"ვარ ბიზნეს კონსულტანტი..."

ცოტა რამ ფილანტროპიაზე

ცოტა რამ ფილანტროპიაზე

ფილანტროპია იგივე ქველმოქმედებაა და მისი ბევრი განსხვავებული ფორმა არსებობს. მაგალითად, როცა  შემწეობას ითხოვს ადამიანი და თქვენ მას ფულს აძლევთ, ზუსტად იცით, რომ ამ საქციელისკენ საკუთარი მორალური და სოციალური პასუხისგებლობა  გიბიძგებთ. არანაირ სარგებელს არ ელოდებით ბენეფიციარისგან (ყოველ შემთხვევაში ამ ცხოვრებაში). საქართველოში ძალიან გავრცელებული ფორმაა, დაეხმარო გაჭირვებულს, ამოიღო შენი კუთვნილი ფული ჯიბიდან, მისცე, მშიერი არ დატოვო ადამიანი და თვითკმარი სახით გააგრძელო გზა.

ფილანტროპიის საფუძვლები ალტრუიზმშია. ალტრუიზმის შესწავლა დიდი ხანია ფსიქოლოგების ინტერესის სფეროს წარმოადგენს. რატომ აკეთებენ სიკეთეს ადამიანები  ისე, რომ სარგებელს არ ელოდებიან სამაგიეროდ? ერთ-ერთი თეორიის მიხედვით ალტრუიზმი კარგად შეფუთული ეგოიზმია და რეალურად ადამიანების ეგოცენტრული მისწრაფებების დაკმაყოფილებას ემსახურება. ამ დროს შენ საკუთარ მნიშვნელობას უსვამ ხაზს. როცა ვინმე გეცოდება და მის დასახმარებლად კონკრეტულ აქტივობას მიმართავ, მასზე მაღლა აყენებ თავს და ესეც ეგოს გამყარების ერთ-ერთი საშუალებაა. 

მოკლედ, ძალიან რომ არ დავაკნინო თქვენი ალტრუისტული და ქველმოქმედი ბუნება აქ შევჩერდები და ფილანტროპიის სისტემურ ხასიათზე და მის შედეგებზე გავამახვილებ ყურადღებას. ეს იმიტომ, რომ როგორც ერთ-ერთი ჩინური ანდაზა გვეუნება: „თუ სიკეთე გინდა, თევზი კი არ მისცე მშიერს, თევზის ჭერა ასწავლე.“

ეს ანდაზა განვითარების, დოვლათის, სოციალური და ეკონომიკურ კაპიტალის შექმნის საწყისებს ეხმიანება და მარტივად გადმოსცემს თეზას, რაზეც ეკონომისტები დიდი ხანია აპელირებენ. სოციალური დახმარება უნდა იყოს ორგანიზებული, რომელიც არა კონკრეტული საჭიროების ერთჯერად დაკმაყოფილებას ესწრაფვის, არამედ აქვს პრეტენზია, რომ შექმნას სისტემა, სადაც სიღარიბეს ორგანიზებულად ებრძვის.

ამ ფერხულში ინდივიდები, ბიზნეს ორგანიზაციები, მთავრობა და ყველა სხვა დაინტერესებული ჯგუფია ჩართული. თქვენი ყურადღება მინდა ბიზნეს ორგანიზაციების ფილანტროპიაში ჩართულობაზე შევაჩერო და გაგიზიაროთ მსოფლიო გამოცდილება. ბოლო წლების კვლევები, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ არის ჩატარებული, გვეუბნება, რომ სოციალური პასუხისმგებლობა, რომელსაც კომპანია ავითარებს და  ფილანტროპიის ძალიან გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს, გრძელვადიან პერიოდში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანია, ვიდრე მარკეტინგული ხარჯები გაწეული ბრენდის ცნობადობის და ლოიალობის ასამაღლებლად.  შესაბამისად XXI საუკუნის პირველი და მეორე დეკადა სოციალურ პასუხსიმგებლობაში ჩართული კომპანიების როლია და სოციალური პროგრესის უმნიშვნელოვანეს დრაივერს წარმოადგენს.

