"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ისრაელი-არაბული სამყარო: 4-ში 4!

1741

ისრაელი-არაბული სამყარო: 4-ში 4!

14 დეკემბერს ელექტორალური კოლეჯი ოფიციალურად აირჩევს ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტს, ხოლო ინაუგურაციის დღემდე, რომელიც არსებული წესისამებრ 20 იანვარს გაიმართება, 1 თვეზე ოდნავ მეტი რჩება. თითქოს რაღაა, ოდენ 37 დღე თეთრ სახლში ახალი პრეზიდენტის ოფიციალურად შესვლამდე; თანაც, საშობაო არდადაგებიც ახლოვდება, ახალი წელიც მოდის. წესით დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საშობაო საჩუქრების შეძენით, პირადი ნივთების ჩალაგებითა და საქმეების გადაბარებით უნდა იყოს დაკავებული, მაგრამ…

რა გააჩერებს ჰიპერ აქტიურ დონალდ ტრამპს და მასზე არანაკლებ ენერგიულ ჯარედ კუშნერს, მის მთავარ მრჩეველს ახლო აღმოსავლეთის საკითხებში და იმავდროულად სიძეს?! არაბთა გაერთიანებული საემიროების და ბაჰრეინის მიერ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ჯერ სუდანმა მიიღო ანალოგიური გადაწყვეტილება, გასულ ხუთშაბათს კი მათ რიცხვს მაროკოს სამეფოც შეემატა. ამბობდა დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, კიდევ იქნება არაბული ქვეყნები, ვინც აღიარებს ისრაელს და დაიწყებს მასთან ურთიერთობასო. მის ოპონენტებს ან არ სჯეროდათ ან “ცალყბად“ მიესალმებოდნენ ყოველ ახალ ამბავს ისრაელი-არაბული სამყაროს ურთიერთობების პროგრესთან დაკავშირებით (ღიად ვერ გამოხატავდნენ, თორემ გულის სიღრმეში ალბათ არც უხაროდათ); სამაგიეროდ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კიდეც სჯეროდა და გულწრფელადაც უხაროდა; უხაროდა არამხოლოდ იმიტომ, რომ ისრაელის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმებოდა, არამედ მისი პირადი პოლიტიკური სტაბილურობისთვისაც ჰაერივით აუცილებელი პროცესები ვითარდებოდა.

ხანუქას დღესასწაულისთვის, რომელიც ხუთშაბათს, 10 დეკემბერს დაიწყო და 18 დეკემბრამდე გასტანს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მორიგი სასიხარულო ამბავი ელოდა. დონალდ ტრამპმა დანარჩენ მსოფლიოს ტვიტერის მეშვეობით ამცნო, რომ მაროკოს მეფე მოჰამედ მეექვსესთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმად მაროკოს სამეფო დაამყარებს ისრაელის სახელმწიფოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს. უკმაყოფილო არც მაროკოს მეფე დარჩენილა: დონალდ ტრამპმა იმავე ტვიტში დასავლეთ საჰარა მაროკოს ტერიტორიად ოფიციალურად სცნო. ეს მაროკოელი დიპლომატების და ლობისტების დიდი წარმატებაა, რომლებიც წლების მანძილზე ცდილობდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ მათი გამარჯვება აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა შესაძლებელი.

