"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

რისი უნდა ეშინოდეს “განოლებულ“ პუტინს?!

რისი უნდა ეშინოდეს “განოლებულ“ პუტინს?!

ერთი შეხედვით, თითქოს არც არაფრის. ერთ-ერთი უმდიდრესი კაცია მსოფლიოში (მისი არადეკლარირებული ქონება, საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, 40 მლრდ დოლარს აღემატება). ბირთვული ჩემოდანი მას აქვს, ჯარი მას ემორჩილება, პოლიცია, სპეც.სამსახურები, როსგვარდია და კადიროვის ჯალათების და დაქირავებული მკვლელების რამდენიმე ათასიანი არმია. ბიზნესშიც მთავარ პოზიციებზე მისი ერთგული პიტერელი ბიჭები არიან, დანარჩენს, ანუ ოლიგარქებს თავად აკონტროლებს, ხოლო ცოტა მომცროებს “ფსბ“-ს, “გრუ“-ს და იმავე კადიროვცების მეშვეობით მართავს. საპატრიარქოშიც საქმე არცთუ ისე ცუდად აქვს – მზად არიან წმინდანადაც კი შერაცხონ სიცოცხლეშივე (რიგი რელიგიური დაწესებულებებისა დიდ პატივად იღებენ “პირველის“ მდუმარე თანხმობს მისი გამოსახულებით ტაძრის კედლების მოხატვაზე). პოლიტიკური სისტემას რაც შეეხება, მისი ძალაუფლების გვირგვინი – ოპერაცია “განულება“, ანუ  “კორონაცია“ 2036 წლამდე ა.წ. 1 ივლისს აღსრულდა. ვინც ყველაზე ხმამაღლა აკრიტიკებდა, ზოგი კრემლის კედლებთან მოკლა, ზოგი საკუთარ სადარბაზოში და ბევრიც საზღვარგარეთ. იშვიათი გამონაკლისების გარდა, მედია სრულად დაიქვემდებარა (ბოლო ასეთი ოპერაცია “ნოვაია გაზეტა“-ს პრიხვატიზაცია იყო). ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ სამართლებრივი გზებით, თუ “მასკი შოუ“ შევარდნებით უმჭიდროვეს მარწუხებში მოაქცია. ცოტა მმართველმა პარტიამ წაიფორხილა; მობეზრდა ხალხს “ეძინაია როსიას“ ბრენდი, თავად მისი რეიტინგიც დაეცა, მაგრამ დანარჩენში სამისდღემჩიო პრეზიდენტი, წესით, თავს მშვიდად და კომფორტულად უნდა გრძნობდეს. ეს რაც შეეხება ქვეყნის შიგნით.

ფარგლებს გარეთ არის და, სადაც კი ხელი მიუწვდება, მის საყვარელ შეფ-პოვარ პრიგოჟინს ფართოდ აქვს გაშლილი საქმიანობა ყველგან, სადაც ენერგო მატარაბლები ჭარბად არის; სადაც “აკა-74“-ზე, სუ-ებზე და “ისკანდერებზე“ გამწვავებული მოთხოვნაა და კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის“ ბიჭებს რეჟიმები პურით და მარილით ხვდებიან; მართალია, ცოტა ჩაუვარდა “ტროლების“ ქარხნების მიმართულება, თვითონ პრიგოჟინი და უკვე მასთან აფილირებული ორგანიზაციები თუ კერძო პირები სანქციების ქვეშ მოხვდნენ, მაგრამ ბევრის გაფუჭება მოასწრეს და სადაც შეძლებენ, თავის “ავტორიტეტულ“ სიტყვას იტყვიან. 2014 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ ცოტა გაუფუჭდა გარეთ სახელი, უხერხული გახდა მასთან ერთად შამპანურის ფუჟერებით ფოტოსესიებში მონაწილეობა, მაგრამ ამასაც მედგრად იტანს. იხტიბარსაც არ იტეხს. საჩვენებლად ისეთ “პოზაში“ დგას, ჩვენ სულაც არ გვაინტერესებს თქვენი შვიდეულები და ნატო-ს ორმხრივი სამიტებიო. თუმცა, 24/7 რეჟიმში მუშაობს, რომ თუნდაც ევროკავშირში არსებული ბზარი გააღრმავოს და ინდივიდულური ურთიერთობები, ყველა შესაძლო მეთოდებით და ხერხებით, განიმტკიცოს. აქაც უნდა ითქვას, სამწუხაროდ, არცთუ უშედეგოდ; კიდევ უფრო კარგად აქვს საქმე იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, სადაც ვეტოს უფლება აქვს – გაერო-სა და ეუთოში. ამ უკანასკნელის არსებობაც კი ნელ-ნელა ავიწყდება უკვე ხალხს.

დასავლურ მედიაში და ექსპერტულ წრეებში, უკანასკნელ საკონსტიტუციო ცვლილებებამდეც კი  არაერთხელ შეგვხვედრია წიგნების, სქელტანინი კვლევებისა თუ სტატიების სათაურებში მისი სტატუსი “THE TZAR“. ჩემი მოკრძალებული აზრით, ცალკეულ შემთხვევებში, ეს მისი გაფეტიშების მცდელობად უნდა აღვიქვათ, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, ჯერ ერთი გადამეტებული მგონია (მეფე კი არა სახელმწიფოს დონეზე შექმნილი კრიმინალურ-ჩეკისტური სისტემის თავიკაცია) და მეორეც, რუსეთის ბოლო, და არა მხოლოდ ბოლო, მეფის ბედ-იღბალის გახსენება პრეზიდენტ პუტინს მაინცდამაინც არ უნდა მოსწონდეს და პირში კარგ გემოს არ უნდა უტოვებდეს.

ამ ყველაფრის წამკითხავი ჩემი ერთგული, ძვირფასი და ძალინ დაკვირვებული მკითხველი ალბათ იტყვის: აბა რა გრჯიდა ალექსი ამ სიცხეში, ბლოგის დაწერა ამ თემაზე, რომ გადაწყვიტე და რას გვერჩი ჩვენ, ისედაც შეწუხებულებს უბედური ამბებით, პანდემიის გამეორების შიშით, ჩაკეტილი საზღვრებით, ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებით და იმავე მაღალი ტემპერატურებით?

ახლავე მოგახსენებთ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფაქტებზე დაყრდნობითა და ისევ, ჩემივე დაკვირვებითა თუ ანალიზით, “განოლებულ“ პუტინს აშკარად უნდა ეშინოდეს (აღმავალი შკალით შემოგთავაზებთ მის შიშებს):

იაკუტელი შამანის გაბიშევის – კაცი იაკუტიიდან ორჯერ წავიდა კრემლის კედლებიდან ვლადიმერ პუტინის აღმოსაყვანად. პირველ ჯერზე დააკავეს და ცოტა ხნის მერე გაუშვეს, მეორეჯერ კი დააკავეს და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოაქციეს. აბა ყველაფერი ზემოთქმულის შემდეგ რატომ უნდა ეშინოდეს იაკუტელი შამანის? ალბათ მკითხავი ქალი, რომ ჰყავს (ეს ჩემი იუმორის გამოვლინების მცდელობა არ გეგონოთ – ცნობილი ამბავია. მთელმა რუსეთმა იცის და არა მხოლოდ რუსეთმა) ვლადიმერ პუტინს, იმის დაჟინებული რეკომენდაციით დააბრკოლეს ყოჩაღი შამანი გაბიშევი;

ერთკაციანი აქციების – ადამიანებს ჯერ “პუტინ *უილო“-ს პლაკატით ხელში იჭერდნენ, მერე კი საერთოდ სუფთა ფურცლით დგომისთვისაც კი დაუწყეს დევნა. ცხადია უნდა ეშინოდეს. მიუხედავად დაჭერებისა, დარბევებისა, დაშინებისა და შეზღუდვებისა, არც ცალკეული ადამიანები და არც საზოგადოებრივი ჯგუფები არ ეგუებიან პუტინის “განოლებას“. აგერ რა ხდება ხაბაროვსკში? რა გახდა ერთი “დურუშნიკი“ ჟირინოვსკის თანაპარტიელი გუბერნატორის ფურგალის დაპატიმრება? 15 დღეა ათეულ ათასობით ადამიანი გამოდის გასაპროტესტებლად. არის იქაც კრეატიული ხალხი. ვინაიდან მიტინგები, ცხადია, არასანქცირებულია, 50-დან 70 ათასამდე ადამიანი ყოველ ცისმარე დღეს ერთად იკრიბება, რომ… მტრედები გამოკვებონ J! არა, პუტინის გადადგომის მოთხოვნაც არ ავიწყდებათ, მაგრამ თან კარგ საქმეს აკეთებენ – მტრედებს უვლიან;

ახალი თაობის პოლიტიკოსების და აქტივისტების – ყველას ვერ მოკლავ. ებრძვის, სახლშიც უვარდება, აპატიმრებს, ციხეებშიც აწამებს და კლავს, მაგრამ მაინც ვერაფერს უხერხებს. არადა მომავალი წლის სექტემბერში საპარალმენტო არჩევნებია. აი სად იქნება კიდევ ერთი გადამწყვეტი ბრძოლა!  

სოციალური ქსელების და ელექტრონული კომუნიკაციების – თანამედროვე სამყაროში ამ გამოგონების შესაძლებლობები უსაზღვროა; დახურავს 1-ს, მიიღებს 10-ს.