Apple, Google, Microsoft, Pepsi, Shell არიან კომპანიები, რომელიც კორპორატიული ფილანტროპიის საუკეთესო მაგალითს იძლევიან. ასეთი კომპანიების წყალობით წელიწადში დაახლოებით 500 მილიარდის დონაცია კეთდება მიზნობრივად, რომელიც კონკრეტულ სოციალურად დაუცველ მოწყვლად ჯგუფს და ინდივიდს ეხმარება.

რა ხდება საქართველოში ამ მიმართულებით? თუ რამდენად სწორად ესმით ქართულ კომპანიებს ფილანტროპიის და სოციალური პასუხისმგებლობის როლი კარგად ჩანს შემდეგ მაგალითში: ერთ-ერთმა რძის პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიამ ასეთი აქცია გააკეთა: თუ იყიდდი ამ კომპანიის მიერ წარმოებულ მაწონს, ერთი თეთრი შენი გადახდილი თანხიდან უპატრონო ბავშვთა სახლში ირიცხება. ამ აქციას მოჰყვა მნიშვნელოვანი გამოხმაურება მედიაში, კომპანიის პიარი ყველგან აღნიშნავდა, რომ ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა, ინოვატორები არიან ამ მიმართულებით და ახალ სტანდარტებს ნერგავენ ქართულ ბიზნეს კულტურაში.  სინამდვილეში კი, ეს არის კლასიკური მაგალითი, როცა კონკრეტულ ცნებებს ერთმანეთში ვურევთ. ეს შეიძლება იყოს ფილანტროპული საქციელი მყიდველის მხრიდან, მაგრამ კომპანია ამ აქციას ნამდვილად არ უნდა ასაღებდეს, როგორც სოციალურ პასუხისმგებლობას. ეს კომპანიის მიზნობრივი მარკეტინგია. კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის და კორპორატიული ფილანტროპიის ფარგლებში გაკეთებული აქტივობები კომპანიის შემოსავლებს პირდაპირ არ უნდა ზრდიდეს. სამაგიეროდ ეს აქტივობები გრძელ ვადაში დიდ დამატებით ღირებულებას ქმნის ორგანიზაციისთვის, ამყარებს კომპანიის ბრენდსა და იმიჯს. თუ მე ჩემი პროდუქციის გაყიდვებს ვზრდი კონკრეტული ინიციატივით, ეს ჩვეულებრივი მარკეტინგული აქტივობაა და სოციალურ პასუხისმგებლობასთან არაფერ შუაშია.

კიდევ შემიძლია ბევრი მაგალითის მოყვანა, როცა ქველოქმედების უცნაურ ინტერპრეტაციებს ვაწყდებით  ქართულ რეალობაში. მაგრამ თავს შევიკავებ.

ქართულ კომპანიებს  ვურჩევ, რომ არ მოერიდოთ დაარქვან ყველაფერს თავის სახელი, იყვნენ გულწრფელები და შეეცადონ სწორად აიდგან ფეხი სოციალური პასუხისმგებლობის და კორპორატიული ფილანტროპიის მიმართულებით.

ბოლოს კი მივესალმები ყველა ინიციატივას, რომელიც სოციალური პროგრესის და ფილანტროპიის ხელშეწყობას და პოპულარიზაციას იწვევს; მივესალმები და მიხარია იმ უჩინარი ადამიანების არსებობა, რომელიც არც ბილ გეითსია, არც უორენ ბაფეტი და ისე იღებს ქრაუდნფანდინგის დონაციურ პლატფორმებში მონაწილეობას. ასეთი ბევრი არსებობს საქართველოში. ჰოდა ინდივიდუალური მზაობა ნიშანია, რომ კორპორატიულ კულტურაშიც გადავა ტრენდი. ასე რომ, წინ მეგობრებო: სიკეთის კეთება მეტად რეალიზებულებს გვხდის! 

გააზიარე