"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ავი 2022! ავე 2023?!

პეტრ2 (3)

არ იყო რთული გამოსაცნობი 2021 წლის ბოლოს, რომ 2022 მძიმე წელი იქნებოდა. გამოგიტყდებით და, გულის სიღრმეში იოტისოდენა იმედის ნაპერწკალი მაინც არ ქრებოდა. ვფიქრობდი, ასეც არ გადამდგარა ამ რუსეთში ყველა ერთად ჭკუიდან-მეთქი. სამწუხაროდ, ჩემი იმედები არ გამართლდა.

ასევე არ გამართლდა დემოკრატიული სამყაროს ცალკეული ლიდერების მოლოდინიც. ჯერ ერთი, ეგონათ, რომ პუტინს ამ ახირებაზე ხელს ააღებინებდნენ და, შესაბამისად, აგრეთვე არ მოელოდნენ, რომ რუსეთის მმართველი ასეთ ავანტიურაზე წავიდოდა! კაცმა რომ თქვას, პუტინს საომრად ნამდვილად არ ჰქონდა საქმე – გაზისა და ნავთობის ფასები რაკეტის სისწრაფით მიქროდა კოსმოსში, მის საყვარელ იარაღზე – ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენზე შეზღუდვები მოხსნილი იყო და მზად იყო სერტიფიცირების და შემდგომი ექსპლუატაციისთვის, უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღებას არავინ გეგმავდა და, მით უმეტეს, კრემლზე სარაკეტო იერიშის მიტანას მეზობელი ევროპული ქვეყნების ტერიტორიებიდან არავინ ფიქრობდა. აგრეთვე, ნატოს წევრ ქვეყნებს შორისაც არ იყო ალიანსის საუკეთესო წლების ერთსულოვნება, რაც ნატოს ძალების ავღანეთიდან ქაოსურმა გამოსვლამაც კიდევ ერთხელ ცხადყო.

არსებობს სპეკულაციები, რომ სწორედ ზემოჩამოთვლილმა გარემოებებმა, აგრეთვე, მისივე სადაზვერვო სამსახურების მიერ მიწოდებულმა ანგარიშებმა უკრაინაში შექმნილი ხელსაყრელი ნიადაგის შესახებ, დაბოლოს, დემოკრატიულ სამყაროში ლიდერებს შორის მომხდარმა ცვლილებებმა მიაღებინა გადაწყვეტილება, რომელმაც 2022 წელი მთელი სამყაროსთვის თავდაყირა დააყენა. კონსპირაციების თეორიების რა გითხრათ, მაგრამ ავად ცნობილმა ეფ-ეს-ბემ (ფედერალური დაზვერვის სამსახური) და ეს-ვე-ერმა (საგარეო დაზვერვის სამსახური) რომ ტორტის მსხვილი ნაჭრები შეახრამუნეს მოსაქრთამად გამოყოფილი სახსრებიდან, ფაქტია. სამხედროების კორუფციასთან მასშტაბებით ალბათ ახლოსაც ვერ მივლენ დროისა და გამოყოფილი თანხების გათვალისწინებით, მაგრამ მათი „აპეტიტები“ აშკარად შთამბეჭდავი და, რაც მთავარია, პუტინის რეჟიმისთვის საბოლოო ჯამში დამღუპველი აღმოჩნდება.

„სამ დღეში კიევს ავიღებთ“ – ამაში დარწმუნებული იყო თავად პუტინიც და მისი უახლოესი გარემოცვაც, კერძოდ, პუტინის უახლოესი თანამოაზრე, მილიარდერი ოლიგარქი კოვალჩუკი, უშიშროების საბჭოს მდივანი პატრუშევი და თავდაცვის მინისტრი შოიგუ. ასე ფიქრობდნენ დასავლეთშიც; ყველა არა, მაგრამ მთავრობების უმეტესობას ასე ეგონა, ამისთვის ემზადებოდა და შესაბამისი განვითარების გეგმებს სახავდა.

ასე არ ფიქრობდა უკრაინელი ხალხი. ასე არ ფიქრობდა უკრაინის შეიარაღებული ძალები; ასე არ ფიქრობდნენ წლის ადამიანი პრეზიდენტი ზელენსკი, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მხედართმთავარი ზალუჟნი, უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა, რომ ომის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან, ერმაკთან ერთად ვაშინგტონში იმყოფებოდა ვიზიტით, სადაც ერთ-ერთმა მაღალი დონის ოფიციალურმა პირმა პირდაპირ უთხრა: „დაიწყეთ სანგრების თხრა. ჩვენ არც ისე ბევრი დრო გვაქვს“!

ასეა თუ ისე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სისხლისღვრა 24 თებერვალს წამოიწყო რუსეთმა. უკრაინელი ხალხის სასწაულმა გმირობამ, უკრაინის შეიარაღებული ძალების და მოხალისე მეომრების (მეამაყება ჩემი ქართველების – ნამდვილი გმირების, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ და ღრმად სწამთ, რომ იბრძვიან არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს თავისუფლებისთვისაც) თავგანწირულმა ბრძოლამ მთელი მსოფლიო, მართლაც რომ, გააოცა.

ცხადია, საერთაშორისო თანადგომის გარეშე უკრაინელების გასაოცარი გმირობა თითქმის წელიწადს ვერ გასტანდა და ქვეყანა ვერც 24 თებერვლის შემდეგ მიტაცებული ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს დაიბრუნებდა. ომის დაწყებამდე სიხარულით ვხვდებოდით ინფორმაციებს, რომ უკრაინამ აშშ-ისგან მიიღო ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება „ჯაველინი“ და მიდის მოლაპარაკებები „სტინგერის“ შესყიდვა/გადაცემაზე. დღეს უკრაინას მიღებული აქვს არათუ „სტინგერები“, არამედ გერმანული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „ირის თ“, ამერიკული „ნასამსი“ და „ჰაიმარსი“, ფრანგული „არტილერიის ღმერთი“ – „ცეზარი“, ბრიტანული „ექსკალიბური“, მოდერნიზებული ტანკები, ჯავშანმანქანები და კიდევ ბევრი რამ ნატოს საუკეთესო შეიარაღებიდან. წლის ბოლოს, მაგრამ არა მნიშვნელობით ბოლოს, აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის ერთი ბატარეა „პატრიოტის“ სისტემის გადაცემაზე. მაქვს მოლოდინი, რომ მალე დადგება დრო, როდესაც ნატო-ს წევრი ქვეყნები გადასცემენ უკრაინას ავიაციას, ტანკებს, აგრეთვე, 300-კილომეტრიანი სიშორის რაკეტებს –  „ატაკამსს“ და დამატებით ჰაუბიცებს. მაქვს მოლოდინი, იმიტომ რომ ამ ომის სწრაფად (მაქსიმუმ 2023 წლის ბოლოს) და უკრაინის გამარჯვებით დასრულება სჭირდება არა მხოლოდ უკრაინას და უკრაინელ ხალხს; სხვათა შორის – არც მხოლოდ დემოკრატიულ სამყაროს. მსოფლიო მართლაც რომ შეიცვალა; კიდევ უფრო მეტად შეიცვალა, ვიდრე პანდემიის დროს.

ვაჭრობა, ტვირთბრუნვა, ციფრული სამყაროს ლოკაციები, საფინანსო და სატრანსპორტო კომუნიკაციები, ინდუსტრიული და სავაჭრო ცენტრები, ტურისტული ნაკადები – ყველაფერი შეიცვალა. არაფერი აღარ არის ისე, როგორც 24 თებერვლამდე იყო. აღარც ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზეა საუბარი და აღარც ჩრდილოეთის ნაკადი 1 ფუნქციონირებს; ნავთობის ფასებზე დემოკრატიულმა სამყარომ ემბარგოც დააწესა და მის გადაზიდვაზე სატრანსპორტო და სადაზღვევო კომპანიებისთვის ზედა ზღვრის – ბარელზე 60 დოლარის დაფიქსირებაზე შეთანხმდა; რუსი ოლიგარქებისა და მაღალჩინოსნების ფინანსური და უძრავ/მოძრავი ქონება დააყადაღა და რუსეთის სახელმწიფოს სავალუტო და ოქროს რეზერვები (300 მილიარდი დოლარის მოცულობის) დაბლოკა. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება სანქცირებული ოლიგარქების და მაღალჩინოსნებისთვის სანქცირებული ათეულობით მილიარდის უკრაინისთვის გადაცემის საკითხი. დემოკრატიულმა სამყარომ სავიზო რეჟიმი დააწესა, გაამკაცრა, ხოლო ვიზიტად ჩასვლა აკრძალა ევროპის ქვეყნების მნიშვნელოვანმა ნაწილმა; ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთი გამოაცხადა ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა.

