"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

პუტინის “ვლაძიმირსკი ცენტრალი” ანუ ძალაუფლების შენარჩუნების ეროვნული თავისებურებები

პუტინის “ვლაძიმირსკი ცენტრალი” ანუ  ძალაუფლების შენარჩუნების ეროვნული თავისებურებები

თადარიგი დაიჭირა. როგორც ჩანს, გასული წლის ადგილობრივმა არჩევნებმა მოსკოვის დუმაში, რთულმა ეკონომიკურ-სოციალურმა მდგომარეობამ, მმართველი პარტიის “ეძინაია როსიას” გაპარტახებულმა რეიტინგმა და, რაც ყველაზე მთავარია, მისი პირადი რეიტინგის არსებითმა კლებამ ჩეკისტურ-კრიმინალური “სისტემა” გვარიანად დააფიქრა.

ვლადიმერ პუტინის ხელახლა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, პრაქტიკულად ინაუგურაციიდან მეორე დღეს დაიწყო სპეკუალციები, რა გზით იფიქრებდა “სისტემა” ვლადიმერ პუტინის პირველ პირად შენარჩუნებას ან საერთოდ როგორი გზით წავიდოდა. გამომდინარე საერთაშორისო არენაზე რუსეთის არასახარბიელო პოზიციებიდან, რაც ყველაზე მკაფიოდ დემოკრატიული თანამეგობრობისგან მის პრაქტიკულ იზოლაციაში გამოიხატება, გაჩნდა ასეთი მოსაზრებაც, რომ ხომ არ ეფიქრათ ახალ ლიდერზე, რომელიც სუფთა ფურცლიდან დაიწყებდა დემოკრატიულ სამყაროსთან ურთიერთობას. თუმცა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ რუსეთის გარიცხვა დიდი რვიანიდან და მისთვის სანქციების დაწესება სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ რუსეთის ლიდერს ვერ ექნებოდა ძალიან საქმიანი და მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთის, ისრაელის, თურქეთის, ირანის არაბული სამყაროს თუ ცალკეული ევროპული სახელმწიფოების ლიდერებთან. პირიქით, ბოლო პერიოდში, ზოგიერთი დასავლელი ლიდერის “უხერხემლობის”, მათ ქვეყნებს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბებული სამოკავშირო ურთიერთობებში ბზარის გაჩენის ფონზე, რუსეთის პრეზიდენტი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით აგრესიული სამხედრო-პოლიტიკური მოქმედებების წყალობით ერთგვარი “მოკვეთილიდან” კვლავ იქცა ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ მსოფლიო არენაზე. რა უჭირს, რომ ქვეყნის ეკონომიკა წინ ვერ მიდის, არანაირად არ ვითარდება და რუსეთი დიდწილად მაინც ენერგოდოლარების ნემსზე დამოკიდებული რჩება; არც იმას უშავს რამე, რომ წლიდან წლამდე ნაცვლად ქვეყნის არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის გზების ჩვენებისა, რუსეთის პრეზიდენტი ანიმაციური ფილმებით ზებგერითი იარაღის პრეზენტაციებს აკეთებდა და ეროვნული სიამაყის შეგრძნებას ამით ამაგრებდა (სავსე მაცივარი ოხერი რამეა, მაგრამ ნათქვამია, რუსეთს გონებით ვერ გაუგებო); საპენსიო რეფორმის ნეგატიური ეფექტების იმჟამინდელ პრემიერ მედვედევთან ნაწილობრივ გაზიარებასაც კი არ მოერიდა ვლადიმერ პუტინი, ვინაიდან სირიაში, ჩრდილოეთ კორეაში, ლიბიაში, დანარჩენ აფრიკაში, შავ და აზოვის ზღვებში, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებსა თუ ბრექსიტის რეფერენდუმზე ისეთები განახორციელა, რომ რუსი ხალხის უმრავლესობის თვალში (და სამწუხაროდ არა მხოლოდ) “მუჟიკის”, “პახანის”, მსოფლიო დონის “მაყურებლის” სტატუსში უკონკურენტოა დღემდე. ის კი არა, ბოლო პერიოდში ახალი გატაცებაც გაუჩნდა. ჩვენი ისტორიის გადაწერის მცდელობა ხომ გახსოვთ? როგორც ჩანს, ეგ მხოლოდ ნიადაგის მოსინჯვა, შეიძლება ითქვას “ჟურნალი” იყო იმასთან შედარებით, რასაც ახლა პოლონეთის დრამატულ წარსულთან და მეორე მსოფლიო ომის დაწყების ისტორიასთან დაკავშირებით ვადევნებთ თვალყურს. მერე რა?

