ფოტო: Reuters
ჩიპების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Micron Technology ტრილიონდოლარიან კომპანიათა კლუბს შეუერთდა. კომპანიის აქციების ღირებულება სამშაბათს, 26 მაისს, 18%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც Micron-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ დოლარს პირველად გადააჭარბა.
აქციების მკვეთრი ზრდა ძირითადად საინვესტიციო ბანკ UBS-ის ანალიტიკოსების შეფასებამ განაპირობა. მათ Micron-ის სამიზნე ფასი სამჯერ, 1,625 დოლარამდე გაზარდეს. UBS-ის პროგნოზით, მომდევნო 12 თვის განმავლობაში კომპანიის შეფასებამ შესაძლოა 1.8 ტრილიონ დოლარსაც მიაღწიოს.
აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე მაღალი სამიზნე ფასია იმ 46 საინვესტიციო კომპანიის შორის, რომლებიც Micron-ს ფარავენ. FactSet-ის მონაცემებით, ანალიტიკოსთა საშუალო სამიზნე ფასი ამ დროისთვის 684.32 დოლარს შეადგენს. რაც შეეხება Micron-ის ერთი აქციის ამჟამინდელ ღირებულებას, ის ბირჟის დახურვის პერიოდისთვის 895,88 დოლარს გაუტოლდა.
Micron-ის აქციების 2026 წლის განმავლობაში უკვე 177%-ით არის გაძვირებული, ხოლო ბოლო 12 თვეში ზრდამ 800%-ს გადააჭარბა, რაც მას S&P 500-ის ერთ-ერთ საუკეთესო შედეგიან კომპანიად აქცევს.
შეგახსენებთ, Micron-ი მეხსიერების ჩიპების წარმოებაშია სპეციალიზებული. თანამედროვე AI-სერვერებს დიდი მოცულობის მონაცემების სწრაფად დამუშავება სჭირდებათ, რის გამოც მაღალი გამტარუნარიანობის მეხსიერების ჩიპები (HBM) ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და დეფიციტურ კომპონენტად იქცა. Micron-ი კი მსოფლიოში იმ სამ კომპანიას შორისაა, რომელთაც ასეთი ჩიპების მასშტაბურად წარმოება შეუძლია. ბაზრის დანარჩენი ორი მოთამაშე სამხრეთკორეული Samsung Electronics-ი და SK Hynix-ი არიან.
ცნობისთვის, Micron-ი მომდევნო ფინანსურ ანგარიშს ივნისში გამოაქვეყნებს. ინვესტორები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ იმას, შეძლებს თუ არა კომპანია ახალი თაობის ჩიპების წარმოების გეგმის შესრულებას და შეინარჩუნებს თუ არა გრძელვადიან კონტრაქტებს მომხმარებლებთან, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც Samsung-ი და SK Hynix-ი წარმოების მოცულობის ზრდას აგრძელებენ.