რუსეთთან ვაჭრობას ჩინელი ტრეიდერებიც კი ფრთხილობენ, ხოლო ფინანსურ ურთიერთობებს – ჩინური ბანკები. ეს, რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ჩინეთი ერთსულოვანია დემოკრატიული სამყაროს ძალისხმევაში, ის არც სანქციებს შეერთებია და არც გაეროს რეზოლუციებს, მაგრამ… ჩინეთიც კი ფრთხილობს –  რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით მიუღებლობაზე პოზიცია ღიად პირადად პრეზიდენტმა სი ძინ პინმა დააფიქსირა და, ბოლოს, ტაივანის „ნებისმიერი საშუალებით შემოერთებაზე“ აშკარად დაფიქრდა და მოთმინება  ამჯობინა. ცხადია, რუსეთთან დაკავშირებით ჩინეთი თავის მომენტს დაელოდება და ომის შედეგების შეძლებისდაგვარად თავის სასარგებლოდ გამოყენებას შეეცდება, მაგრამ რაც შეეხება ტაივანს, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, მესამედ არჩეული, შენელებული ეკონომიკის მქონე ჩინეთის პრეზიდენტი სი ძალიან ბევრჯერ დაფიქრდება და დემოკრატიული სამყაროს მიერ უკრაინისთვის გამოხატული სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური თანადგომა გაახსენდება.

ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან განსხვავებით, რომელსაც პანდემიის ვირუსი ბუმერანგივით დაუბრუნდა, ირანის ისლამური რესპუბლიკის მმართველ აიათოლებს ქვეყნის შიგნით ვითარება ძალიან დაეძაბათ. ისედაც უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში მყოფმა რელიგიურმა ხელმძღვანელობამ, როგორც ჩანს, რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობაზე და შესაბამისი ეკონომიკური სარგებლის მიღებაზე უარის თქმა ვერ შეძლო. საინტერესოა, გარდა ფინანსური სარგებლისა, კიდევ რის სანაცვლოდ ვერ თქვა უარი ირანმა „შაჰიდი“ დრონების რუსეთისთვის მიწოდებაზე? მათთვის ყველაზე მაღალი ფასი ბირთვულ ტექნოლოგიებს აქვს. შესაძლოა, რუსული საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზეც იყოს საუბარი. ცხადია, ბელარუსის დე-ფაქტო მმართველ, „პუტინის თანააგრესორ“ ლუკაშენკოსთან და ჩრდილოკორეელ დიქტატორ კიმ ჩენ ინთან და სირიელ, საკუთარი ხალხის მკვლელ ასადთან ერთად, აიათოლების რეჟიმი სერიოზულ უმცირესობაში აღმოჩნდა. მას ისტორია დაახლოებით ასე გაიხსენებს – „გაუმართლებელი და გამოცხადების გარეშე დაწყებული ომის დროს ირანი რუსეთს აწვდიდა უპილოტო საფრენ აპარატებს, რაკეტებს და სამხედრო აღჭურვილობას“! ირანულმა „შაჰიდებმა“ და „მოჰაჯირებმა“, ცხადია, უკრაინას პრობლემები შეუქმნა. სწორედ ირანული დრონების „დამსახურებით“, ახლაც, ამ შედარებით რბილ ზამთარში, მილიონობით უკრაინელი შუქის და გათბობის გარეშეა დარჩენილი, მაგრამ უკრაინელი ხალხის სიმტკიცეს, სიმამაცეს და ერთსულოვნებას არათუ ირანული დრონები დააკლებს რამეს, არამედ პირიქით, ნებისმიერი აგრესიის გამოვლინება მათ უფრო მეტად განამტკიცებს, გააძლიერებს და საბოლოო ჯამში გაამარჯვებინებს.

