საფრანგეთში G7-ის სამიტი დასრულდა | რაზე შეთანხმდნენ ლიდერები?

საფრანგეთში G7-ის სამიტი დასრულდა | რაზე შეთანხმდნენ ლიდერები?

ფოტო: AP /Thibault Camus

 

საფრანგეთის ქალაქ ევიან-ლე-ბენში „დიდი შვიდეულის“ ყოველწლიური სამიტი დასრულდა. არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, წლევანდელი სესიის მთავარ თემად უკრაინაში მიმდინარე ომი და ახლო აღმოსავლეთში — ირანის ომითა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ბლოკადით — შექმნილი ვითარება იქცა.

სამიტის დასასრულს G7-ის ლიდერებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს და უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების პირობა დადეს.

G7-ის წლევანდელ სამიტს ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც ორმხრივი მოლაპარაკებები „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერებთან, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან გამართა. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა განაცხადა, ირანის საკითხი მალე „უკანა პლანზე გადავა“, უკრაინასთან მიმართებით კი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია.

სამიტის დასასრულს მასპინძელი ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა G7-ის წლევანდელი სესია „სტრატეგიული გამოღვიძების მომენტად“ შეაფასა და გამოკვეთილად აღნიშნა ის ფაქტი, რომ მიმდინარე მოლაპარაკებებისას მიღებული გადაწყვეტილებები G7-ის სრული, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის მხარდაჭერით იქნა მიღებული.

„ჩვენ, დიდი შვიდეულის ლიდერები, ვუცხადებთ უკრაინას ერთსულოვან მხარდაჭერას ქვეყნის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ერთიანობის დაცვისთვის. ამ ახალი იმპულსის მხარდასაჭერად და დასაჩქარებლად შევთანხმდით უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის დამატებითი, სხვა ტიპის სისტემების, გამანადგურებლებისა და შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების მიწოდებაზე“, — ნათქვამია ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, ბლოკი, რომელიც მოიცავს კანადას, საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, იაპონიას, გაერთიანებულ სამეფოს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, ვალდებულებას იღებს, განიხილოს უკრაინისთვის ლიცენზიების მინიჭების საკითხი, რაც ომში მყოფ ქვეყანას შიდა სამხედრო წარმოების გაზრდის საშუალებას მისცემს.

დიდი შვიდეულის ლიდერებმა, აშშ-სა და ირანს შორის ჰორმუზის სრუტის გახსნაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ, არც რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე სანქციების გამკაცრების შესაძლებლობა გამორიცხეს.

„ვიღებთ ვალდებულებას, გავზარდოთ ზეწოლა რუსეთის სამხედრო ეკონომიკაზე. მათ შორის, ამავე კონტექსტში, განიხილება სანქციების გაფართოება ნავთობისა და ბუნებრივი აირის სექტორებში. მიგვაჩნია, რომ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ პრეზიდენტ ტრამპის მიერ შეთანხმების მიღწევის შემდგომ ეს სწორად შერჩეული დროა დამატებითი ზომების მისაღებად“, — აღნიშნულია G7-ის განცხადებაში.

აქვე საინტერესოა, რომ G7-ის ქვეყნებიდან ერთადერთი, რომელმაც პირდაპირ განაცხადა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაზე, გაერთიანებული სამეფო იყო. პრემიერმა კირ სტარმერმა სანქციების ახალი პაკეტი დააანონსა, რომელიც რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ იქნება მიმართული და ასევე იმ ფინანსური ქსელების, რომელთა მეშვეობითაც მოსკოვი დასავლური სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობს. თუმცა საკმაოდ მკაცრი იყო გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც, რომლის თქმითაც, რუსეთისადმი G7-ის გზავნილი მკაფიოა და „დიდი შვიდეულის ყველა პარტნიორი ქვეყანა გაზრდის მოსკოვზე ზეწოლას, მათ შორის სანქციების გზით“.

დიდი შვიდეულის მოლაპარაკებების ბოლო დღეს მთავარ განსახილველ თემად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაც იქცა, რომლითაც სამიტზე შეკრებილ ლიდერებს მიმართა: „მე ბოსი ვარ“. ამის შემდგომ კი კიდევ ერთხელ ჟურნალისტებთან გაიმეორა თავისივე ნარატივი ომების დასრულების შესახებ: „მე რვა ომი დავასრულე. რუსეთი შეთანხმებაზე უნდა წამოვიდეს. ეს [უკრაინის ომი] იყო ის, რისი მოგვარებაც ყველაზე მარტივად მიმაჩნდა“.

