"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა “დანკინ დონატსი“?

როგორ გამდიდრდა “დანკინ დონატსი“?

მსოფლიოში მრავალფეროვანი დონატებით ცნობილი კომპანიის “დანკინ დონატსის“ შემოსავლები წლიდან წლამდე იზრდება და 2019 წელს 1.4 მილიარდ აშშ დოლარამდე შემოსავალი მიიღო. კომპანიის აქტივები 5 მილიარდ დოლარამდეა. მსოფლიოს მასშტაბით დასაქმებული ჰყავს 270 ათასამდე ადამიანი.

“დანკინ დონატსი“ 1948 წელს ამერიკელმა ბიზნესმენმა, უილიამ როზენბერგმა დააარსა მასაჩუსეტის შტატ ქალაქ ქუინსში. როზენბერგი, ამ დროს 32 წლის იყო. მან მუშაობა 14 წლისამ დაიწყო. 17 წლის ნაყინის გამყიდველად მუშაობდა კომპანია “სიმკოში“. 21 წლის კი ამავე კომპანიაში გაყიდვების მენეჯერი იყო და 40 ნაყინის მანქანის მუშაობას მართავდა. “დანკინის“ დაარსებისას, ის უკვე წარმატებული ბიზნესმენი იყო, მის საკუთარ კომპანიას, რომელიც ავტომობილებით ყიდდა ყავას და საჭმელს, 200 ავტომობილი ყავდა. როდესაც “დანკინ დონატსი“ გახსნა მას თავიდან “ Open Kettle“ დაარქვა. “დანკინ დონატსი“ კი მალევე, 1950 წლიდან ეწოდა.

უილიამ როზენბერგი “დანკინის“ დაარსებამდეც ყიდდა დონატებს, მაგრამ მხოლოდ 5 სახეობისას. დაარსებიდან 10 წელიწადში კი დონატების ნაირსახეობა 50-მდე გაიზარდა. დონატთან ერთად კომპანია თავიდან მხოლოდ ყავას ყიდდა. ერთი დონატი 5 ცენტი ღირდა, ხოლო ყავა 10 ცენტი. მისი პროდუქცია ძირითადად დაბალშემოსავლიან მუშებზე იყო გათვლილი. კომპანიამ კვირაში 5,000 დოლარს ვაჭრობდა. გაყიდვები ისე სწრაფად იზრდებოდა, რომ როზენბერგმა 1955 წლიდან ფრანჩაიზის გაყიდვა დაიწყო. ამ დროისთვის “დანკინ დონატსის“ 6 რესტორანი მუშაობდა აშშ-ში. ფრანჩაიზის გაყიდვის შედეგად რესტორნების რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.

1963 წლიდან, ბიზნესი უილიამის შვილმა, რობერტ როზენბერგმა გადაიბარა, რომელმაც კომპანია 1998 წლამდე მართა და მისი დამსახურებაა 1970-იანი წლებიდან “დანკინ დონატსის“ მენიუს გამრავალფეროვნება. მის მენიუში დონატების გარდა სხვა კერძები და ყავის გარდა სხვადასხვა სასმელებიც შევიდა, ისე როგორც დღეს არის ის წარმოდგენილი. 1998 წელს კომპანიას 2,500 რესტორანი ჰქონდა მსოფლიოს მასშტაბით. 1990-იან წლებში შემოიერთა ორი კონკურენტი რესტორნების ქსელი “Mister Donut“ და “Dawn Donuts“.

2000-იანები კომპანიისთვის საერთაშორისო გაფართოების წლები იყო. “დანკინ დონატსი“ სულ მეტ ქვეყანაში შედიოდა. აქამდე, მისი ყველაზე დიდი ბაზარი აშშ-ს გარეთ ბრაზილია იყო, სადაც 1980 წელს შევიდა. გამორჩეული იყო 2008 წელი, როდესაც “დანკინი“ მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე, ჩინეთში შევიდა. პირველი რესტორანი შანხაიში გახსნა. ამ დროს კომპანიის წლიური შემოსავალი ნახევარ მილიარდ დოლარს აღწევდა, ეს თანხა 7  წელიწადში გაორმაგდა.

2010-იან წლებში, “დანკინ დონატსმა“ ევროპაში დაიწყო გაფართოება. 2014 წელს სკანდინავიის ქვეყნებში შევიდა, 2015 წელს კი პოლონეთში გახსნა პირველი რესტორანი. 2015 წელს, “დანკინ დონატსი“ საქართველოშც გაიხსნა, რომლის დახლებთან გახსნის დღესვე ხალხმრავალი რიგები დადგა.

2019  წლიდან ბრენდის სახელი შეიცვალა და “Dunkin“ დაერქვა, “Donuts“-ის გარეშე, თუმცა ოფიციალური დასახელების მიუხედავად, ის დღემდე  “Dunkin’ Donuts“-ის სახელით უფროა ცნობილი.

2020 წლის დეკემბერში, “დანკინ დონატსი“ ამერიკულმა ჰოლდინგურმა კომპანიამ “Inspire Brands“-მა შეისყიდა 11 მილიარდ დოლარად. თავის მხრივ, “Inspire Brands“, რომელიც 8 ბრენდს აერთიანებს რესტორნების და კვების სექტორში, კომპანია “Roark Capital Group“-ის შვილობილია.

დღეს “დანკინ დონატსს“ მსოფლიოს 36 ქვეყანაში, 11 ათასზე მეტი რესტორანი აქვს, რომლებიც ყოველდღიურად 5 მლნ-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა