"დავიბადე 1993 წლის 3 დეკემბერს. 2012 წელს დავამთავრე ამერიკული აკადემია თბილისში და ამჟამად ვარ ნორთისტერნის უნივერსიტეტის (Northeastern University, Boston, Mass, USA) ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი".

ყოველდღიური ბიზნესი

ყოველდღიური ბიზნესი

უკვე მესამე წელი დასრულდა, რაც ამერიკაში, მასაჩუსეტსის შტატში, ნორთისტერნის უნივერსიტეტში (Northeastern University) ბიზნესსა და მეწარმეობას ვსწავლობ. პატარა რომ ვიყავი, ვფიქრობდი: 20-21 წლის რომ ვიქნები, უკვე ყველაფერი მეცოდინება–მეთქი. რეალობაში კი ისე მომეპარა უნივერსიტეტის მეოთხე კურსი, თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარი. გამოგიტყდებით, ორი სამეუშაო პრაქტიკისა და სამი ზაფხულის სკოლის შემდეგ, ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ რაც მეტს ნახავ და გაიგებ, მით უფრო მეტი რჩება გასაგები და სანახავი. სამწუხაროდ, საფიქრალი დრო ყოველთვის იმაზე უფრო ცოტა მაქვს, ვიდრე მინდა. მაგრამ ამ ზაფხულს მტკიცედ გადავწყვიტე ჩამოვწერო რა ვისწავლე, გავიაზრო ჩემი განათლების ხარისხი და ჩემს მომავალ მისწრაფებებს აზრიანი საფუძველი ჩავუყარო. პატარა გოგო აღარ ვარ და მინდა მქონდეს ზუსტი პასუხი იმაზე, თუ რა ვისწავლე ამ სამი წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ, ჩემოვწერე შვიდი წინადადება და მათი მნიშვნელობა საფინანსო ბაზრისთვის და ჩემი ინტელექტუალურ განვითარებისთვის. გადავწყვიტე თქვენც გაგიზიაროთ.

გამოცდილ ეკონომისტებსა და ფინანსისტებს ვერაფერს ვასწავლი, მაგრამ იმედი მაქვს ჩემს თანატოლებს დავეხმარები თანამედროვე ბიზნესის კონცეფციის გაგება-გააზრებაში. ამით დავიწყებ, მომავალში კი გპირდებით ამ ცნებების პრაქტიკული მაგალითებით აღწერას. ერთი სიტყვით, ვეცდები, ბიზნესი საკლასო ოთახიდან ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოვიტანო – ვაქციო ჩემი თეორიული ცოდნა პრაქტიკულ დაკვირვებად.

1. მოთხოვნა–მიწოდების ძალები განაგებენ ბაზრებს და ამ ძალებზე დაკვირვებით იქმნება პროდუქტები, წარმოების ოთხი ფაქტორის (მიწა, შრომა, კაპიტალი და მეწარმეობა) გამოყენებით. ამ ოთხს შორის, თანამედროვე საგანმანათლებლო ინსტიტუციები, მეწარმეობას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ინოვაციური ბიზნესის საწყის წერტილად აღიქვამენ – სწორედ ამიტომ მეწარმეობა პროფესიაა და არა მხოლოდ მდგომარეობა.

