Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში მე-13 ადგილზეა

ბესო-02 (8)

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2023 წლის ეკონომიკის ზრდის რეიტინგში საქართველო მე-13 ადგილზეა 190 ქვეყანას შორის.

მეთოდოლოგია

5 ოქტომბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნების განახლებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლებიც ეკონომიკის ზრდის პროგნოზებსაც მოიცავს.

ეკონომიკის ზრდა ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას ნიშნავს ერთი წლის განმავლობაში. მშპ ეკონომიკის სიდიდის საზომია. ის ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე შექმნილი საქონლისა და მომსახურების ღირებულებას აჯამებს. ეკონომიკის ზრდაზე ინფლაციის ეფექტის გამოსარიცხად, წლების მაჩვენებლები ერთმანეთს ერთი საბაზისო წლის ფასებში უნდა შედარდეს. მაგალითად, თუ 2022 წლისა და 2023 წლის მშპ-ს ორივეს 2022 წლის ფასებით დავითვლით, მათ შორის სხვაობა გამოშვებულ საქონელსა და მომსახურებას შორის ცვლილებას გვაჩვენებს. სწორედ ამ ცვლილებას ჰქვია ეკონომიკის ზრდა.

სავალუტო ფონდის ეკონომიკის ზრდის პროგნოზების ბოლო რეიტინგი 190 ქვეყანას მოიცავს.

საქართველო ეკონომიკის ზრდის რეიტინგში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2023 წლის 5 ოქტომბერს გამოქვეყნებული ეკონომიკის ზრდის პროგნოზების მიხედვით საქართველოს ეკონომიკა 2023 წელს 6.2%-ით გაიზრდება. სწორედ 6.2%-იანი ზრდით იკავებს საქართველო მე-13 ადგილს მსოფლიოში. წელს საქართველოს ეკონომიკაზე სწრაფად მხოლოდ 12 ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება.

ფონდის მიერ აპრილში გამოქვეყნებული პროგნოზების მიხედვით, წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით უნდა გაზრდილიყო. ეკონომიკის ზრდის პროგნოზის ამაღლება მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში დაფიქსირებულმა 7%-იანმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა. საქართველოს მთავრობა 2023 წლისთვის 6.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. წლის პირველ ნახევარში ყველაზე მაღალი ზრდა – 31% ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორში დაფიქსირდა. 19%-იანი ზრდა იყო მშენებლობის სექტორში, განათლებაში – 16%, ვაჭრობაში – 14%. 5.4%-ით შემცირდა სოფლის მეურნეობა.

2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა და, სავალუტო ფონდის მიხედვით, ეკონომიკის ზრდის რეიტინგში მე-12 ადგილზე გავიდა. 2021 წელს კი საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა და რეიტინგში 26-ე იყო. 2020 წელს, პანდემიის გამო, საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა. საქართველოს ეკონომიკაზე მეტად მხოლოდ 56 ქვეყნის ეკონომიკა შემცირდა. 34-მა ქვეყანამ ეკონომიკის ზრდითაც კი დაასრულა 2020 წელი.

2024 წლისთვის სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის 4.8%-ით ზრდას პროგნოზირებს და ამ მაჩვენებლით ეკონომიკის ზრდის რეიტინგში საქართველო მე-40 ადგილზე იქნება.

საქართველოს ეკონომიკის ზრდა და პოზიცია ეკონომიკის ზრდის რეიტინგში

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ქვეყნები, სადაც ეკონომიკა ყველაზე სწრაფად იზრდება

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2023 წელს ყველაზე მეტად გაიანის ეკონომიკა გაიზრდება – 38.4%-ით. ბოლო წლებში გაიანის ეკონომიკის მაღალი ტემპით ზრდა ნავთობისა და გაზის ახალი საბადოების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული.

რეიტინგში მეორე ადგილზე ლიბიაა, რომლის ეკონომიკა წელს 12.5%-ით გაიზრდება. მალდივების ეკონომიკა თითქმის 8.1%-ით გაიზრდება.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან 2023 წელს ყველაზე მეტად სომხეთის ეკონომიკა გაიზრდება – 7%-ით. ამ მაჩვენებლით სომხეთი მსოფლიოში მე-6 ადგილზეა. თურქეთის ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება, აზერბაიჯანის – 2.5%-ით, რუსეთის ეკონომიკა კი 2.2%-ით.

უკრაინის ეკონომიკა 2%-ით გაიზრდება, რაც ძირითადად იმით არის განპირობებული, რომ 2022 წელს უკრაინას 29%-იანი ვარდნა ჰქონდა.

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2023 წელს 18 ქვეყნის ეკონომიკა შემცირდება, მათ შორის, ყველაზე მეტად – 18.3%-ით სუდანის ეკონომიკა შემცირდება. 6.2%-ით შემცირდება ეკვატორული გვინეის ეკონომიკა, ხოლო ერაყის – 2.7%-ით.

ტოპ-10 ქვეყანა ეკონომიკის ზრდის მიხედვით 2023 წელს

 ქვეყანაზრდა
1გაიანა38.4%
2ლიბია12.5%
3მალდივები8.1%
4სამოა8.0%
5ფიჯი7.5%
6სომხეთი7.0%
7მოზამბიკი7.0%
8კონგოს დემოკრატიული რესპ.6.7%
9ტაჯიკეთი6.5%
10ინდოეთი6.3%

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

გააზიარე