მოვა 9 მაისი და ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავზე რამდენი ლიდერი ჩამწკრივდება კრემლის კედელთან წითელ მოედანზე, მაგასაც ერთად ვნახავთ. დიდიდიდი პოლნეთის პრეზინდეტი, ბრიტანეთის პრემიერი და კანადის ლიბერალი პრემიერ-მინისტრი არ ჩავიდნენ; დიდი ამბავი. მოვა მაისი. რა, არ იქნება ოპტიკური წარმატება? იქნება. არ იტყვიან ისევ, ჩვენშიც და სხვაგანაც: “რას ერჩი ძმაო? მაგარია. შუა ბერლინში ხალხს კლავს, ინგლისში წამლავს, სირიაში ბომბავს და ბავშვებს ხოცავს და რა? ვერ დაიბარა მსოფლიოს ლიდერები მოსკოვში თუ რა?”

ამ ყველაფრის შემხედვარე, ალბათ ძალიან გაუჭირდათ “სისტემის” “პროგნოზების ბიუროს” ანალიტიკოსებს ვლადიმერ პუტინის ღირსეული შემცვლელის მოძიება. განიხილებოდა ახალი ტიპის ლიდერები (დიმიტრი მედვედევის გაუმჯობესებული მოდელი), ძლიერი ფიგურებიც (ყველაზე აქტიურად თავდაცვის მინისტრი შოიგუ), მაგრამ საბოლოოდ მაინც გადაწყვიტეს: ახალი ლიდერის შერჩევას, მსოფლიოსთვის შეთავაზებას, მის სათანადოდ “შეფუთვას”, რაღაც კომპრომისებზე წასვლას და უკან დახევას, ისევ სჯობს “გავუფერადოთ” მსოფლიოს: ამიერიდან, აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე საქმე გექნებათ მეფე ვლაძიმერთან (სხვათა შორის, ეს “მეფეც” დასავლეთში შერქმეულია, რუსების მოგონილი არ გეგონოთ). როგორ?

როგორ და საკონსტიტუციო რეფორმებს რომ გაატარებენ სიმაღლეში მხტომელი ელენე ისიმბაევა, კოსმონავტი ვალენტინა ტერეშკოვა, მოციგურავე ირინა როდნინა და სხვა “უმაღლესი დონის” კონსტიტუციონალისტები, მაგას მერე გავიგებთ. მანამდე კი რაც გავიგეთ არის ის, რომ ჩინეთის მსგავსად შეიქმნება სახელმწიფო საბჭო, რომელიც არ იქნება არჩევითი ორგანო და არ ექნება ვადაში შეზღუდვები, მთავრობის მეთაურს, ვიცე-პრემიერებს და მინისტრებს დაამტკიცებს სახელმწიფო დუმა; გაიზრდება ფედერაციის საბჭოს და გუბერნატორთა უფლებამოსილებები. ბუნდოვანია ჯერჯერობით როგორ, მაგრამ ალბათ ცვლილებები შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს. აგრეთვე, გაცხადებულია, რომ არ შეიცვლება კონსტიტუციის 1-ელი და მე-2 თავები, მაგრამ ეროვნულ კანონდმებლობას ექნება უპირატესობა საერთაშორისოსთან მიმართებაში. მოკლედ, 2024-თვის ყველაფერი მზად უნდა იყოს, რომ ვლადიმერ პუტინმა უვადოდ, კონსტიტუციით გამყარებულმა, მართოს რუსეთის ფედერაცია. ეს არის მთავარი და დანარჩენი ტექნიკაა – როგორ, როდის და ვის მიერ, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. 

