"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 76-ე ადგილზეა
ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 76-ე ადგილზეა.
მეთოდოლოგია
17 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნების განახლებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლებიც ერთ მოსახლეზე საშუალო წლიურ შემოსავალსაც მოიცავს.
ქვეყანაში ერთ მოსახლეზე შემოსავალი სხვადასხვა მეთოდოლოგიით ითვლება და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. როდესაც მიზანი სხვადასხვა ქვეყნების ერთ მოსახლეზე შემოსავლის შედარებაა, ამ დროს ყველაზე მართებული მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით დათვლილი მშპ-ის გამოყენებაა. PPP-ის მეთოდოლოგია ქვეყნის შემოსავალს მისი მსყიდველობითი უნარის მიხედვით განიხილავს. ვინაიდან, ზოგადად, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში პროდუქციაზე ფასები უფრო დაბალია, ვიდრე მაღალშემოსავლიან ქვეყანაში, ღარიბი ქვეყნების შემოსავლის მსყიდველობითი უნარი ყოველთვის მეტია. ასეთი ქვეყნების რიცხვშია საქართველოც. მაგალითად, საქართველოში 1,000 დოლარის ყოველთვიური შემოსავლით გაცილებით უკეთ იცხოვრებ, ვიდრე აშშ-ში. სავალუტო ფონდის ბოლო კვლევით, საქართველოში დახარჯულ 1 აშშ დოლარს 3-ჯერ მეტი მსყიდველობითი უნარი აქვს, ვიდრე აშშ-ში დახარჯულ 1 დოლარს.
საქართველო ეკონომიკური ზრდის რეიტინგში
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2023 წლის 17 აპრილს გამოქვეყნებული მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლით საქართველო 76-ე ადგილზეა 191 ქვეყანას შორის. რეიტინგი 2022 წლის მონაცემებით არის შედგენილი, რომელთა მიხედვით საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალმა 20,244 PPP დოლარს მიაღწია. პანდემიამდე, 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 15,611 PPP დოლარი იყო. რადგან 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, ერთ მოსახლეზე შემოსავალიც შემცირდა 14,772 PPP დოლარამდე. 2019 წელს საქართველო რეიტინგში 86-ე ადგილზე იყო და 2020 წელსაც 86-ე ადგილზე დარჩა (რადგან სხვა ქვეყნებსაც შეუმცირდათ შემოსავალი). 2021 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი PPP დოლარებში 15%-ით გაიზარდა, რაც მაღალი ზრდაა და საქართველომ მე-80 ადგილზე გადაინაცვლა. 2022 წელს შემოსავალი 19%-ით გაიზარდა და საქართველო 76-ე ადგილზე გადავიდა.
სავალუტო ფონდის პროგნოზით 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება, ერთ მოსახლეზე PPP დოლარით შემოსავალი კი 8.3%-ით და 21,922 PPP დოლარს მიაღწევს.
PPP დოლარში გამოსახული ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე დამოკიდებულია ქვეყნის მოსახლეობის რიცხვის ცვლილებაზე, ინფლაციაზე საქართველოში, ინფლაციაზე აშშ-ში და ლარის დოლარის მიმართ გაცვლის კურსზე. საქართველოში მოსახლეობა მცირდება, რაც ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდას აჩქარებს. ასევე, როცა ლარი დოლარის მიმართ უფასურდება, თუ მას თან არ ახლავს შესაბამისი დონის ინფლაცია, PPP დოლარში ერთ მოსახლეზე შემოსავალი იზრდება.
ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი საქართველოში, PPP დოლარი
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ქვეყნები, სადაც მოსახლეობის შემოსავალი ყველაზე მაღალია
სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2022 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი ყველაზე მაღალი ლუქსემბურგში იყო – 138,193 PPP დოლარი. მეორე ადგილზე კი ირლანდია გავიდა 133,789 PPP დოლარით. 2022 წელს ლუქსემბურგის ეკონომიკა 1.5%-ით გაიზრდება, ირლანდიის ეკონომიკა კი 12%-ით. რეიტინგში მესამე ადგილზე სინგაპურია, სადაც ერთ ადამიანს წელიწადში საშუალოდ 127,564 PPP დოლარის შემოსავალი აქვს.
შემოსავლების მიხედვით, საქართველოსთან ყველაზე ახლოს ლიბია (20,358 PPP დოლარი), ჩრდილოეთი მაკედონია (20,053) და თურქმენეთი (19,059) არიან.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მდიდარი თურქეთია, ერთ მოსახლეზე 39,301 PPP დოლარით. შემდეგ რუსეთი მოდის 33,263 PPP დოლარით. სომხეთში (17,795 PPP დოლარი) და აზერბაიჯანში (17,668 PPP დოლარი) ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი საქართველოზე ნაკლებია.
ყველაზე ღარიბი ქვეყანა სამხრეთი სუდანია, სადაც ერთი მოსახლის საშუალო წლიური შემოსავალი 484 PPP დოლარია. შემდეგ მოდის ბურუნდი 856 PPP დოლარით და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 1,080 PPP დოლარით.
ტოპ-10 ქვეყანა ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავლის მიხედვით, 2022 წელი
ქვეყანა | PPP დოლარი | |
1 | ლუქსემბურგი | 138,193 |
2 | ირლანდია | 133,789 |
3 | სინგაპური | 127,564 |
4 | კატარი | 115,045 |
5 | შვეიცარია | 84,661 |
6 | არაბთა გაერთ. საამიროები | 83,727 |
7 | ნორვეგია | 78,408 |
8 | აშშ | 76,348 |
9 | დანია | 70,924 |
10 | ბრუნეი | 70,500 |
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024