მადიარის თქმით, უნგრეთში ახალი მთავრობა მაისის დასაწყისში დამტკიცდება

მადიარის თქმით, უნგრეთში ახალი მთავრობა მაისის დასაწყისში დამტკიცდება

ფოტო: AP 

 

უნგრეთის პრემიერმინისტრობის მთავარი კანდიდატის, პეტერ მადიარის განცხადებით, ქვეყანაში მთავრობის ახალი შემადგენლობა მუშაობას მაისის დასაწყისიდან შეუდგება. მადიარის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ის უნგრეთის პრეზიდენტ ტომაშ შუიოკს უკვე ესაუბრა და მისგან პრემიერობის პოსტზე მხარდაჭერაც მიიღო.

უნგრეთის მოქმედი კანონმდებლობით, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რომელზეც პრემიერ-მინისტრს აირჩევენ, არაუგვიანეს 12 მაისისა უნდა გაიმართოს. ოთხშაბათს შუიოკთან გამართული კერძო კონსულტაციის შემდეგ მადიარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიღწეული შეთანხმებით პარლამენტის პირველი (ინაუგურაციული) სესია, სავარაუდოდ, 6 ან 7 მაისს დაინიშნება.

„[პრეზიდენტი] ფიქრობს და ვფიქრობ, ყველას მიაჩნია, რომ უნგრელი ხალხის ინტერესებშია, ამომრჩევლებისგან მსგავსი რაოდენობის მანდატების მიღების შემდეგ, მთავრობა და რეჟიმი რაც შეიძლება სწრაფად შეიცვალოს“, — განუცხადა მადიარმა ჟურნალისტებს. პრემიერობის კანდიდატმა პირობა დადო, რომ სამთავრობო სტრუქტურის რეფორმასთან ერთად შექმნის ცალკეულ სამინისტროებს, მაგალითად: ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და განათლების უწყებებს, რომლებიც ორბანის მმართველობის დროს დამოუკიდებელი სახით არ არსებობდა.

ოთხშაბათს დილით უნგრეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, თითქმის ორი წლის შემდეგ პირველად გამოჩენისას, მადიარმა ორბანის მთავრობას მოუწოდა, მმართველობის ბოლო კვირებში მხოლოდ დროებითი მოვალეობის შემსრულებელი ორგანოს როლი მოირგოს და ისეთი გადაწყვეტილებებისგან, რომლებიც უნგრეთის ეროვნულ ინტერესებსა და მომავალი მთავრობის მუშაობას დააზიანებს, თავი შეიკავოს.

მადიარის თქმით, მან პრეზიდენტ შუიოკს, რომელიც თავის დროზე ორბანის გუნდმა აირჩია, მთავრობის ფორმირებისთანავე გადადგომის მოთხოვნითაც მიმართა. „ტისას“ ლიდერის თქმით, პრეზიდენტის პასუხი იყო ბუნდოვანი, თუმცა დაჰპირდა, რომ ამ საკითხს „განიხილავდა“. მადიარის განცხადებითვე, იმ შემთხვევაში, თუ შუიოკი პოსტს თავად არ დატოვებს, მისი ახალი მთავრობა კონსტიტუციურ ცვლილებებს მიიღებს, რათა ის „ორბანის სისტემის მიერ დამკვიდრებულ ყველა სხვა მარიონეტთან ერთად თანამდებობიდან გადააყენოს“.

შეგახსენებთ, რომ კვირას, 12 აპრილს, უნგრეთში გამართული საპარლამენტო არჩევნები მოქმედი პრემიერის, ვიქტორ ორბანის მემარჯვენე პარტია „ფიდესის“ მარცხით დასრულდა. საარჩევნო უბნებზე დათვლილი ხმებით, მთავარმა ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“, პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით, მოსახლეობის 53%-ზე მეტის მხარდაჭერა მიიღო. შედეგად, „ტისა“ უნგრეთის ახალი მოწვევის პარლამენტში — 138, ხოლო „ფიდესი“ 55 მანდატით იქნება წარმოდგენილი.