ფოტო: Vatican News
რომის პაპმა, ლეო XIV-მ, ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიური გიგანტების მზარდი გავლენის შესახებ გაფრთხილება კიდევ უფრო გაამკაცრა. პაპმა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მონაცემებისა და ალგორითმების კონტროლი მცირე ჯგუფის ხელში არ უნდა მოექცეს და ამ პროცესზე საზოგადოებრივი ზედამხედველობა აუცილებელია.
ლეო XIV-ის განცხადებით, ალგორითმებთან, მონაცემებსა და ციფრულ პლატფორმებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მხოლოდ გავლენიან კერძო კომპანიებს არ უნდა ეკუთვნოდეთ. მისი თქმით, აუცილებელია გლობალური თანამშრომლობა და ანგარიშვალდებულება, რათა ტექნოლოგიური განვითარება მხოლოდ მოგებაზე არ იყოს ორიენტირებული.
„ციფრულ ეპოქაში სამართლიანი სოციალური წესრიგი ყველას აძლევს შესაძლებლობებზე თანაბარ წვდომას, იცავს საზოგადოების ყველაზე ახალგაზრდა და მოწყვლად წევრებს, ებრძვის სიძულვილსა და დეზინფორმაციას და მონაცემებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას საზოგადოებრივი ზედამხედველობის ქვეშ აყენებს, რათა წამყვანი პრინციპი იყოს არა მხოლოდ მოგება, არამედ თითოეული ადამიანის ღირსება და საერთო კეთილდღეობა“ – დაწერა პაპმა X-ზე.
პაპის თქმით, მონაცემები, ალგორითმები და ციფრული ინფრასტრუქტურა თანამედროვე ეპოქის საკუთრების ფორმად უნდა განიხილებოდეს, რის გამოც მათზე ფართო წვდომა და კონტროლი საჭიროა, რათა ეკონომიკური უთანასწორობა კიდევ უფრო არ გაღრმავდეს.
მან ასევე გააფრთხილა საზოგადოება, რომ ტექნოლოგიასა და ცოდნაზე კონცენტრირებულმა კონტროლმა შესაძლოა ახალი სოციალური დაყოფა გამოიწვიოს: მათ შორის, ვინც ციფრულ რევოლუციაში მონაწილეობას შეძლებს და მათ შორის, ვინც ამ პროცესს მიღმა დარჩება.
პირველი ამერიკელი პაპი ხელოვნურ ინტელექტს საკუთარი პაპობის ერთ-ერთ მთავარ თემად აქცევს და ცდილობს, კათოლიკური ეკლესია სილიკონის ველის მზარდი ძალაუფლების მორალურ საპირწონედ აქციოს. მის მიერ ახლახან გამოქვეყნებული ენციკლიკა „Magnifica Humanitas“ AI-ის თემაზე ყველაზე მასშტაბურ რელიგიურ განცხადებად მიიჩნევა.
დოკუმენტში პაპი მთავრობებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწოდებს, ინოვაციები ადამიანის ღირსების, შრომისა და სოციალური სტაბილურობის ხარჯზე არ განავითარონ. პაპი სვამს კითხვას, თუ „სად მიემართება კაცობრიობა AI-ის ეპოქაში?“. ის ასევე აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი არ უნდა გადაიქცეს „დომინაციის, გარიყვისა და სიკვდილის“ ინსტრუმენტად.
ვატიკანმა „Magnifica Humanitas“-ი ორშაბათს, Anthropic-ის თანადამფუძნებელ კრისტოფერ ოლასთან ერთად გამართული პრეზენტაციის დროს წარადგინა. Anthropic-ი, რომელიც დიდ ენობრივ მოდელებს (LLM) და ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ასისტენტ-ინსტრუმენტებს ქმნის, AI-რბოლაში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.
აღსანიშნავია, რომ AI-ის შესახებ დოკუმენტის გამოქვეყნებას წინ უსწრებდა პაპის ისტორიული ბოდიში, რომელშიც მან აღიარა ვატიკანის როლი მონობის ლეგიტიმაციაში. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში სხვა პაპებსაც მოუხდიათ ბოდიში ქრისტიანების მონაწილეობისთვის ტრანსატლანტიკურ მონათვაჭრობაში, ლეო XIV პირველი პაპია, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ წარსულში პაპები ევროპელ მმართველებს არაქრისტიანების დამორჩილებისა და დამონების უფლებას აძლევდნენ. პაპმა ეკლესიის ეს ისტორია „ქრისტიანული მეხსიერების ჭრილობად“ შეაფასა.