დავიდოთ ძვირფასო მკითხველო გულზე ხელი და სიმართლე ვთქვათ: ასე არ ჯობია? ამ რაღაც გაუგებარ დემოკრატიობანას თამაშს (დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტობისას რუსეთის დემოკრატიზაციის იმედი რომ ჰქონდათ, იმ ხალხთან ბოდიში, მაგრამ სერიოზულად ვერ აღვიქვამდი ვერასდროს ამ “ოცნებას”), ამ “სრულიად ჩახლართულ” ამერიკულ საარჩევნო კოლეგიებს და მერე ხმების გადათვლებს სიცხადე არ ჯობია? ყველას ეცოდინება, რომ რაც არ უნდა სტრატეგია შემუშავდეს, რაც არ უნდა “გადატვირთვების”, “ჩამოტვირთვების” თუ თვალებში ჩახედვის მცდელობები გაჩნდეს, საქმე უნდა გვქონდეს ჯან-ღონით, ენერგიით, მილიარდებით და ბოტოქსით აღსავსე მეფე ვლაძიმერთან. თავის ქვეყანაში რას გააკეთებს, რა ტიპის კოლონიას მოაწყობს, მაგ. “ვლაძიმერსკი ცენტრალს” თუ “ბელი ლებეძს”, რა ჩვენი საქმეა. იქნებ ჩვენც სხვა თვალით შემოგვხედოს? რაღაცნაირად ლმობიერად? 

ნათქვამია, ყველა ხუმრობაში ნაწილი სიმართლეაო. ვაი რომ, რაც ზემოთ მოგახსენეთ, უფრო მეტი სიმართლეა, ვიდრე ხუმრობა. მსოფლიო ლიდერების ცალკეულ განცხადებებს რომ ვისმენ, კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები ამაში.

ეს არის მწარე რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. მიუხედავად ჩემი გულწრფელი თანადგომისა და მხარდაჭერისა ახლად გამოჩენილი ახალგაზრდა ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ, რუსეთში “სისტემის” დანგრევისთვის ისინი ჯერ კიდევ ძალიან სუსტები არიან და არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ მათ სერიოზულ ალტერნატივად არავინ აღიქვამს. “სისტემაც” თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს, რომ არც არასდროს არ აღიქვან. იჭერენ, ავიწროვებენ, აშინებენ, თუ საჭიროა, კლავენ კიდეც – ეს არის რუსეთში ძალაუფლების შენარჩუნების ეროვნული თავისებურებები, რომელზეც სამწუხაროდ ბევრი ხუჭავს თვალს (შეგახსენებთ: ევროპის საბჭოში რუსეთის დაბრუნება სულ ცოტა ხნის წინ მოხდა).

მიუხედავად ამისა, ისტორიაში მრავლადაა მოულოდნელი შემობრუნების ფაქტები. ჩემი თაობის ხალხსაც კარგად ახსოვს რადიოსა და ტელევიზიაში მოულოდნელად “გედის ტბის” ტრანსლაცია და ამით გამოწვეული (სკოლის გაცდენის) სიხარული. ასე რომ, როგორც ბორის ელცინმა გაუკეთა მოულოდნელი “საჩუქარი” რუს ხალხს და მსოფლიოს 20 წლის წინ ვლადიმერ პუტინის მემკვიდრედ დასახელებით, ისე მოულოდნელად შეიძლება გამოჩნდეს “გედების ტბა” რუსულ სახელმწიფო ტელეარხებზე. იმედია, არა 20 წლის შემდეგ. იქნებ არც ათის.     

გააზიარე