"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

პოლონური არჩევანი

პოლონური არჩევანი

ჩემთვის პირადად, პოლონეთი არის ერთ-ერთი იმ ქვეყნებს შორის, რომელიც განსაკუთრებულ ემოციებს, აღფრთოვანებას და გულწრფელ მხარდაჭერას იწვევს.

პოლონეთის ბრძოლა ფაშიზმის და კომუნიზმის წინააღმდეგ, ცივი ომის დასრულების და ვარშავის ბლოკის დაშლის შემდეგ მისი შეუქცევადი სვლა ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში მყარად დამკვიდრებისკენ, მთელი ქვეყნის დაუღალავი შრომა იმისათვის, რომ პოლონეთი იყოს ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ევროკავშირის შემადგენლობაში, ნამდვილად იმსახურებს უწყვეტ ოვაციებს. ჩვენი ქვეყნის მიმართ პოლონეთის დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად ღირსშესანიშნავია. დღესაც კი, როდესაც პოლონეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ნაკლებად თვალშისაცემია, პოლონეთი დაუღალავად აგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. კერძოდ, პოლონეთის სტრატეგიული უსაფრთხოების დოკუმენტში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაში მხარდაჭერა ერთ-ერთ პრიორიტეტად არის დასახელებული. რამდენიმე დღის წინ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიოტირიების ოკუპაციის საკითხი პოლონეთის პრეზიდენტმა თეთრ სახლში პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთანაც გაახმიანა. დიდ პატივს ვცემ ყველა ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს და მათ ლიდერებს, მაგრამ ხშირად დამწყვეტია გული იმაზე, რომ მნიშვნელოვანი სამიტების თუ უმაღლესი დონის ორმხრივი შეხვედრების დროს, როდესაც რუსეთის ბოროტმოქმედებაზეა საუბარი, ხშირად ახსენებენ უკრაინას და იქვე არ სახელდება საქართველო. ამას თავისი მიზეზები აქვს, მაგრამ ეს ბლოგი პოლონეთს და პოლონურ არჩევანს ეძღვნება. ყველა შემთხვევაში, მადლობა პოლონეთის პრეზიდენტს და პოლონელ ხალხს.  

ჩვენი „სიკეთის“ არ იყოს, პოლონეთმა ძალიან კარგად იცის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ფასი; იცის და ყველაფერს აკეთებს კიდეც იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად სრულად გათავისუფლდეს რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებისგან. ბალტიური მილსადენის მეშვეობით, რომელიც 2022 წელს შევა მწყობრში, ნორვეგიის ტომელიტენ ალფა-ს საბადოდან პოლონეთს ყოველწლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება. სწორედ ამ წელს ეწურება ვადა რუსული გაზპრომთან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც პოლონეთს 11 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდება. უკვე გაცხადებულია, რომ პოლონეთი ამ ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ აპირებს. პოლონეთი ჩრდილოეთ ზღვაში სხვა საბადოებიდან გაზის მიღებაზეც აქტიურად მუშაობს და პარალელურად თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვების მოცულობებსაც წლიდან წლამდე ზრდის. დღეის მდგომარეობით, შესყიდული გათხევადებული გაზის რაოდენობა 5-დან 7 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. მისი ერთ-ერთი მომწოდებელი ამერიკის შეერთებული შტატებია. გარდა ამ კონკრეტული პროექტისა, აშშ და პოლონეთი მხარდამხარ იბრძვიან რუსული ნორდ სტრიმ 2-ის პოლიტიკური პროექტის შესაჩერებლად. ამერიკული სანქციების კვლადაკვალ პოლონეთი ასევე იბრძვის სამართლებრივად, რომ შეაჩეროს ნორდსტრიმ 2-ის მშენებლობის დასრულება და მისი ამოქმედება. პოლონურმა კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტომ UOKiK-მა 56 მილიონი დოლარით დააჯარიმა გაზპრომი ანტიმონოპოლიური რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციის არმიწოდება/დამალვის გამო. გარდა ამისა, პოლონეთმა საერთაშორისო სასამართლოში გაზპრომს 1.5 მლრდ დოლარის გადახდა დააკისრა შეუსრულებელი ვალდებულებების გამო და მოსალოდნელია, რომ ახალ საქმეებსაც წამოწევს გაზპრომის წინააღმდეგ.

 როგორც  მოგეხსნებათ, პოლონეთი ეკონომიკის, მოსახლეობის და ტერიტორიის სიდიდის მიხედვით ევროკავშირის და ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა. 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის, ყირიმის ოკუპაციისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების გაჩაღების შემდეგ, ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა ერთობლივი ძალისხმევით საგრძნობლად გააძლიერეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით უსაფრთხოების ზომები. დღეს პოლონეთში, ბალტიის და შავი ზღვის ქვეყნებში, ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში პატრულირებენ ამერიკელი, ბრიტანელი და ნატო-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებული დანაყოფები.