უნდა აღინიშნოს, რომ მაროკოსა და ისრაელს შორის  არაფორმალურ თანამშრომლობას, განსაკუთრებით უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის სფეროში ათწლეულების ისტორია აქვს. მაროკოს წინა მმართველის ჰასან მეორეს დროს ეს ურთიერთობები განსაკუთრებული დინამიურობით გამოირჩეოდა, თუმცა, დამოკიდებულება არც მისი გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის სათავეში მოსული მეფის ვაჟის, მოჰამედ მეექვსეს დროს შეცვლილა. მათი თანამშრომლობის ხარისხის განმსაზღვრელი იყო, არის და იქნება ირანი. მიუხედავად იმისა, რომ მაროკო ინარჩუნებს პრინციპულ პოზიციას პალესტინის ადმინისტრაციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რაც დაადასტურა კიდეც ოფიციალურმა რაბატმა საკუთარ განცხადებაში, ირანიდან მომავალი მზარდი საფრთხის განცდამ, როგორც ჩანს, მაინც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ცხადია, არ უნდა დაგვავიწყდეს დასავლეთ საჰარა, რომლის სტატუსთან დაკავშირებით ათწლეულების განმავლობაში ვერ იქნა მიღწეული პროგრესი. 1991 წელს გაერო-ს შუამავლობით მიღწეულ იქნა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ამ დრომდე გაერო-ს და ევროკავშირის მიერ დასავლეთ საჰარის სტატუსს წარმოადგენს “არა-თვით-მმართველი-ტერიტორია“. რაბატი აკონტროლებს დასავლეთ საჰარის ტერიტორიების დაახლოებით ¾-ს (მდიდარს ფოსფატის მარაგებით და ხელსაყრელს თევზჭერის თვალსაზრისით), დანარჩენს კი (მეტწილად უდაბნოს) საჰარავის ეთნიკური უმცირესობა. მათ ამ ბრძოლაში ხელმძღვანელობს პოლისარიოს ფრონტის სახელწოდებით ცნობილი ორგანიზაცია, რომელიც არის დევნილობაში და მისი შტაბ-ბინა იმყოფება ალჟირში. ეს უკანასკნელი საჰარავის ხალხს და მათ ბრძოლას ფინანსურადაც და პოლიტიკურადაც მხარს უჭერს. ალჟირის პრემიერ მინისტრმა მკაცრად გააკრიტიკა “უცხოური მანევრები დასავლეთ საჰარაში, რომლის უკანაც სიონისტური ერთეულის გაძლიერება იკვეთება“. ცხადია, დონალდ ტრამპის ეს გადაწყვეტილება დაგმო გაერო-ს უშიშროების საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა – რუსეთმა. მათი პოზიციის თანახმად, ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება და გაერო-ს ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებასთან სრულ წინააღმდეგობაში მოდის. რუსეთისგან განსხვავებით, ხუთშაბათს გახმიანებული გადაწყვეტილება დადებით ნაბიჯად შეფასდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის დომინიკ რააბის მიერ, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნების – ომანის, ბაჰრეინის, ეგვიპტისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მხრიდან.

ისრაელის არაბულ სამყაროსთან ურთიერთობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საუდის არაბეთის პოზიციას. მართალია, მათ აერთიანებთ მთავარი საერთო მტრის – ირანის წინააღმდეგ ბრძოლა, აგრეთვე, დონალდ ტრამპიც და მისი სიძე ჯარედ კუშნერიც ხშირად იმეორებენ, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება გარდაუვალია და მხოლოდ დროის ამბავია, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანი მაინც არ ჩქარობს ნეთანიაჰიუსთან რაიმე შეთანხმების მიღწევას. ყველამ იცის თავის ფასი. ემირატებმა 50 ფ-35-ის შესყიდვაზე თანხმობა მიიღეს, მაროკომ კი დასავლეთ საჰარის ტერიტორიების აღიარება. დარწმუნებული ვარ, საუდის არაბეთიც აუცილებლად მიიღებს მნიშვნელოვან სიკეთეებს ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებით.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა ხდება აშშ-ს პრეზიდენტად ჯო ბაიდენის დამტკიცების შემდეგ? ცხადია, მის წინაშე სხვა პირველი რიგის ამოცანები იქნება, დაწყებული არსებული უმძიმეს პანდემიური სიტუაციით და რთული ეკონომიკური ვითარებით, დასრულებული ქვეყანაში არსებული პოლარიზაციით. საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე ახალი ადმინისტრაციის წინაშე მთავარი პრიორიტეტები იქნება მოკავშირეებთან ურთიერთობების აწყობა, ჩინეთთან და რუსეთთან გამკლავება, პარიზის კლიმატის შეთანხმებაში დაბრუნება და ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან ხელახლა შეერთება. ამით იმის თქმა ნამდვილად არ მსურს, რომ ისრაელთან სტრატეგიული მოკავშირეობის მნიშვნელობა შემცირდება, მაგრამ რიგ საკითხებთან დაკავშირებით შესაძლოა ვიხილოთ ახალი ადმინისტრაციის განსხვავებული მიდგომები. ისრაელის არაბული სამყაროს ქვეყნებთან ახალი ურთიერთობები შეიძლება იყოს გამოწვევა ფართო რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში, მაგრამ შეიძლება იყოს უპირატესობაც მოლაპარაკებებში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკვე მიღწეული შეთანხმებები უკან წაიღოს ახალმა ადმინისტრაციამ, მაგრამ შესაძლოა მათი სრულფასოვანი ამოქმედების მხარდაჭერა აშშ-ს მხრიდან შესუსტდეს.

ასეა თუ ისე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევით ბოლო 4 თვეში უკვე 4-მა ქვეყანამ აღიარა ისრაელი, ინაუგურაციამდე კი 37 დღე რჩება. ვნახავთ, მე-5 თვეში კიდევ ერთი, მე-5 ქვეყანა თუ მოესწრება. 5-ში 5 მაგარი იქნებოდა!   

მშვიდობა გქონოდეთ!

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin