გლობალურ ეკონომიკაში თაღლითობის მეთოდები მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის. კრიმინალური ქსელები ახლა უფრო სწრაფად და მასშტაბურად მოქმედებენ, აქტიურად და მეტად ეფექტიანად იყენებენ ციფრულ სისტემებსაც. ამის ფონზე ბიზნესები მზარდი წნეხის ქვეშ არიან — ცდილობენ, პერსონალური მონაცემების გაჟონვის, კიბერშეტევების, ფინანსური თაღლითობებისა და სხვა ორგანიზებული დანაშაულებების პრევენცია მოახდინონ.
ვერიფიკაციის პლატფორმა Sumsub-მა, Inigo Insurance-თან თანამშრომლობით, თაღლითობისგან ყველაზე დაუცველი ქვეყნების რეიტინგი შეადგინა. ანგარიში საერთო ჯამში 112 ქვეყნის მონაცემებს აერთიანებს და კიბერუსაფრთხოების მოწყვლადობის მიხედვით მათ რანჟირებას ოთხ ძირითად ფაქტორზე დაყრდნობით ახდენს. ესენია: თაღლითური აქტივობა, რესურსებზე წვდომა, მთავრობის ჩარევა და ეკონომიკური მდგომარეობა. რაც უფრო დაბალია ქულა, ეს თაღლითობის მიმართ ქვეყნების მდგრადობაზე მიუთითებს, ხოლო მაღალი ქულა პირიქით — სახელმწიფოს დაუცველობაზე.
კიბერუსაფრთხოების მდგრადობით გლობალური რეიტინგის სათავეში ევროპული ქვეყნები დგანან. პირველ ადგილზეა ლუქსემბურგი, ინდექსის ქულით — 0.8. პირველ ხუთეულში არიან დანია, ფინეთი, ნორვეგია და ნიდერლანდები. ხოლო შვეიცარია, შვედეთი და ავსტრია ასევე წამყვან პოზიციებს ინარჩუნებენ. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან რეიტინგში კიბერუსაფრთხოებისადმი მდგრადობის მხრივ სინგაპური მე-10 ადგილზეა, ავსტრალია მე-15-ზე, ხოლო კანადა მე-18 პოზიციას იკავებს. აღნიშნულ სახელმწიფოებს ძლიერი ინსტიტუტები, სტაბილური ეკონომიკა და მკაცრი მარეგულირებელი სისტემა ახასიათებთ.
კვლევამ ფართო რეგიონური ხარვეზებიც გამოავლინა. ანგარიშის თანახმად, რეიტინგის ბოლოში მყოფი ქვეყნების სუსტი პოზიციები რამდენიმე ძირითადი პრობლემითაა გამოწვეული, მათ შორისაა: სამართალდამცავი ორგანოების არაეფექტიანი მუშაობა, მოძველებული ან/და სუსტი ციფრული დაცვის სისტემები და ეკონომიკური არასტაბილურობა. ასეთი პირობები თაღლითური საქმიანობისთვის მეტ თავისუფლებასაც ქმნის.
აქვე საინტერესოა, რომ Sumsub-ისა და Inigo-ს რეიტინგში ამერიკის შეერთებული შტატები, 3.8 ქულით, 112 ქვეყნიდან 91-ე ადგილზეა; ეს ქვეყანას გლობალურად ყველაზე დაუცველი ქვეყნების ქვედა 20%-ში ათავსებს. ჩინეთი კიდევ უფრო დაბლაა, 96-ე ადგილზე, ხოლო ვიეტნამი 97-ე პოზიციას იკავებს.
ამის ახსნაც რამდენიმე მიზეზით შეიძლება: ერთი ის, რომ აშშ-ში თითქმის ყველა ფინანსური ოპერაცია ციფრულია, რაც თაღლითობისთვის პოტენციურად უფრო მეტ შესაძლებლობასაც ქმნის. ამავდროულად კი აშშ და ჩინეთი კიბერშეტევებისა და ფინანსური თაღლითობის მთავარ სამიზნეებს შორის არიან. ინდექსის ქულის გამოთვლის დროს კი, დაცვის მექანიზმების ეფექტიანობასთან ერთად, შემთხვევათა რაოდენობასაც ითვალისწინებენ.
ცნობისთვის, საქართველო ამავე რეიტინგში 51-ე პოზიციაზეა, 2.4 ქულით, რაც მას მაროკოსა და ელ-სალვადორს შორის ათავსებს.
საერთო ჯამში, რეიტინგის მიგნებები ხაზგასმაა იმისა, რომ კიბერუსაფრთხოების რისკები თანაბრად ეხება როგორც განვითარებად, ისე მოწინავე ეკონომიკებს. ციფრული სისტემების გაფართოებასთან ერთად კი ბიზნესებმა უნდა გააძლიერონ თაღლითობის პრევენციის სტრატეგიები ყველა იმ ბაზარზე, სადაც ოპერირებას აგრძელებენ.
თაღლითობისგან ყველაზე დაცული სახელმწიფოების ათეული:
| ქვეყანა | თაღლითობის ინდექსი 2025 | |
|---|---|---|
| 1 | ლუქსემბურგი | 0.8 |
| 2 | დანია | 0.9 |
| 3 | ფინეთი | 1.0 |
| 4 | ნორვეგია | 1.1 |
| 5 | ნიდერლანდები | 1.1 |
| 6 | შვეიცარია | 1.2 |
| 7 | ახალი ზელანდია | 1.2 |
| 8 | შვედეთი | 1.2 |
| 9 | ავსტრია | 1.2 |
| 10 | სინგაპური | 1.4 |
თაღლითობისგან ყველაზე დაუცელი სახელმწიფოების ათეული:
| ქვეყანა | თაღლითობის ინდექსი 2025 | |
|---|---|---|
| 112 | პაკისტანი | 7.5 |
| 111 | ინდონეზია | 6.5 |
| 110 | ნიგერია | 6.4 |
| 109 | ინდოეთი | 6.2 |
| 108 | ტანზანია | 5.5 |
| 107 | უგანდა | 5.4 |
| 106 | ბანგლადეში | 5.3 |
| 105 | რუანდა | 4.9 |
| 104 | აზერბაიჯანი | 4.9 |
| 103 | შრი-ლანკა | 4.8 |