ახლო აღმოსავლეთში წლის ბოლოს კიდევ ერთი დიდი ცვლილება მოხდა – „ქინგ ბიბი“ ბენიამინ ნეთანიაჰუ დაბრუნდა; თანაც დაბრუნდა ულტრამემარჯვენე ძალებთან კოალიციაში. ირანელი აიათოლების სანუკვარი ოცნების ასრულებას – ატომური ბომბის „ხელში დაჭერას“ თუ ვინმე ხელს შეუშლის, პირველ რიგში ეს ისრაელის უკვე მოქმედი პრემიერი ნეთანიაჰუა. ცხადია, რუსეთთან მოლაპარაკებების კუთხით, ნეთანიაჰუ თავისი ქვეყნის წმინდა პრაგმატულ ინტერესებს ყველაფერზე მაღლა დააყენებს, მაგრამ ამ მიზნებისთვის ურთიერთობების გაფუჭებას და ტერორისტების „გუნდში“ თავის ამოყოფას არცერთი დემოკრატიულად არჩეული ლიდერი, მათ შორის არც პრემიერი ნეთანიაჰუ გარისკავს. ვნახოთ, რას, როდის და როგორ მოიმოქმედებს პრემიერი ნეთანიაჰუ!

თურქეთმა, უფრო ზუსტად მისმა პრეზიდენტმა ერდოღანმა, თამამად შეიძლება ითქვას, 24 თებერვლიდან მოყოლებული, იყოჩაღა. მართალია, არც სანქციებს შეუერთდა, არც რუსი ტურისტების თავის ქვეყანაში შესვლა აკრძალა, მაგრამ „უკრაინული ხორბლის დერეფანიც“ უზრუნველყო და რუსეთისთვის ყველაზე საძულველი  „აზოვსტალის“ მცველების მეთაურების გაცვლაზე პუტინი დაითანხმა და ახლაც თავისთან ჰყავს დროებით სტუმრად. ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე საბოლოო სიტყვაც, სწორედ რომ, თურქეთზეა. ამ ყველაფერს როგორ „გაყიდის“ პრეზიდენტი ერდოღანი 2023 წლის ივნისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის, რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: თურქეთის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნისა და საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება უკვე შეძლო. თუმცა შესაძლოა, ყველაფერი წინ იყოს!

დედოფალი წავიდა – მეფეს გაუმარჯოს! ბორის ჯონსონი წავიდა – ლიზ ტრასი მოვიდა/წავიდა – რიში სუნაკი მოვიდა! დემოკრატიის ფუძემდებლებს გაუმარჯოს! უკრაინას არ დააჩაგვრინებენ ბოროტს! არც თავს დაიჩაგრავს ნისლიანი ალბიონი!

აშშ-ში შუალედური არჩევნების შედეგად სენატზე კონტროლი დემოკრატების ხელში დარჩა, ხოლო კონგრესის მართვა დემოკრატებისგან რესპუბლიკელებში გადავიდა. ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთვის, მისთვის ჩვეულ, ყოველდღიურ ტანსაცმელში გამოწყობილს, მქუხარე ოვაციების თანხლებით კონგრესისთვის ბახმუტში სამხედროების მიერ ხელმოწერილი უკრაინული დროშა გადაეცა კონგრესის წარმავალი სპიკერის, დემოკრატი ნენსი პელოსისთვის და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისისთვის. ფეხზე დამდგარი კონგრესმენების ოვაციების კასკადი – ეს დარჩება ისტორიას. უინსტონ ჩერჩილის 1941 წლის 26 დეკემბრის გამოსვლასთან რომ პარალელს ავლებენ ისტორიკოსები, პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები, უკვე დიდი საქმეა!

მე არ ვიცი, კონკრეტულად როგორ, როდის და ვინ დაეხმარება მომავალ წელს უკრაინას პუტინის დანაშაულებრივ ბოროტებასთან ბრძოლაში, მაგრამ ერთ რამეს კი გისურვებთ:

2023 წელს უკრაინა გაიმარჯვებს – დემოკრატიული სამყარო გაიმარჯვებს – პუტინის დანაშაულებრივი სინდიკატი დამარცხდება, საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგება და მათთან ერთად რუსი ხალხიც უმკაცრესად დაისჯება!

გააზიარე