"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

სირიადა: დასასრული თუ დასაწყისი?!

სირიადა: დასასრული თუ დასაწყისი?!

2000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, ძირითადად ელიტური ქვედანაყოფებიდან, უახლოეს მომავალში დატოვებს სირიის ტერიტორიას. ამის შესახებ ამცნო მსოფლიოს პრეზიდენტმა ტრამპმა ტვიტერის მეშვეობით. ეს ამბავი ერთდროულად გაიგეს სირიაში ქურთმა მებრძოლებმა, ბაშარ ასადის რეჟიმის მსხვერპლმა მილიონობით სირიელმა დევნილმა და…. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, 4-ვარსკვლავიანმა გენერალმა ჯეიმს მატისმა.

პირველმა შედეგმაც, ჩემი აზრით, ძალიან უარყოფითმა გლობალური უსაფრთხოებისთვის და აშშ-ს ადმინისტრაციისთვის, არ დაახანა: აშშ-ს თავდაცვის მდივანი თანამდებობიდან გადადგა. ის თავისი უფლებამოსილებების შესრულებას თებერვალში დაასრულებს. ძალიანაც ცუდი. მისი მიმართვაც გადადგომის თაობაზე მრავლისმთქმელია. წერილიდან აშკარად ჩანს, რომ ჯიმ მატისს და პრეზიდენტ ტრამპს არა მხოლოდ სირიის და ავღანეთის საკითხებზე, არამედ ზოგადად ღირებულებებთან დაკავშირებით აქვთ მნიშვნელოვანი განსხვავებები. განსაკუთრებით, ის ხაზს უსვამს მოკავშირეებისადმი ერთგულების მნიშვნელობას და გამოწვევების, არაკეთილმოსურნე ქვეყნების და მათი ლიდერების წინააღმდეგ ერთად დგომის აუცილებლობას. ჯ.მატისი ასევე ღიად ამბობს, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება ჰყავდეს თავდაცვის მდივანი, რომელიც იზიარებს მის ხედვებს და გადაწყვეტილებებს. მოკლედ, განსხვავებით ყველა სხვა გადადგომა/გათავისუფლებიდან, მ.შ. დამსახურებული გენერლების ჯონ კელის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტიდან და ჰერბერტ მაკმასტერის ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის თანამდებობიდან, გენერალ მატისის გადადგომას ექსპერტულ, დიპლომატიურ და სამხედრო წრეებში განიხილავენ, როგორც “ადმინისტრაციიდან უკანასკნელი ზრდასრულის წასვლას” და “ტრამპის მმართველობის დასასრულის დასაწყისად”.

გენერალ მატისის წასვლა დიდი დანაკლისია ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვისაც. როგორც დახელოვნებული პოლიტიკოსი და დიპლომატი, ისე მოქმედებდა გენერალი მატისი ორი წლის განმავლობაში ყველა ფრონტზე. ის არწმუნებდა მოკავშირეებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, რომ აშშ-ს მათდამი ერთგულება ურყევია. უმეტეს შემთხვევაში სწორედ მას უწევდა მისი მთავარსარდლის ტვიტაქტივობის გაწონასწორება, გაშალაშინება და დაბალანსება, რითაც არანაირად არ ამართლებდა მისთვის მინიჭებულ ზედმეტსახელს “ცოფიანი ძაღლი”. მისი სჯეროდათ ნატო-შიც, იაპონიაშიც და ავსტრალიაშიც. მექსიკის საზღვარზე სამხედროების გაგზავნის ბრძანება, როგორც ჭეშმარიტმა სამხედრომ, წინააღმდეგობის მიუხედავად, უსიტყვოდ მიიღო. ამისთვის კრიტიკის ქარცეცხლის ატანაც მოუწია, მაგრამ სირიიდან გასვლის ტვიტგადაწყვეტილებას აღარ შეეგუა. მითუმეტეს, რომ ამას ახლა ავღანეთის კონტიგენტის განახევრების, ანუ 7 ათასი სამხედროს გაყვანის შესახებ გადაწყვეტილებაც დაემატება, რომელიც წესით იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვაში უნდა გახმიანდეს. 