G7-ის სამიტზე მიღებულ დაპირებებს გამოეხმაურა თავად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც და იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი, რაზეც ლიდერები სამიტზე შეთანხმდნენ, განხორციელდება. ზელენსკის ინფორმაციითვე, მან G7-ის წევრებისგან მნიშვნელოვანი დაპირებები მიიღო, რომლებიც მოიცავს როგორც საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდებას (მათი შიდა წარმოების ლიცენზიებთან ერთად), ასევე ზამთრისთვის ახალ მხარდაჭერის პაკეტსა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას. „რაც მთავარია, აშშ მზად არის, მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას“, — დაწერა მან X-ზე.

მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი სამიტის დღის წესრიგი თითქმის სრულად უკრაინის საკითხს ეხებოდა, G7-ის ლიდერების ყურადღების მიღმა არც ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება დარჩენილა. „დიდი შვიდეული“ მიესალმა აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა კი მხარეებს საზღვაო მიმოსვლის აღდგენაში დახმარებაც აღუთქვეს. „კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სატრანზიტო გადაადგილების უფლება შეზღუდვებისა და გადასახადების გარეშე საერთაშორისო ვაჭრობის საფუძველია“, – ნათქვამია G7-ის განცხადებაში.

მოგვიანებით, ვერსალში გამართულ ვახშამზე, ტრამპმა ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ხელი მოაწერა. შეთანხმებაზე ხელმოწერის პროცესს ესწრებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „შეთანხმება გზას უხსნის ხანგრძლივ მშვიდობასა და უზრუნველყოფს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესაძლებლობას“. „ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი თანამემამულეებისთვის, რაც მალე ენერგიაზე ფასების კლებაშიც გამოიხატება“, – ვკითხულობთ მაკრონის გამოქვეყნებულ ტექსტში.

პარალელურად, G7-ის ლიდერები ლიბანში დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნითაც გამოვიდნენ და ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ლიბანის ხელისუფლებას ხელს შეუწყობს, „მიაღწიოს წარმატებას „ჰეზბოლას“ განიარაღებისა და იარაღზე მონოპოლიის მოპოვების საქმეში, ასევე, დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებით“. იქვე, განსაკუთრებით საინტერესო იყო ტრამპის კრიტიკაც თავისი მრავალწლიანი პარტნიორის, ისრაელის მიმართ. ტრამპის თქმით, ისრაელს შეეძლო უკეთესად ემოქმედა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ და არც ის გამორიცხა, რომ სირია შესაძლოა უკეთ გაუმკლავდეს ირანის მარიონეტულ ძალებს, თანაც ნაკლები სამოქალაქო მსხვერპლით.

წმინდად პოლიტიკური საკითხების მიღმა, G7-ის სამიტის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტი იყო. G7-ის ლიდერებს ოთხშაბათს, ოფიციალურ სადილზე, Anthropic-ის, OpenAI-ისა და სხვა წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების გენერალური დირექტორები შეუერთდნენ და, რისკების შეზღუდვის პარალელურად, AI-ის დანერგვის შესაძლებლობები განიხილეს.

დისკუსიებზე იგრძნობოდა აშშ-ის ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებების გავლენაც – მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის Anthropic-ის ყველაზე მძლავრ მოდელებზე წვდომის დაბლოკვა. დამატებით, განცალკევებით, ხაზგასმით აღინიშნა ის რისკები, რომლებიც სასაუბრო ჩატბოტებთან და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ხელოვნურად შექმნილ კონტენტთანაა დაკავშირებული.

G7-ის წევრები და პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ციფრული სერვისების დიზაინის შექმნისას პრიორიტეტი ბავშვთა უსაფრთხოებას უნდა მიანიჭონ. თუმცა კვლავ უთანხმოებაა იმის თაობაზე, არის თუ არა სოციალურ მედიაზე წვდომის აკრძალვა ამისთვის ყველაზე ეფექტიანი გზა.