"ეკონომისტი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი. კვლევების ძირითადი მიმართულება ეხება მონეტარულ პოლიტიკას და მის გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე და უთანასწორობაზე. ასევე მისი ინტერესების სფეროში შედის სახელმწიფოს ლეგიტიმაციის ევოლუცია და ის, თუ როგორ აისახება ლეგიტიმაციის ცვლილება ინდივიდის თავისუფლებაზე".

“ევროპაში ასეა” - საშიში თამაშობანა

“ევროპაში ასეა” - საშიში თამაშობანა

გავრცელებული მითის თანახმად, როდესაც ამერიკელმა ჯარისკაცებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მელანეზია დატოვეს, ერთ-ერთი კუნძულის ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან განიცდიდა.

ისინი ამერიკელებს ღმერთებად აღიქვამდნენ და მათი უკან დაბრუნება სურდათ. ამისთვის მელანეზიელებმა აეროდრომი, თვითმფრინავები და “ღმერთების” სხვა ნივთები “აღადგინეს”, რათა ამით “მეორედ მოსვლა” დაჩქარებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ხისგან გაკეთებული ამ ობიექტების კოპიები არ ფუნქციონირებდნენ, იქაურ მოსახლეობას ეს არ აშინებდა – “როცა ღმერთები დაბრუნდებიან, ისინი თავისი ნებით აამუშავებენ მათ”.

თუმცა ანთროპოლოგები ამ ისტორიას რეალობასთან აცდენილად მიიჩნევენ, კარგო კულტი, ანუ სასურველი სიტუაციის ფორმის კოპირება, მისი შინაარსის არცოდნის პირობებში, სხვა ბევრ საზოგადოებაშიც დღემდე გავრცელებულია. მაგალითად, შედარებით ღარიბ ქვეყნებში ქალაქის მმართველები ცდილობენ კოპენჰაგენის, ბარსელონას თუ მილანის არქიტექტურული ფორმების კოპირებას იმ იმედით, რომ ფორმებში მათთვის უხილავი ძალა იმალება, ძალა, რომელიც ღარიბ, განუვითარებელ ქალაქს, მეორე ბრიუგედ გარდაქმნის. მსგავსი მმართველები, ხშირად, “ცივილიზებული ქვეყნების” კანონებსაც იმეორებენ, იმ იმედით, რომ საკმარისია ამ ტექსტს “კანონი” დაერქვას, დაიბეჭდოს და გამოქვეყნდეს – ცივილიზაციისკენ გარდაუვალი წინსვლა დაიწყება.

თუმცა, ფორმების კოპირება, ბუნებრივად არსებული ტექნიკური და კულტურული პრობლემების გამო, მხოლოდ მარტივად კოპირებად ობიექტებს თუ წესებს ეხება. ტაქსების ფერის კოპირება ადვილია, პატიოსნების – რთული; სასახლეების და ოფისების აშენება – მარტივია, ხოლო ბიზნესმენის ეთიკის კოპირებას წლები და თაობები სჭირდება; კონსტიტუციაში “დემოკრატიის” ჩაწერა მარტივია, დემოკრატიის კოპირება კი მხოლოდ ადამიანთა უმცირესობას გამოუვიდა.

მეტიც, როცა ვსაუბრობთ თუ რისი კოპირება შეიძლება განვითარებული ქვეყნებისგან, ჩვენ ხშირად ძალიან ვიწროდ ვუყურებთ საკითხს. მაგალითად, თბილისში კურიერები სკუტერებით ტროტუარზე ისე თავისუფლად გადაადგილდებიან, თითქოს ეს მანქანებისთვის განკუთვნილი გზა იყოს. ადრე თუ გვიან, ასეთი სკუტერი დაეჯახება პატარა ბავშვს და მომდევნო საზოგადოებრივი აღშფოთება რეგულაციებით დასრულდება. ცივილიზებულ საზოგადოებაში კი ასეთ უპატივცემლო და საშიშ ქცევას პირველ რიგში თვით ინდივიდები აჩერებენ დამატებითი წესების შემოღების გარეშე. ხოლო არ ეშინიათ და ბედავენ ამას, იმიტომ რომ სიცოცხლისა და საკუთრების დაცულობის მაღალი ხარისხი გააჩნიათ და უცხო ადამიანი უფრო ძლიერი რომც აღმოჩნდეს, პოლიცია მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სხვა სიტყვებით, როცა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცულია, მოქალაქეებს მეტი შესაძლებლობა გააჩნიათ, ყოველდღიურ ცხოვრებაში საკუთარი ლოკალური პრობლემები დამოუკიდებლად მოაგვარონ. საწინააღმდეგო შემთხვევაში, დისკომფორტის, რისკისა და ძალადობის იქამდე მოთმინება უწევთ, სანამ ზარალი ისე არ გაიზრდება, რომ მმართველებს ამ სიტუაციაში ჩარევის სურვილი გაუჩნდეს.

ზუსტად ასე, როცა მთავრობა და ეროვნული ბანკი სრულიად უპასუხისმგებლოდ იქცევიან, რის შედეგად, არც ფინანსურ სტაბილურობაზე, არც სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე და არც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცულობაზე არ შეიძლება იყოს საუბარი, ჩვენი მოქალაქეები, სრულიად გონივრულად, დანაზოგზე უარს ამბობენ და დღევანდელი დღით ცხოვრობენ. ხოლო, “ევროპებში ასეა” მოტივით, ადამიანების დაბეგვრით და საპენსიო ფონდის შექმნით, მთავრობა ისედაც რთულ მდგომარეობას კიდე უფრო ამძიმებს. და რომც მთელმა მსოფლიომ ამ რეფორმისთვის კონსტიტუციაშია გაკეთებული არაადეკვატური ჩანაწერისთვის დაგვცინოს, ეს “რეფორმატორებს” არ გააჩერებს, რადგან მათი გონება უკვე მორიგი ახალი ფორმების კოპირებითაა დაკავებული.

ამიტომ, “პროგრესისტი” მმართველების ხელში ჩვენი ღარიბი ქვეყანა სულ უფრო და უფრო კომიკურად გამოიყურება, თავის უიმედო და უგუნურ მცდელობაში ჩოხაზე, საბჭოთა კგბ-ს მუნდირზე და “ძველბიჭურ ქურთუკზე” “მოდური” პიჯაკის შემოხვევით “ევროპელებს” დაემსგავსოს. არადა, თუ მართლა ცივილიზაციისკენ სვლა გვაინტერესებს, დროა ამ კოპირების ნაცვლად, ცოდნასა და ინტელექტს მივმართოთ და ცვლილებები არა იმით გავამართლოთ, რომ ევროპაში ასეა, არამედ იმით, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რა პრობლემა გვაქვს, რა გადაწყვეტილებები არსებობს და რომელია მათ შორის ყველაზე ეფექტიანი და ჩვენს რეალობას მორგებული.

გააზიარე