საზღვარგარეთ მოღვაწე ძალიან ენერგიული და უშიშარი კერძო პირების – აშშ-ში დაბადებულმა ბრიტანელმა ფინანსისტმა და უკვე პოლიტიკურმა აქტივისტმა, უილიამ ბროუდერმა სისხლი გაუშრო “მაგნიტსკის აქტით“ და სანქციების ახალ ახალი სიებით პირადად პუტინს და მის ამალას. ქედს ვიხრი ამ კაცის შეუპოვრობის წინაშე!

ძლიერი და ზუსტად ისეთი, როგორც იყო ცივი ომის დროს ერთ მუშტად შეკრული დემოკრატიული თანამეგობრობის – რა თქმა უნდა მას ურჩევნია, რაც შეიძლება მეტად შესუსტებული ტრანსატლანტიკური კავშირები, მაგრამ არ უწერია დიდი ხანი აქაც მისი კომფორტის ზონას! მოიცლიან მისთვის რონალდ რეიგანის, მარგარეთ თეთჩერის, ჰელმუტ კოლისა და ფრანსუა მიტერანის იდეური მემკვიდრეები (გამოჩნდებიან, ნუ ნერვიულობთ);

მის მიმდებარედ შემდგარი და წარმატებული დემოკრატიების არსებობის – “ცუდი მაგალითი გადამდებიაო“. ამიტომაც არ აკლებს ძალისხმევას, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ასეთ წარმატების მაგალითებად ვერ იქცნენ;

არ გაგიკვირდეთ და მისი ვითომ სტრატეგიული პარტნიორის ჩინეთის ვასალობის – იმავე ხაბაროვსკში, როგორც ამბობენ, ჩინური წარწერები უფრო მეტია, ვიდრე რუსული. ისე შეშთანთქავს ურალს იქით რუსეთს, რომ როდესაც მიხვდება, უკვე ძალიან გვიან იქნება;

პერსონალური და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესების – ჯერ თაო და თაო, მერე ცოლო და შვილოო, ნათქვამია ჩვენში. ყველაზე ახლო მისი ოჯახური წრიდან სანქციების სიაში მოხვედრილია ერთ-ერთი შვილის ქმარი, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ გულს იმით არ იტეხს, რომ ქართველი პოლიტიკოსებისგან გაუგია, სიძე ოჯახის წევრი არ არიო. ხუმრობა იქეთ იყოს და, დემოკრატიული თანამეგობრობაც არ ჩქარობს ვლადიმერ პუტინისთვის პირადი სანქციების დადებას (განსხვავებით მის უახლოეს წრეში შემავალი ოლიგარქებისგან), მაგრამ ამ ზომის გამოყენებას ნამდვილად არ მოერიდებიან, თუკი პუტინი მორიგი ავანტურის განხორციელებას გაბედავს. პირად გადაადგილების შეზღუდვას კიდევ აიტანს, აი მისი ანგარიშების გაყინვამ და ქონებების დაყადაღებამ შეიძლება მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენოს მას; ვის რად უნდა “განოლებული“ პუტინი, თუ საკუთარ სალაროს ვეღარ მიეკარება და გარეთ ცხვირის გაყოფის შეეშინდება;

ჰააგის ტრიბუნალის – სირიაში, უკრაინაში, საქართველოში, ევროპის დიდ ქალაქებში ჩადენილი ბოროტმოქმედებებისთვის, პუტინს პასუხი მოეთხოვება. არ ვარ გულუბრყვილო, ეს არ მოხდება ყველა შემთხვევაში, მაგრამ აუცილებლად მოხდება ახალი წითელი ხაზის გადაკვეთის პირობებში. როდემდეო, მკითხავთ, მაგრამ ვიცი, რომ ჩაიდენს კიდევ რაღაცას და მიიღებს კიდეც მილოშევიჩის კამერას!

ასე რომ, რაოდენ რთულად წარმოსადგენი უნდა იყოს საღად მოაზროვნე ადამიანების გარკვეული ნაწილისა, დიახ, ძალიანაც უნდა ეშინოდეს “განოლებულ“ პუტინს!

აი ჩვენ, კი მისი კი არ უნდა გვეშინოდეს და მისი გალანძღვის (არ დავიწყებ აქ მე როგორი ფორმით მომწონს და მირჩევნია ამის კეთება. მე მგონი თავადაც ხედავთ ჩემი ბლოგებიდან და მიმოხილვებიდან), არამედ ჩვენივე გათითოკაცების, დაქუცმაცების, დიდი სახელმწიფო ინტერესების ირგვლივ ვერ გაერთიანების და ერთმანეთში ურთიერთობების გარკვევაზე მთელი ძალისხმევის მიმართვის უნდა გვადარდებდეს!

გააზიარე