2. ფინანსური წიგნების წაკითხვის უნარი ზუსტად ისეა მნიშვნელოვანი ფინანსურ სამყაროში, როგორც კითხვა ლიტერატურაში, მაგრამ წარმატების მისაღწევად მხოლოდ ეს არ კმარა. აუცილებელია ეკონომიკური თეორიისა და ისტორიის ცოდნა, რათა მოხდეს გარშემო მსოფლიოს აღქმა, ახსნა და მომავლის წინასწარმეტყველება. გაკვეთილებზე მუდმივად მესმის, ბიზნესის ციკლი, რეცესიისა და ეკონომიკური ბუმის მიზეზები, შედეგები, ტრენდები გლობალურ და ლოკალურ ფინანსურ ბაზრებზე. ჩემი აზრით, ამ ფენომენების გაგების, საჭირო თეორიისა და პრაქტიკული მაგალითების გაუაზრებლად არ აქვს ფასი კედელზე ჩამოკიდულ დიპლომს. რაც შეეხება, ფორმულებსა და შეფარდებებს: გამოგიტყდებით, ზეპირად მათ უმრავლესობას ვერ ჩამოგითვლით, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თვითონ ფინანსური ფარდობები არ აღწერენ ბიზნესის რთულ რეალობას – ისინი საჭირო კითხვების დასასმელად აუცილებელ მომენტუმს გვაძლევენ. როგორ გამოიყურება Google-ის ბალანსი, რამხელაა Apple-ის ამონაღები კაპიტალზე, რა წარმოების რაოდენობას უნდა მიაღწიოს Coca Cola-ს ახალმა პროდუქტმა, რომ ამოიღოს ინვესტიცია. ზუსტად ამ ელემენტების ერთობლიობა გვაძლევს საშუალებას გავიგოთ ბიზნესის ოპერაციები, შესაძლებლობები და საფრთხეები და ჩამოვაყალიბოთ ჩვენი დაკვირვებები კომპანიის მომავლის შესახებ.

3. მისია, გეგმა და გაზომვითი მიზნები: ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება პატარა ბიზნესის მმართველმა დაუშვას არის – დაიწყოს ბიზნესი ბიზნესგეგმის გარეშე. შეიძლება მას ესმოდეს ეკონომიკური პრინციპები, ბიზნესის ენა და თეორია, მაგრამ ბიზნესგეგმის გარეშე წარმატების მიღწევა ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ, პირველივე კურსზე ბიზნესგეგმის დაწერას, პოტენციური ინვესტორებისთვის წარდგენას და კაპიტალის მოზიდვას გვასწავლიან. პირობას გაძლევთ ეს არც თუ ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ბიზნესგეგმას აუცილებლად უნდა ქონდეს მისია – თუ რატომ არსებობს ბიზნესი. ტედი – ნონ-პროფიტი, რომელიც სხვადასხვა ბაზრებზე ვიდეოების დიდი კოლექციისთვის მიძღვნილი ვებსაიტია – იდეების გასავრცელებლად შეიქმნა, წითელი ჯვარი საგანგაშო მდგომარეობის დროს ადამიანური ტანჯვის შესამსუბუქებლად და თავიდან ასაცილებლად. მისია მეწარმეს საშუალებას აძლევს, მოიზიდოს ფინანსური და ადამიანური კაპიტალი, იპოვოს ის ადამიანები, ვისაც აერთიანებს საერთო მისწრაფებები და მიზნები. იმისთვის, რომ ბიზნესი შესაძლებელი გახდეს, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მისწრაფებებისა და მიზნების გაზომვა და მომავლისთვის მათი კონკრეტული შეფასებითი კრიტერიუმის მოძებნა. მარკეტინგის დეპარტამენში ექვსთვიანი პრაქტიკის დროს სწორედ ეს ვისწავლე: იმ მექანიზმებისა და პროცედურების შემუშავება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მარკეტინგული კამპანიის წარმეტების შეფასებას მატერიალური საზომებით.

4. საკუთრება, ინოვაცია და მდგრადი განვითარების ღირებულებები ისეა მნიშვნელოვანი თანამედროვე მსოფლიოში როგორც არასდროს. ფილიპსი – საუკეთესო მაგალითია იმ კომპანიის, რომელიც ასეთი პრინციპებით ხელმძღვანელობს. ფილიპსის ლოგო ყველა მის პროდუქტს ამშვენებს, ინოვაციით ისინი გამოყოფენ თავის პროდუქტებს კონკურენტებისაგან და მდგრადი განვითარების იდეით „ფილიპსი“გვპირდება მსოფლიოში უფრო ჯანსაღი გარემოს შექმნას. სწორედ ასე იზიდავს „ფილიპსი“ ტალანტებს, (ინჟინრებს, მკვლევარებს) კაპიტალს (ინვესტორებს) და კლიენტურას (მე და თქვენ).

