"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, მარკეტინგის მკვლევარი. დავიბადე 1986 წლის 27 აგვისტოს"

დი მეინ ფრაიორითი ოფ ჯორჯია

დი მეინ ფრაიორითი ოფ ჯორჯია

“ინგლისური? ვის სჭირდება ის? მე არ ვაპირებ ინგლისში წასვლას” – ჰომერ სიმფსონი.

1977 წელს ნიუ იორკის მუნიციპალიტეტის დაკვეთით იწყება მარკეტინგული კამპანია, სახელწოდებით “მე მიყვარს ნიუ იორკი’’. იქმნება ბრენდინგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ცნობადი, საყვარელი ბრენდული ქალაქი – ნიუ იორკი და პოპ კულტურის ერთე-ერთი საუკეთესო ნიმუში – ლოგო “INY”.

ბრენდინგის როლი ქალაქების, ქვეყნების პოზიციონირებისას უმნიშვნელოვანესია. რა არის ბრენდი? ბრენდი არის ნიშანი, სიმბოლო, ემოცია რომელიც რაიმე ორგანიზაციასთან, იდეასთან, ადგილთან აკავშირებს ადამიანს. რა ბრენდია საქართველო? რამდენიმე წლის წინ დაწყებული კამპანიის ფარგლებში – “ესტუმრე საქართველოს’’ – შექმნილი ვიდეო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა. რეკლამაში ჩანს ის ლამაზი და უნიკალური ადგილები, რომლითაც ქვეყანას სურს პოზიციონირება, თუმცა “ქართული’’ ბრენდი საინტერესოა არა მხოლოდ მოგზაურობის მოყვარული ტურისტებისთვის, არამედ ინვესტორებისთვის, ექსპერტებისთვის, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს და შეფასებებს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ჟურნალ-გაზეთებში წერენ, სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომლებსაც ქვეყანაში არსებული ორგანიზაციები გამალებით ეძებენ და ჩვენთვის, საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის, რომელთა დიდი ნაწილი, უკეთესის მოლოდინით, ძლიერ და “ბრენდულ’’ ქვეყნებში სამუდამოდ ემიგრირებენ.

მოწესრიგებული გერმანია, გემრიელი იტალია, რომანტიკული საფრანგეთი, თანამედროვე იაპონია – ეს ის ბრენდებია რომელიც წლების, საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა. ქვეყნებში მიმდინარე ყველა პროცესის ერთობლიობა ქმნის ბრენდს, ხალხის წარმოადგენას ამ ქვეყანასა და მასში მცხოვრებ ხალხზე. ეს ბრენდი კი თავის მხრივ ქმნის ახალ შესაძლებლობებს – მზარდ ტურისტულ ნაკადებს, მომგებიან ინვესტიციებს, ახალ პარტნიორებს და ა.შ.

დავუბრუნდეთ შეკითხვას: რა ბრენდია საქართველო?

პოტენციურად, საქართველო ხარისხიანი პროდუქტის მწარმოებელი ბრენდია: ღვინო, მინერალური წყლები, უნიკალური კურორტები – მაღალი ხარისხის ერთგვარი ექსკლუზივი, რომელსაც მცირე ოდენობით ვფლობთ პოზიციონირებისთვის ძლიერი ინსტრუმენტია.

ახლახან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს წამომადგენლის მიერ გაკეთებული მოხსენება, სოციალურ მედიაში ყველაზე ხშირად ნახვადი და გაზიარებადი ვიდეო გახდა. ჩემს კომპეტენციაში არ შედის მოხსენების შინაარსის ანალიზი, ამასთან დაკავშირებით შეფასებები უკვე მოვისმინეთ ექსპერტებისგან, თუმცა მოდით დავფიქრდეთ, რა პოზიციაშია საქართველოს ბრენდი, როდესაც მისი სახელით კეთდება ასეთი გამოსვლა: გაუმართავი და შეუფერებლად ნელი მეტყველება, პრეზენტაციის არათავდაჯერებული მანერა, სრულად წაკითხული ტექსტი და სხვა მრავალი ხარვეზი – რა აგური დაიდო იმ დიდ მშენებლობაში რასაც საქართველოს ბრენდი ჰქვია? ნუთუ ეს არის  ხარისხის ის ნიშანი, რითიც საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანი ვაპირებთ თავი მოვიწონოთ? ეს ის გამოსვლა არის, რომელიც სიამაყის გრძნობით აგვავსებს?

წარმოიდგინეთ დიდ ხანს ნანატრი ახალი iPhone 6-ის პრეზენტაციის დღე, როდესაც Apple-ის წარმომადგენელი, ფურცლებით ხელში, გაუმართავი ლექსიკით, ძალიან ნელა, თითქოს შეშინებულიც კი, მსმენელს უხსნის ახალი პროდუქტის უპირატესობებს, თანაც ისე, რომ მათ არც კი უყურებს. წარმოიდგინეთ? ვერც მე, ვინაიდან ეს არასოდეს მოხდება. Apple – ის ბრენდია, რომელიც ამ შეცდომას არასოდეს დაუშვებს. ეს ის ბრენდია, რომლისთვისაც მომხმარებლის განწყობა და მისი ემოცია პროდუქტის მახასიათებლებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ის მსოფლიოში საუკეთესოა.

დასკვნები თავად გააკეთეთ.

დასასრულს კი Apple-ის დამფუძნებლის, გენიალური ბრენდის შემქმნელის სიტყვებს გავიხსენებ: “მას, ვინც იცის რის შესახებ საუბრობს, არ სჭირდება Power Point’” – სტივ ჯობსი.

გააზიარე