Billboard: 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი საკონცერტო ტურნეები

Billboard: 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი საკონცერტო ტურნეები

Billboard-მა 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი საკონცერტო ტურნეების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ე.წ. შუა წლის სიაში 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2023 წლის 30 აპრილამდე გამართული შოუების მონაცემებია შეტანილი.

Billboard-ის რეიტინგში პირველ ადგილს ბრიტანელი მომღერალი, ჰარი სტაილზი იკავებს, რომლის ტურნემაც „Love on Tour“ საანგარიშო პერიოდში $138.6 მილიონის გამომუშავება შეძლო. 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2023 წლის 30 აპრილამდე სტაილზის ტურნეს ფარგლებში გამართულ 38 შოუზე დასასწრები 2.1 მილიონი ბილეთი გაიყიდა.

მართალია, მომღერალმა სოლო-შემსრულებლის სტატუსით Billboard-ის ტოპ-ტურნეების რეიტინგში ლიდერის პოზიცია პირველად დაიკავა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ One Direction-თან ერთად სიაში პირველი ადგილის მოპოვება 2014 წლის ბოლოსა და 2015 წლის შუა პერიოდის ჩარტშიც შეძლო.

ჩამონათვალში მეორე ადგილს კიდევ ერთი ბრიტანელი მომღერალი, გრემის ექვსგზის გამარჯვებული, ელტონ ჯონი იკავებს. მან ზემოხსენებულ პერიოდში გამართული 32 შოუს განმავლობაში 798,152 ადამიანის წინაშე იმღერა. კონცერტებიდან საერთო ჯამში $138.18 მილიონი შეგროვდა. როგორც ხედავთ, ჰარი სტაიზისა და ელტონ ჯონის საკონცერტო ტურნეების დროს შეგროვებულ თანხას შორის სხვაობა დაახლოებით 500,000 აშშ დოლარს შეადგენს.

შედარებით დიდია სხვაობა ელტონ ჯონსა და სიაში მის მდევარს, Coldplay-ის შორის. ბრიტანული როკჯგუფის მიერ 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2023 წლის 30 აპრილამდე გამართული 17 კონცერტიდან $95.25 მილიონი შეგროვდა. აღნიშნულ პერიოდში Coldplay-ის ცოცხლად 1.1 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოუსმინა.

როგორც ხედავთ, რეიტინგის პირველი სამი წარმომადგენელი დიდი ბრიტანეთიდანაა. საერთო ჯამში, ათეულში ბრიტანელი სოლო- შემსრულებლების ან ამ ქვეყნის ჯგუფების რაოდენობა ოთხს შეადგენს. გარდა ამისა, ტოპ-10-ში ორი პუერტორიკოელი რეპერი გვხვდება, ათეულის დანარჩენი წევრები კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან არიან.

Billboard-ზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ მომღერლებისა და ჯგუფების ათეულს, რომელთა მიერ 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2023 წლის 30 აპრილამდე პერიოდში გამართული კონცერტებიდან ყველაზე მეტი თანხა შეგროვდა:

  1. ჰარი სტაილზი – თანხა: $138,608,424  (38 შოუ; 1,215,391 მსმენელი)
  2. ელტონ ჯონი – თანხა: $138,183,935  (32 შოუ; 798,152 მსმენელი)
  3. Coldplay – თანხა: $95,256,519  (17 შოუ; 1,112,544 მსმენელი)
  4. ედ შირანი – თანხა: $93,942,305  (21 შოუ; 888,631 მსმენელი)
  5. Daddy Yankee – თანხა: $72,531,088  (29 შოუ; 773,128 მსმენელი)
  6. Bad Bunny – თანხა: $67,857,025  (18 შოუ; 718,995 მსმენელი)
  7. Trans-Siberian Orchestra – თანხა: $66,541,965  (98 შოუ; 914,011 მსმენელი)
  8. კევინ ჰარტი – თანხა: $51,706,717  (59 შოუ; 501,350 მსმენელი)
  9. Red Hot Chili Peppers & Post Malone – თანხა: $48,227,560  (8 შოუ; 378,610 მსმენელი)
  10. Phish – თანხა: $42,029,500  (16 შოუ; 203,569 მსმენელი)