ფოტო: Reuters/Maxim Shemetov
რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის საკანონმდებლო უწყებამ მიიღო კანონი, რომელიც ცენტრალურ ბანკს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს ნებას რთავს, მართონ საჰაერო თავდაცვითი სისტემები და შეაიარაღონ პერსონალი, რათა დრონებით თავდასხმები სპეციალური ძალების ჩარევის გარეშე მოიგერიონ.
2022 წლის 24 თებერვალს მოსკოვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინა რეგულარულად ახორციელებს თავდასხმას რუსეთზე დრონების მეშვეობით. ყველაზე ხშირი სამიზნე რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა. აღნიშნულის მიზანი კი რუსეთის მიერ ომის დაფინანსების გზების შემცირებაა.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დრონებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემები ცენტრალური ბანკის, ქვეყნის უდიდესი ბანკის, „სბერბანკის“ და რუსეთის ნაღდი ფულის საინკასაციო ასოციაციის გვერდით განთავსდება. ამ ინსტიტუტების თანამშრომლებს შეიარაღების უფლებაც ექნებათ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „РБК“ იტყობინება, ინსტიტუტები დრონებით თავდაცვის ხარჯებს თავად დაფარავენ.
სამშაბათს, რუსეთის ყველაზე გავლენიანი ბიზნესლობის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ შოხინმა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ კომპანიები მზად არიან დააფინანსონ უფრო მძიმე შეიარაღებისა და ელექტრონული თავდაცვის სისტემების შეძენა, რათა დაიცვან თავიანთი ინფრასტრუქტურა დრონების თავდასხმებისგან.

