5. საზოგადოებასთან ურთიერთობები, მედია და კომუნიკაცია ბიზნესის განუყოფელი ნაწილი გახდა მეოცე საუკუნის დასაწყისიდან. ბიზნესსკოლაში სწავლა არ სჭირდება ამ გააზრებას, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩემს სიაში მათი მოხსენიებაც, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგის მნიშვნელობას ყველა აცნობიერებს, საზოგადოებრივ იმიჯს გადაუწყვეტია კომპანიების ფინანსური წარმატება-წარუმატებლობა და ხანდახან ამ იმიჯს საჭიროდ არ გაფრთხილებიან გლობალური ბრენდები. მაგალითად, Philip Morris-მა საზოგადოებასთან ურთიერთობისას დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომ ჩეხეთის მთავრობისთვის ფინანსურად სასარგებლო იყო სიგარეტით გამოწვეული სიკვდილი ან როდესაც ამერიკული პიცის კომპანია, დომინოს, ორმა თამამშრომელმა ვიდეო გამოქვეყნა, სადაც აჩვენებდნენ, თუ რას უშვრებოდნენ ისინი საჭმელს, სანამ კლიენტთან გააგზავნიდნენ. საზოგადოებასთან ურთიერთობები, მედია და კომუნიკაცია ქმნიან რეპუტაციას და თანამედროვე მსოფლიოში რეპუტაცია ახალი ვალუტაა. გპირდებით, ამ ფენომენზე აუცილებლად მოგიყვებით.

6. ჯგუფური მუშაობა, გლობალური აზროვნება და ტექნოლოგია. თითქმის ყველა კურსს, რომელსაც უნივერსიტეტში ვიღებ ჯგუფური მუშაობის კომპონენტი აქვს. ამერიკული განათლების სისტემა საფუძველებიდან გვასწავლის სხვა ადამიანების ნიჭისა და უნარების გამოყენებას, აზრების გაზიარებას და კოლაბორაციას. სწორედ ამ ბაზისიდან იწყება გლობალური აზროვნების ფენომენი, რაც ტექნოლოგიის გარეშე შეუძლებელია. თანამედროვე ტექნოლოგიები აერთიანებს იდეებს, ადამიანებსა და კონტინენტებსაც კი – ბიზნესის განუყოფელი ნაწილია მენეჯმენტის ინფორმაციული სისტემები, რომლებიც მომავალ ლიდერებს ასწავლის ინფორმაციული ტექნოლოგიების ენას, რაც ამცირებს ბარიერს კომპიუტერებსა და ადამიანებს, ბიზნესსა და გლობალურ ბაზრებს შორის.

7. ამ სამი წლის განმავლობაში გავაცნობიერე, რომ დამოკიდებულება დღევანდელი წარუმატებლობის მიმართ განსაზღვრავს ხვალინდელ წარმატებას. რა აერთიანებს ნიკ ვუდმანს (გო-პროს დამაარსებელი), ჯაიმს დაისონს (დაისონის მტვერსასრუტების გამომგონებელს) და სტივ ჯობსს? დამოკიდებულება წარუმატებლობის მიმართ. სანამ ისინი მოხვდებოდნენ ფორბსის სიის სათავეებში, მათ ჰქონდათ წარუმატებელი პროექტები, კომპანიები და პროტოტიპები, მაგრამ მათ შეძლეს წარსული წარუმატებლობები უკურექციის მექანიზმად ექციათ და კორპორატიული იმპერიები აეშენებინათ იმ გამოცდილებით, რაც წარუმატებლობისგან მიიღეს. სწორედ ასეთ დამოკიდებულებას გვასწავლიან წარუმატებლობის მიმართ ამერიკულ უნივერსიტეტებში.

და ბოლოს: მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ექსპერტის ტიტული ფანტასტიკურად ჟღერს, უნდა ვაღიაროთ, რომ მე არც ფინანსისტი ვარ და არც ექსპერტი. მე მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ, რომელიც ცდილობს აზრი გამოიტანოს იმ ინფორმაციისგან, რომელსაც უნივერსიტეტში იღებს და იმედოვნებს რომ ამ პროცესში ჩემი აზრების ნაკადი საინტერესო საკითხავი გამოვა.

გააზიარე