ზავი, რომელიც არ ნიშნავს მშვიდობას

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, 18-წლიანი, ომის შემდეგ, 29 თებერვალს ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაფორმდა ზავი აშშ-სა და ტალიბების წარმომადგენლებს შორის.

ამ შეთანხმებას წინ უსწრებდა 1-კვირიანი “ძალადობის შემცირების” რეჟიმი, რაც გულისხმობდა ტალიბების მხრიდან ამ ხნის განმავლობაში სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისგან თავის შეკავებას. მოლაპარაკებების პროცესი ნამდვილად არ იყო  მარტივი. თითქმის შეთანხმებამდე მიყვანილი საქმე რამდენჯერმე ჩავარდა (ხან ტალიბები ტოვებდნენ მოლაპარაკბებს და ხან აშშ-ს პრეზიდენტი წყვეტდა მისთვის დამახასიათებლად ხისტად მომლაპარაკებლების მიერ დიდი რუდუნებით გაბმულ ძაფებს), თუმცა ამერიკული მხარის, განსაკუთრებით კი აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ავღანური წარმომავლობის უმაღლესი სინჯის ამერიკელი დიპლომატის ზალმაი ჰალილზადის ძალისხმევით შეთანხმება მაინც შედგა (ნამდვილი სოულ ბერენსონი თუ გაინტერესებთ, იცნობდეთ ზალმაი ჰალილზადს. სერიალი “სამშობლო” უნდა იცნობდეს თავის გმირებს).

რას გულისხმობს საზავო შეთანხმება? რა ვალდებულებები აიღეს მხარეებმა? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულება უხვად არის დატვირთული ძალიან სერიოზული დათქმებით. კერძოდ, იმისათვის, რომ ამერიკელებმა ავღანეთი დატოვონ, ტალიბები ვალდებულები არიან: 1) ავღანეთის ხელისუფლებასთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად 10 მარტს დაიწყონ მოლაპარაკებები ეროვნული თანხმობის, გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის თაობაზე, რომლის მიღწევის შემთხვევაში ტალიბებისთვის ავღანეთის მთავრობაში მინისტრების პოსტებიც არის ნავარაუდევი; 2) ტალიბებმა, ავღანეთის შეირაღებულ ძალებთან, ამერიკულ, ბრიტანულ და ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში ჩართული ქვეყნების სამხედრო დანაყოფებთან ერთად უნდა მიიღონ აქტიური მონაწილეობა ალ ქაედასა და ისლამური სახელმწიფო/დაეშის ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.  ამ პირობების შესრულების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას 135 დღის განმავლობაში გაიყვანოს ავღანეთში დისლოცირებული 13-ათასიანი კონტიგენტის მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით 5 ათასი სამხედრო), ხოლო საბოლოო მშვიდობის დამყარების შემთხვევაში დარჩენილი 8000 სამხედროც დაბრუნდება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ტალიბებთან ომის დამთავრებისა და ავღანეთიდან კონტიგენტის გაყვანის პირობა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს დადო. ასე რომ, მეორე ვადით არჩევის თვალსაზრისით, ათასობით ამერიკელი სამხედროს სახლში დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანი ქულა იქნება დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ყულაბაში.

აშშ-ს პრეზიდენტის და მისი გუნდის ოპტიმიზმს ავღანეთში ნანატრი მშვიდობის დამყარების თაობაზე არ იზიარებენ არც მისი ოპონენტები და კრიტიკოსები და არც ექსპერტები. ისინი მიიჩნევენ, რომ დონალდ ტრამპს წინასაარჩევნოდ სჭირდებოდა ტალიბებთან დაზავება, თორემ რეალურად ავღანეთში მშვიდობას დადგომა არ უწერია. ისინი თავის სკეპტიკურ დამოკიდებულებას ამყარებენ ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებით, რომელიც ამერიკელებმა აიღეს საზავო შეთანხმებით: ავღანეთის ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს 5 ათასი ტალიბი მეომარი, რის სანაცვლოდაც ტალიბები გაუშვებენ 1 ათას ავღანელ სამხედროს.

მათი კრიტიკის ცეცხლზე ნავთი ტალიბების მიერ სოციალურ ქსელებში ატეხილმა გამარჯვების ჟრიამულმა დაასხა. “ჩვენ გავიმარჯვეთ”, “ეს ჩვენი მოგებაა” - ასეთი სტატუსები ხშირად შეგხვდებოდათ გუშინ ტალიბების ფეისბუქ და ტვიტ ანგარიშებზე.

დონალდ ტრამპის ოპონენტებზე უფრო მეტად რიგითი ავღანელები შიშობენ, რომ ტალიბები ჯერ შევლენ მთავრობაში, შემდეგ კი ხელში ჩაიგდებენ მთელ ხელისუფლებას და კვლავ აღადგენენ თავის ფუნდამენტალისტურ მმართველობას.

რაც შეეხება ავღანეთის ხელისუფლებას, მას ტალიბებთან მოლაპარაკების გარეშეც არ აკლია პრობლემები. საარჩევნო კომისიამ რამდენიმეთვიანი დავის და ხელმეორედ გადათვლის პროცესის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად სცნო მოქმედი პრეზიდენტი აშრაფ ღანი, რასაც კატეგორიულად არ დაეთანხმა მისი მთავარი კონკურენტი, ავღანეთის ხელისუფლების აღმასრულებელი მმართველი აბდულა აბდულა. მან განაცხადა, რომ არ აღიარებს აშრაფ ღანის გამარჯვებას, არ დაემორჩილება მის ხელისუფლებას და თავად შექმნის პარალელურ მთავრობას.

როგორ განიმუხტება საბოლოოდ სიტუაცია, ჯერჯერობით უცნობია. ცხადია, ამერიკული მხარე აქაც სერიოზულად არის ჩართული ვითარების განმუხტვაში. მათ თხოვნით მიმართეს ავღანეთის პრეზიდენტს, გადაედო საპრეზიდენტო ინაუგურაცია, რათა თავიდან აეცილებინათ მასობრივი მღელვარებები მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმების წინ. აშრაფ ღანიმ მათი თხოვნა გაითვალისწინა და მარტისთვის გადადო ინაუგურაცია.

ზუსტად იმ მომენტში, როდესაც დოჰაში შეთანხმების ხელმოსაწერად იკრიბებოდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ზალმაი ჰალილზადი, აშშ- დელეგაციის სხვა წევრები და ტალიბების წარმომადგენლები, ქაბულში იმყოფებოდნენ აშშ-ს თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. მათ მაღალი შეფასება მისცეს მიღწეულ შეთანხმებას და იმედი გამოთქვეს, რომ ტალიბანი აქტიურად ჩაერთვება აისის-ისა და ალქაედას წინააღმდეგ ბრძოლაში.

გულწრფელად გითხრათ, ავღანელების არ იყოს, მეც ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ ტალიბანი  გაკეთილშობილდება, გარდაიქმნება და სახელმწიფო აზროვნებით განიმსჭვალება არამხოლოდ გრძელვადიანად, არამედ თუნდაც პირველი 135 დღის განმავლობაში და შემდეგი პერიოდშიც ეყოფა მოთმინება და არ დაუბრუნდება “ძველ ხელობას”.

ავღანეთის მშვიდობიან მოქალაქეებს ყველა საფუძველი აქვთ არ სჯეროდეთ ტალიბების გარდასახვის და მიუთუმეტეს ეშინოდეთ ხელისუფლებაში დაბრუნების. 18 წლის მანძილზეც კი, ანუ მას შემდეგ, რაც  ავღანეთის ჩრდილოური ალიანსის მებრძოლებმა აჰმად შაჰ მასუდის ლიდერობით და ამერიკელების სერიოზული მხარდაჭერით  ტალიბების ხელისუფლება გადააგდეს, ტალიბებმა ათობით ათასი მშვიდობიანი ავღანელი და სამხედრო მოსამსახურე მოკლეს. ამასთან, მთელ რიგ რეგიონებს პრაქტიკულად ტალიბები აკონტროლებდნენ და სასტიკად ექცეოდნენ ყველას, ვინც მათ არ აღიარებდა და არ ემორჩილებოდა.

ასეა თუ ისე, შეთანხმება გაფორმდა. თუ მოხდა სასწაული და თუნდაც 135 დღის მანძილზე ტალიბები უარს იტყვიან ძალადობაზე, რის შემდეგაც ამერიკელი სამხედროები დაიწყებენ სახლში დაბრუნებას, ავღანეთის პრეზიდენტის რა მოგახსენოთ, მაგრამ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ნამდვილად სერიოზულ მოგებაში დარჩება.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ ვილოცოთ ჩვენი საამაყო სამხედრო მოსამსახურეების მშვიდობით დაბრუნებისთვის და ვნახოთ “სამშობლო”-ს შემდეგ სერიებში მოვლენები როგორ განვითარდება.

წინა სტატია

როგორ გამდიდრდა კომპანია “ფორდ მოტორ კომპანი”?
28 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

ბაყაყი უნდა ამოხტეს
02 მარტი, 2020
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Coronaეკონომიკა
სტრატეგიები | აპრ, 06, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker