"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
ემიგრანტების გზავნილებით საქართველო მსოფლიოში მე-17 ადგილზეა
საზღვარგარეთ დასაქმებულების მიერ საქართველოში გამოგზავნილი თანხებით საქართველო მსოფლიოში მე-17 ადგილზეა.
მეთოდოლოგია
ემიგრანტები გამომუშავებული თანხის ნაწილს თავიანთ ქვეყნებში გზავნიან. ღარიბი ქვეყნებისთვის ასეთი გზავნილები (remittances) მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. ქვეყნების მიხედვით გზავნილების სტატისტიკას სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის, მსოფლიო ბანკი აქვეყნებს, რომლის მონაცემებსაც ამ ბლოგში დავეყრდნობით. ფულადი გზავნილების ბოლო მონაცემები მსოფლიო ბანკს 169 ქვეყნის შესახებ 2020 წლისთვის აქვს გამოქვეყნებული.
როდესაც შედარება ხდება, თუ რომელი ქვეყანა იღებს მეტ გზავნილს ემიგრანტებისგან, ამ დროს უფრო მართებულია, გზავნილების ეკონომიკის მიმართ (მშპ-ის მიმართ) ფარდობა შედარდეს და არა ნომინალური რიცხვები. ლოგიკურია, რომ რაც უფრო მეტია ქვეყნის მოსახლეობა და მეტი ემიგრანტი ჰყავს, ისინი მეტ თანხას გადმორიცხავენ. ეკონომიკის მიმართ ფარდობა კი უჩვენებს, რომელი ქვეყნების ეკონომიკაში თამაშობს უფრო მნიშვნელოვან როლს ემიგრანტების გზავნილები. მაგალითად, ინდოეთისთვის ემიგრანტების მიერ გადარიცხული 100 მილიარდამდე დოლარი უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოსთვის ემიგრანტების გადმორიცხული 2 მილიარდი დოლარი.
საქართველო ფულადი გზავნილების რეიტინგში
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 2020 წელს ემიგრანტების მიერ საქართველოში გადმორიცხულმა თანხამ მშპ-ის 13.3% შეადგინა და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-17 ადგილზეა. საქართველოზე მეტად ფულად გზავნილებზე მხოლოდ 16 ქვეყანაა დამოკიდებული.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით 2020 წელს საქართველოში 1.9 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მსოფლიოში პანდემია და ეკონომიკური კრიზისი იყო, ემიგრანტებმა 153 მლნ დოლარით უფრო მეტი თანხა გადმორიცხეს, ვიდრე 2019 წელს. ამის მიზეზი შესაძლოა ისიც არის, რომ რა თანხაც ფიზიკურად შემოჰქონდათ, როდესაც საქართველოში ჩამოდიოდნენ, ეხლა ის თანხაც გადმორიცხეს, რადგან პანდემიის გამო ქვეყნებს შორის მიმოსვლა შეზღუდული იყო.
გზავნილები ზრდას წელსაც განაგრძობს, იანვარ-სექტემბერში 371 მლნ დოლარით (28%-ით) მეტი გადმოირიცხა, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში.
2020 წელს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა – 364 მლნ დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა. 298 მლნ დოლარი გადმოირიცხა იტალიიდან, 219 მლნ დოლარი საბერძნეთიდან, 218 მლნ აშშ-დან და 157 მლნ დოლარი ისრაელიდან.
ფულადი გზავნილები საქართველოში, მლნ დოლარი
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული ემიგრანტების გადმორიცხულ თანხაზე
მსოფლიო ბანკის მონაცემებით ეკონომიკის მიმართ ყველაზე მეტ თანხას სომალი იღებს. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, სომალი მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, სადაც ერთი მოსახლის საშუალო წლიური შემოსავალი 350 დოლარამდეა. სომალმა 2020 წელს 2 მილიარდ დოლარამდე თანხა მიიღო ემიგრანტებისგან, რაც სომალის ეკონომიკის მესამედზე მეტია. სომალის შემდეგ მოდიან ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, შუა აზიის ყველაზე ღარიბი ქვეყნები. სტატისტიკაც მოწმობს, რომ ემიგრანტების გზავნილები ღარიბი ქვეყნებისთვის არის მნიშვნელოვანი.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთია ყველაზე მეტად ფულად გზავნილებზე დამოკიდებული, 2020 წელს გზავნილებმა მშპ-ის 10.5% შეადგინა. აზერბაიჯანში გზავნილები მშპ-ის მიმართ 3.3%-ია, რუსეთში 0.7%, ხოლო თურქეთში 0.1%.
მსოფლიოში ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხაზე ყველაზე ნაკლებ ბრუნეია დამოკიდებული. ნავთობით მდიდარ ბრუნეიში გზავნილები მშპ-ის მიმართ თითქმის ნულია. შემდეგ მოდიან პაპუა ახალი გვინეა, ანგოლა, ჩილე, აშშ და საუდის არაბეთი.
ტოპ 10 ქვეყანა ემიგრანტების გადმორიცხული თანხის მიხედვით, 2020 წელი
ქვეყანა | მშპ-ის მიმართ, % | |
1 | სომალი | 35.3 |
2 | ყირგიზეთი | 31.3 |
3 | ტაჯიკეთი | 26.7 |
4 | ლესოტო | 25.5 |
5 | ელ სალვადორი | 24.1 |
6 | ნეპალი | 24.1 |
7 | ჰონდურასი | 23.5 |
8 | ჰაიტი | 23.2 |
9 | იამაიკა | 22.2 |
10 | გამბია | 21.9 |
წყარო: მსოფლიო ბანკი
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024