრადიციულ ბირთვულ რეაქტორებთან შედარებით, TerraPower-ის მიერ შექმნილი რეაქტორი 30-ჯერ უფრო ეფექტიანია.
თუმცა, გარდა ზემოხსენებული ბიზნესისა, კომპანიას სიმსივნის მკურნალობაში საკუთარი წვლილის შეტანაც სურს – ამ პროგრამას TerraPower Isotopes-ი ჰქვია. საინტერესოა, რომ მცირედ რადიოაქტიური ნაერთებით ზოგიერთი ტიპის სიმსივნის მკურნალობაა შესაძლებელი. ერთ-ერთ ასეთ ნაერთს, აქტინიუმის 225-ე იზოტოპს პროსტატის ჯირკვლის სიმსივნის, ლიმფომის, მელანომის და სხვა ტიპის სიმსივნეების სამკურნალოდ იყენებენ.
როგორც ირკვევა, TerraPower-ს სურს, რომ აქტინიუმის 225-ე იზოტოპი ფარმაკოლოგიურად ხელმისაწვდომი გახადოს. ამასთანავე, კომპანია სხვა ელემენტების იზოტოპზეც მუშაობს.