კაი, აშშ-ს საშინაო ამბებს ცოტა ხნით თავი დავანებოთ და დავაკვირდეთ მათ, ვისაც უშუალოდ შეეხება ეს გადაწყვეტილება. დონალდ ტრამპმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია “დაეშ”-ის, იგივე აისის-ის წინააღმდეგ ბრძოლა წარმატებით დასრულდა. ამ ხმამაღალ განცხადებას არ იზიარებს არავინ დედამიწის ზურგზე, არც ამერიკელები, არც ქურთები, არც თურქები და არც სიხარულისგან აჭყლოპინებული რუსები. არ იზიარებენ, იმიტომ რომ სირიაში ჯერ კიდევ დარჩენილია 5 ათასი ტერორისტი, რომელიც გამაგრებულია მდინარე ევფრატის სანაპიროზე მდებარე სირიის ქალაქ ჰაჯინში. ამ წუთებშიც კი მათ უტევს 15 ათას კაციანი სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) გაერთიანება, რომლის დიდ ნაწილს შეადგენს ქურთული YPG-is 12-ათასიანი კონტიგენტი. ეს გაერთიანება წლების მანძილზე მხარდაჭერილი იყო მატერიალური და ადამიანური რესურსით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. ისინი იყვნენ აშშ-ს მთავარი მოკავშირეები რეგიონში. სწორედ ამერიკული კონტიგენტის ადგილზე ყოფნა იყო ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი თურქეთისთვის, ასადის რეჟიმისთვის, რუსეთისა და ირანისთვის. ამერიკელების გასვლით პირველ რიგში ისარგებლებს თურქეთი და შეუტევს ქურთულ დანაყოფებს. ხელ-ფეხი გაეხსნათ რუსებსაც. მე მაპატიეთ, მაგრამ ძალიან მაზალო სანახავი და მოსასმენია, როცა გადაწყვეტილებას გიწონებს ვლაძიმერ პუწინი და სარკასტულად ჭყავიან მისი აფთრები აგიტპროპის არხებში. რეგიონში მნიშვნელოვნად მოღონიერდებიან ტრამპის დაუძინებელი მტერი აიათოლებიც. შესაბამისად სერიოზულად გაიზრდება საფრთხე რეგიონში აშშ-ს სტრატეგიული მოკავშირის ისრაელისთვის. ლოგიკურად ისმის შეკითხვა: რატომ? რამ განაპირობა აშშ-ს პრეზიდენტის ეს უაღრესად სარისკო ნაბიჯი? 

ჩემი აზრით, ტრამპის გადაწყვეტილება უფრო ბიზნესმენის გადაწყვეტილებას ჰგავს, ვიდრე ზესახელმწიფოს და გლობალური ლიდერისას. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენტაგონმა მისცა თანხმობა თურქეთს ამერიკული სარაკეტო სისტემების “პეტრიოტის” შეძენაზე. კონტრაქტის ღირებულება 3.5 მილიარდია!!! ცალსახაა, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ურთიერთობა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშესთან, ნატო-ს წევრ თურქეთთან, რომელიც გაცილებით უფრო მსხვილი და მძლავრი ძალაა, ვიდრე ქურთული პარამილიტარული ორგანიზაცია და მათზე კიდევ უფრო სუსტი სირიის ზომიერი ოპოზიციური დემოკრატიული ძალები.

რა თქმა უნდა. კარგია, რომ ნატო-ს წევრ თურქეთთან ურთიერთობა გაუმჯობესდება. რა თქმა უნდა. კარგია, რომ ამერიკელი სამხედროები დაუბრუნდნენ მსვიდობიანად თავის ოჯახებს და მუდმივი დისლოკაციის ადგილს, მაგრამ ტრამპის ოპონენტი თუ მხარდამჭერი გავლენიანი პოლიტიკოსების აზრით: 1. სერიოზულად შეირყევა აშშ-ს, როგორც საიმედო მოკავშირის იმიჯი 2. აისის-ის ნარჩენები გაიფანტება, მოედება ევროპას და აზიას და გაიზრდება კვლავ ტერორიზმის საფრთხე და 3. საბოლოოდ გაფორმდება რუსეთის მნიშვნელოვანი გამარჯვება ახლო აღმოსავლეთში, რასაც აუცლებლად მოყვება ვ.პუწინის კიდევ უფრო მეტი ყელყელაობა, საუბედეროდ არა მხოლოდ სირიასა და ახლო აღმოსავლეთში.

გააზიარე