მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-ი გაკოტრებულ კრიპტობანკ Voyager Digital-ს $1 მილიარდ დოლარად ყიდულობს. ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ ტრანზაქციის გატარების უფლება გასცა.
ცნობისთვის, Voyager-ს გაკოტრების გამოცხადება გასულ წელს მოუწია, რაც Three Arrows Capital-ის კოლაფსთან და $650-მილიონიან დეფოლტთან იყო დაკავშირებული. გაკოტრების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, კომპანია გასაყიდად აუქციონზე გაიტანეს, რომელშიც სემ ბენკმენ-ფრიდის FTX-მა გაიმარჯვა.
კომპანია FTX მზად იყო Voyager-ის სანაცვლოდ 1.4 მილიარდი დოლარი გადაეხადა, თუმცა მალევე თავად FTX-საც მოუწია გაკოტრების გამოცხადება, შესაბამისად, გარიგება ჩაიშალა.
ამჟამად Binance-ი კომპანია Voyager-ს 400 მილიონი დოლარით იაფად ყიდულობს, რაც მოიცავს Voyager-ის ფიზიკურ აქტივებს, 1.7-მილიონიან მომხმარებელთა ბაზას და თითქმის მილიარდი დოლარის არალიკვიდურ კრიპტოაქტივებს.
მართალია, გარიგების დასრულების შემდეგ Binance-ს Voyager-ის ვალდებულებების გადაფარვა და კომპანიის რესტრუქტურიზაცია მოუწევს, თუმცა, როგორც ჩანს, ჩანგპენგ ჟაოს გუნდი თვლის, რომ 1.7 მილიონი მომხმარებელი ამ ფასად ღირს.
Binance-ი ამჟამად მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟაა, რომელიც ყოველდღიურად მილიარდობით დოლარის ტრანზაქციებს ატარებს.