Billboard-ის მონაცემებით, ბიონსეს მსოფლიო ტურნემ მხოლოდ აგვისტოში $179 მილიონი გამოიმუშავა და მის მიერვე დამყარებულ ყოველთვიურ რეკორდსაც გადააჭარბა. შედეგად, მომღერალმა ძლიერი წინაპირობა შეიქმნა, რომ შეუერთდეს Coldplay-სა და Rolling Stones-ის ყველაზე შემოსავლიანი ტურების მქონე არტისტთა რიგებს.
აგვისტოში, ბიონსეს Renaissance-ის მსოფლიო ტურნემ $179.3 მილიონი გამოიმუშავა და ყველაზე მაღალშემოსავლიანი ერთთვიანი შედეგი დააფიქსირა მას შემდეგ, რაც Billboard-მა Boxscore-ის საშუალებით ტურნეების შემოსავლების აღწერა დაიწყო. Boxscore-ი 1985 წლიდან ტურნეების მონაცემების ტრეკერი და ცოცხალი შესრულების რეიტინგის ჩარტების შემქმნელია.
Billboard-ის შეფასებით, ბიონსეს Renaissance-ი „Boxscore-ის არქივებში შემსრულებელი ქალების ყველაზე შემოსავლიანი ტურნეა“, დღემდე გამომუშავებული $461.3 მილიონით. გაზაფხულზე დაწყების შემდეგ, პირველ ოქტომბერს კანზას-სიტიში გასამართი კიდევ ერთი შოუს ჩათვლით, ბიონსეს ტურნემ საერთო ჯამში 60-მდე კონცერტი მოიცვა. Billboard-ის პროგნოზით, Renaissance-ის მსოფლიო ტურნე $560 მილიონამდე შემოსავალს მიიღებს და ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ტურნეებს შორის დაიმკვიდრებს ადგილს.
Renaissance-მა უკვე გადააჭარბა 2008-09 წლებში მადონას მიერ გამართულ Sticky & Sweet-ის ტურნეს და, Billboard-ის მონაცემებით, შემსრულებელი ქალების ყველაზე შემოსავლიან ტურნედაც იქცა. ამჟამად ბიონსეს ტურნეებით გამომუშავებული თანხით მხოლოდ Guns N’ Roses-ი, Coldplay, ჰარი სტაილსი, ედ შირენი და ელტონ ჯონი აღემატებიან.
Forbes-ის შეფასებით, ბიონსე ამერიკის უმდიდრეს თვითშემდგარ ქალებს შორის ხვდება და $540 მილიონს ფლობს.