შესაძლოა, რეგიონის ცალკეული ქვეყნებისთვის ეს ზომები საკმარისია მათი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, მაგრამ არა პოლონეთის და მისი პრეზიდენტის ანჟეი დუდასთვის. ის ნამდვილად გამოირჩევა ბევრი ევროპელი კოლეგისგან ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით. მათი ურთიერთობის სიახლოვე მხოლოდ ისრაელის პრემიერ მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან დონალდ ტრამპის „ძმობას და მეგობრობას“ თუ გაეჯიბრება, თორემ ევროპის სხვა ლიდერებთან, თუნდაც აშშ-ს მთავარი სტრატეგიული მოკავშირის დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონთან, ასეთი ღრმა და ყოვლისმომცველი ურთიერთგაგება ნამდვილად არ შეინიშნება. ბუნებრივია, ეს არ არის მხოლოდ პირადი სიმპათიებით და ე.წ. „ქიმიით“ განპირობებული. როგორც უკვე მოგახსენეთ, პოლონეთი ყიდულობს ამერიკულ ენერგომატერებლებს. გარდა ამისა, წლის დასაწყისში ხელი მოეწერა 4.5 მილიარდ დოლარიან კონტრაქტს 32 ამერიკული F-35 ტიპის ბოლო თაობის საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვის თაობაზე. თავის მხრივ აშშ-ც არ რჩება მეგობარ პოლონეთს ვალში. ამერიკული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა პოლონეთში ჯამში დაახლოებით 50 მილიარდ დოლარს შეადგენს. გასულ წელს, დონალდ ტრამპმა უვიზო რეჟიმი შემოიღო პოლონეთის მოქალაქეებისთვის. პანდემიის პირობებში პოლონეთის პრეზიდენტი, ანჟეი დუდა პირველი უცხოელი ლიდერი იყო, ვინც ოფიციალურად მიიღო, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გასულ კვირას. რა თქმა უნდა, მათი საუბრის ერთ-ერთ თემას დამატებით 1000 ამერიკელი სამხედროს პოლონეთში განლაგება წარმოადგენდა. ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, დონალდ ტრამპის უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, რობერტ ო’ბრაიანმა გამოქვეყნა ღია წერილი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ აშშ განიხილავს გერმანიიდან სამხედროების გარკვეული ნაწილის რედისლოცირებას პოლონეთში. ამის თაობაზე ისაუბრა თავად დონალდ ტრამპმაც. მან სანიმუშოდ შეაფასა პოლონეთის მიერ ნატო-ს თავდაცვის ბიუჯეტის 2%-იანი ვალდებულების შესრულება და აღნიშნა, რომ განიხილავს პოლონეთის თხოვნას ამერიკელი სამხედროების გერმანიიდან პოლონეთში გადასროლას. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების ინფორამციებზე დაყრდნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ორი ქვეყნის იურისტებისა და ლოგისტიკის სპეციალისტების მონაწილეობით. შესათანხმებელია ამერიკელი სამხედროების იმუნიტეტის, ასევე მათი განთავსების პირობების დეტალები.

დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში, ანჟეი დუდას ვიზიტი კიდევ ერთი გარემოების გათვალისწინებით: ის შედგა პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 4 დღით ადრე.
ანჯეი დუდას ოპონენტები, ბუნებრივია, მას აკრიტიკებდნენ, რომ ბოლო წინასაარჩევნო დღეებში ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა განიხილავდეს გრძელვადიან მნიშვნელოვან თემებს. გარდა ამისა, მას ასევე აკრიტიკებდნენ ლგბტქ თემის მიმართ გაკეთებული მძაფრი შეფასებების გამო და მოითხოვდნენ, დონალდ ტრამპისგან ამ შეხვედრის გაუქმებასაც. დონალდ ტრამპმა კი არათუ გააუქმა, არამედ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ძალიან მაღალი შეფასება მისცა, ანჟეი დუდას საქმიანობას და იმედი გამოთქვა, რომ მასთან წარმატებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. აშშ-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა პოლონელი კოლეგის მიერ კანონის უზენასოების კუთხით განხორციელებულ წარმატებულ მუშაობას. ეს პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის შეფასებებთან. მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით მიღებული კანონმდებლობის გამო, რომელსაც ანჯეი დუდამ, მიუხადავდ დიდი წნეხისა გარედან და წინააღმდეგობისა ქვეყნის შიგნიდან ხელი მოაწერა თებერვილის დასაწყისში. ამას მოყვა ევროკომისიის მიერ 4 სამართლებრივი პროცედურის დაწყება და მე-7 მუხლის (ხმის უფლების ჩამორთმევის) ამოქმედების მექანიზმების ჩართვა.

დუდამ გაიმარჯვა პირველ ტურში. მმართველი პარტია კანონი და სამართალი, რომელსაც ის წარმოადგენს, დარწმუნებულია, რომ ანჯეი დუდა მეორე ვადითაც იქნება არჩეული. თუმცა, სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობითა და ექსპერეტული შეფასებების გათვალისწინებით, მის კონკურენტს, სამოქალაქო პლატფორმის კანდიდატს, რაფალ ტრზასკოვსკის გამარჯვების უფრო მეტი შანსები აქვს. მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება.

ვნახოთ ვის აირჩევს პოლონელი ხალხი, მაგრამ მიუხედავად იმისა, ვინ გახდება პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, უცვლელი და ურყევი იქნება მთავარი – პოლონური არჩევანი – იყვნენ თავისუფალი, დაცული, განვითარებული, დემოკრატიული და წარმატებული, რაც მხოლოდ თავდადებით, შრომით, ეროვნული კონსოლიდაციით, ძლიერი და საიმედო მეგობრების მხარდაჭერით და მათთან ღირსეული პარტნიორობით მიიღწევა.

გააზიარე