"Forbes-ის მთავარი კონტრიბუტორი: ახალი ამბები და მოსაზრებები ვიდეოთამაშების, ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის შესახებ".

GOT-ის იმედგამაცრუებელი მომენტები

GOT-ის იმედგამაცრუებელი მომენტები

“სატახტო თამაშების” გასული სერია არ ჰგავდა გასული კვირისას. ვარგოდა თუ არა ეპიკური “ბრძოლა ვინტერფელისთვის” – ამაზე კიდევ შეიძლება მსჯელობა. ეს ბოლო სერია აშკარად ცუდი იყო, გაცხადებულად ცუდი მომენტების წყება, იმედგაცრუება, რომელმაც ასე გვიან იჩინა თავი სერიალში.

საქმე მხოლოდ ერთი ან ორი სიუჟეტური ხაზის უვარგისობაში როდია, არ ვარგოდა თითქმის არაფერი. სერიის დიდი ქრონომეტრაჟი თითქოს მეტ შესაძლებლობას წარმოშობდა ახალ-ახალი შეცდომებისთვის.

აქ გასული სერიის ყველა ცუდი მომენტია ქრონოლოგიურად თავმოყრილი და შეიძლება ზოგიერთი მათგანი გამომრჩა კიდეც მხედველობიდან. ტექსტი, რაღა თქმა უნდა, სპოილერებს შეიცავს.

ჯეიმი და ბრიანა

ამ სიუჟეტური ხაზის ორნაირ განვითარებას მოვიწონებდი. ჯეიმისა და ბრიანას შეეძლოთ უბრალოდ ორმხრივ ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული მყარი მეგობრობა ჰქონოდათ, ან შეეძლოთ რომანტიკულ ურთიერთობაშიც ყოფილიყვნენ, რადგან უკვე რამდენიმე წელია საქმე აქეთკენ მიდის. თუმცა თუკი ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო, უცნაური სცენა, სადაც ბრიანა ქალწულობაში გამოტყდა, მერე კი “მომსახურებაზე” მომართული ჯეიმი გამოეცხადა ოთახში, ტკბილი და რომანტიკული საერთოდ არ ყოფილა, უფრო – უხერხული. მჯერა, რომ მათ ერთმანეთისადმი გრძნობები აქვთ, მაგრამ ეს ცუდი გზა იყო ურთიერთობის დასაწყებად და გააფუჭა “რაინდად კურთხევის” მომენტიც, რომელმაც ორი ეპიზოდის წინ აღგვაფრთოვანა. თუ ერთმანეთთან უნდა ყოფილიყვნენ, უკეთესი იქნებოდა ეს იმ მომენტში გარკვეულიყო.  

პირში წყლის ჩაგუბების ბრძანება დენისგან

მგონი სწორად გავიგე: ძალაუფლების კიდევ უფრო შესუსტებულ ხელში ჩასაგდებად დენის მთავარი გეგმაა ჯონის იძულება, რომ სიჩუმის აღთქმა დადოს ბრანთან და სემთან ერთად? და არანაირ მინიშნებას არ განიხილავს ჯონისთვის ძალაუფლების დათმობაზე, ან როგორც მინიმუმ გაყოფაზე – მიუხედავად იმისა, რომ ჯონის უფლება უპირატესია და ჯონს უფრო ეკუთვნის დენის გვერდზე გადგომა მოსთხოვოს? კარგი! ეს კარგად გვაჩვენებს დენის არსს. მიუხედავად ყველა სიკეთისა, რაც გაუკეთებია, იგი მკაცრ უარს ამბობს, დათმოს ძალაუფლება, რომელიც კანონით თავისი ეგონა. ახლა უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ტახტზე უპირატესი უფლება აღარ აქვს, მაგრამ მისი სურვილი უცვლელია, რადგან მისი აზრით – დაიმსახურა. გამოდის, გვყავს ორი ტარგარიენი – ერთი, რომელსაც არ სურს ტახტი და მეორე, რომელიც პირდაპირ მათხოვრობს ტახტზე. ვისი მხარე უნდა დავიჭიროთ ამ დროს ჩვენ? არ მომწონს, რომ დენი ამ გზას გაუყენეს.

ჯონის გულახდილობის გულისრევა

დენი ერთ რამეში მართალი იყო. თუ ჯონს მართლა უნდოდა ტახტის უფლების არიდება, რითაც როგორც დენის, ისე საკუთარ ოჯახს დაიცავდა, ჭკუა უნდა ჰყოფნოდა საიდუმლო დებთან არ გაეთქვა. გათქვა, რადგან ნედ სტარკის აღზრდის წყალობით ფიზიკურად არ შეუძლია სიცრუე. სანსამაც არ დააყოვნა და ტირიონს ჩაუკაკლა ყველაფერი (ტაქტიკურად ბრძნული გადაწყვეტილება ადამიანისგან, რომელსაც არ სურს არასტაბილურმა დრაკონ-დედოფალმა მართოს). ტირიონმა ვარისს უთხრა, რომელმაც აღნიშნა, ეს უკვე საიდუმლო კი არა – ინფორმაციააო. მესმის, რომ ჯონს არაკეთილსინდისიერებაზე ალერგია აქვს, მაგრამ გამოდის იგი ან ძალიან სულელია, ან არც ისე დიდი წინააღმდეგია ტახტზე ასვლისა, როგორც აცხადებს. ინფორმაციას, რომელიც მან გაავრცელა, აქვს პოტენციალი სტარკებსა და ტარგარიენებს შორის ომი გამოიწვიოს და ორივე მხარეს ყველა დახოცოს. მაგრამ მას “საკუთარი დების მართებდა”.

მოჩვენებასთან დამშვიდობება

ძალიან გამიხარდა, რომ მოჩვენება ისევე არ დაიკიდეს ფეხებზე, როგორც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ როგორ მოახერხეს ჯონი თავის მგელს ასე დამშვიდობებოდა? მოჩვენებას, რომელმაც ვინტერფელს ისე გამალებით იცავდა, ყურიც კი დაკარგა. თავზე ხელის გადასმაც აღარ დაიმსახურა? 80 წუთის განმავლობაში მიმდინარე დრაკონებიანი და ზომბებიანი ბრძოლის სპეცეფექტებისთვის თუ გყოფნის ბიუჯეტი, კეთილი ინებე და ხუთწამიანი მოფერების ანიმაციაც იკისრე, ნამუსი აღარაა?

დრაკონის ჩამოგდება

ამ სტრიქონების წერისას ეკრანს ვეჩხუბები! ე.ი. რას მეუბნებით:

ა) სტარკ-ტარგარიენების მთელი გაერთიანებული ძალებიდან არავინ იფიქრა, რომ ჭკვიანური იქნებოდა წინ მზვერავები გაეშვათ და შეეტყოთ, რომ სატახტო ქალაქის ყველა კედელი და იქიდან წამოსული ყველა გემი გიგანტური, ანტიდრაკონული ბალისტებით არის აღჭურვილი და დენი მათ ასე პირდაპირ შეეფეთა?

ბ) იურონი და ეკიპაჟები ვერ ახერხებენ დრაკონს ერთი ისარი მაინც გაარტყან, როცა პირდაპირ მათ ცხვირწინაა, მაგრამ სამჯერ არტყამენ მიზანში, როცა დრაკონები დიდ სიმაღლეზე მთელი სისწრაფით მიფრინავენ და წიგნის მიხედვით მხოლოდ ერთხელ ჩამოუგდია ვინმეს (თუ არ ჩავთვლით ღამის მეფის ყინულისშუბიან ჯადოქრობას)?

გ) დენის არ ჰქონდა სხვა ვარიანტი ფლოტზე პირდაპირი იერიშის გარდა? ხომ შეეძლო უკნიდან ისე სწრაფად მოქცეოდა, რომ შემობრუნება ვერც მოესწროთ? ან ზუსტად მათ თავზე დაკიდებულიყო, რადგან შანსი არაა, ამ მოწყობილობებმა პირდაპირ ვერტიკალურად ისროლონ…

ამ სცენის თითოეული მომენტი მძულს, საკმაოდ მდაბიო სიკვდილი იყო დრაკონისთვის. თუმცა სავარაუდოდ ეს სიკვდილი ცხადყოფს, რომ დენის ხელიდან უსხლტება ძალაუფლება და ჯონიც.

ჯეიმი მიდის

ამაზე მთელი სტატია უნდა დავწერო, მაგრამ სერიოზულად ჰგონიათ, რომ დავიჯერებთ ხსნის ეკლიან გზაზე ამდენი წლის განმავლობაში მიმავალი ჯეიმის მიერ ბრიანას მიტოვებას და სერსეისთან გაქცევას, იმიტომ, რომ ამ უკანასკნელს “ის სჭირდება”? აბსურდია მოლოდინი, რომ ჩვენ ამას ვივარაუდებთ და არა იმას, რომ დედოფლის მკვლელობისთვის მიდის. თუმცა შეიძლება ამას არც აპირებს და ამიტომაც არ გაუზიარა გეგმა ბრიანას, მაგრამ მაინც ხომ ასე მოხდება? ეს სცენა საშინელი იყო, რადგან წლების განმავლობაში პერსონაჟის განვითარებას ოცდაათ წამში ხაზი გადაუსვა. 

კედლის მთელი სცენა

ღმერთო, ეს სცენა! სერსეიმ მთელი სეპტა ააფეთქა ველური ცეცხლით და ახლა ჩვენგან მოელიან, მივიღოთ, რომ დრაკონი დედოფალი, მისი მცველები და ტირიონი ერთად არიან თავმოყრილნი მის წინაშე და სერსეი ცეცხლს არ უხსნის. ისინი ხომ ხელის გულზე არიან! ამქვეყნად ყველაზე “სერსეული” სვლა იქნებოდა იქვე რომ გაეთავებინა დენი და მთელი ამალა. ტირიონის მოკვლის შესაძლებლობაზე ხომ საერთოდ არც ვლაპარაკობ. ორი კვირის წინ მკვლელი დაიქირავა, რათა ათასობით კილომეტრის მანძილზე მყოფი ტირიონი მოეკლა, რისი ყურებითაც თვითონ ვერც კი დატკბებოდა. ახლა წინ უდგას და ვითომ არაფერი, არც წვავს, არც ესვრის, უბრალოდ მისანდეის სჯის მის ნაცვლად? ანუ ბოროტია, ომი უნდა, მაგრამ არასაკმარისად ბოროტი, რომ მოკლას ძმა, რომლის მოკვლასაც ბოლო ოთხი წელია ცდილობდა – მაშინაც კი, როცა ამის მიზეზი არ ჰქონდა? ეს სცენა უბრალოდ არ უნდა არსებულიყო. 

იმედია რაღაცები გამოსწორდება, მაგრამ რა ვიცი,  ფრიად სავალალო იყო ამხელა სერიალის ერთ-ერთი უკანასკნელი ეპიზოდისთვის…

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა