"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

„მის სარაევო“ ისევ საფრთხეშია!!!

„მის სარაევო“ ისევ საფრთხეშია!!!

ძალიან მომწონს და ყოველთვის სიამოვნებით ვუსმენ ჩემი საყვარელი ირლანდიური ჯგუფის „U2“-ს სოლისტის ბონოს, ლეგენდარული ლუჩანო პავაროტის სიმფონიურ ორკესტრთან და სხვა მომღერლებთან ერთად შესრულებულ სიმღერას „მის სარაევო“. სიმღერას ძალიან ემოციური ისტორია აქვს. 1994 წელს, როდესაც სარაევოს ქუჩებში ბრძოლები მიმდინარეობდა, რეჟისორმა ბილ კარტერმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი, რომელშიც გაცხარებული საბრძოლო მოქმედებების ფონზე იმართება სილამაზის კონკურსი, სადაც იმარჯვებს 17 წლის ბოსნიელი მოდელი ინელა ნოგიჩი. ეს იყო საერთაშორისო ყურადღების მიქცევის თავგანწირული მცდელობა. ლუჩანო პავაროტიმ გაიგონა ბოსნიელების გზავნილი და ბონოსთან და ბრაიან ენოსთან ერთად 1995 წლის 12 სექტემბერს იტალიის ქალაქ მოდენაში იმღერა პირველად ეს სიმღერა. იმავე წლის 21 ნოემბერს შედგა შეთანხმება ამერიკულ ქალაქ დეიტონში. ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა 14 დეკემბერს პარიზში, თუმცა ეს ხელშეკრულება, რომელმაც დაასრულა 3.5-წლიანი სასტიკი სისხლისღვრა ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ცნობილია დეიტონის შეთანხმების სახელით. ამ შეთანხმებით გადაწყდა, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში შევიდოდა ორი სუბიექტი: სერბული რესპუბლიკა და ბოსნია-ხორვატიის ფედერაცია, ხოლო ქვეყანას მართავდა სერბი, ბოსნიელი და ხორვატი პრეზიდენტებისგან შემდგარი ტრიუმვირატი.

მას შემდეგ 26 წელი გავიდა. სრებრენიცაში ჩადენილი გენოციდისთვის გასამართლდნენ იუგოსლავიის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები. საერთაშორისო სასამართლომ ოფიციალურად აღიარა სრებრენიცის გენოციდი, რომლის შედეგადაც იუგოსლავიური ჯარების მიერ 8 ათასი ბოსნიელი მუსლიმი იქნა მოკლული. მართალია, თავად სერბული რესპუბლიკა და სერბეთი სრებრენიცის გენოციდს არ აღიარებენ, ისევე როგორც რუსეთი ბლოკავს გაერო-ში სრებრენიცის გენოციდთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას, მაგრამ ამ დრომდე ავად თუ კარგად ბოსნია-ჰერცეგოვინაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება ხერხდებოდა. „მის სარაევო 1994“ ინელა ნოგიჩიც მას შემდეგ ნიდერლანდებში ცხოვრობს, ჰყავს ორი შვილი და კი გრძნობს თავს უსაფრთხოდ, მაგრამ სამაგიეროდ „მის სარაევო 2022“ იქნება ისევ საფრთხეში, თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა.

სიტუაცია დაიძაბა ზაფხულში, როდესაც უმაღლესი წარმომადგენლის ოფისმა ინიცირება გაუკეთა კანონპროექტს, რომლის თანახმად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემოდა ყველა ის პირი, ვინც არ აღიარებდა სრებრენიცის გენოციდს. ტრიუმვირატის სერბი წარმომადგენელი მილორად დოდიკი არც მანამდე გამოირჩეოდა განსაკუთრებული კეთილგანწყობით საერთაშორისო თანამეგობრობისა და მათი ბოსნია-ჰერცეგოვინაში წარმომადგენლობის მიმართ. ბოლო 15 წელია, ის სტაბილურად აქტიურობდა სეპარატიზმის გაღვივების კუთხით. მიმდინარე წლის ოქტომბერში მილორად დოდიკმა კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა მყიფე პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში, როდესაც განაცხადა, რომ აღარ აღიარებს სერბული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურებს, მართლმსაჯულების სისტემას და საგადასახადო სამსახურებს. მისი გადაწყვეტილებით, ნოემბრის ბოლომდე მათ სრულად ჩაანაცვლებენ სერბები, ხოლო შერეული ძალებისა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს, როგორც მილორად დოდიკმა განაცხადა, „განდევნიან ქვეყნიდან, ისე როგორც ეს მოხდა სლოვენიაში“. ცხადია, ეს ყველაფერი ვერ აღიქმება სხვაგვარად, თუ არა სეპარატიზმად, მიუხედავად იმისა, რომ თავად დოდიჩი ასე არ თვლის და არაფერს ამბობს სერბული რესპუბლიკის ბოსნია-ჰერცეგოვინისგან გამოყოფაზე.

რას შვრებიან ამ დროს ძირითადი საერთაშორისო აქტორები? არაფერს ახალს. რუსეთი მოქმედებს ისევე, როგორც მონტენეგროსთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მიმართებით, რომელთა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ რუსეთი ცდილობს საკუთარი წარუმატებლობა აინაზღაუროს ბოსნია-ჰერცეგოვინაში, კერძოდ, არ დაუშვას მისი ნატო-ში გაწევრიანება და შეაფერხოს ევროკავშირის შემადგენლობაში შესვლა. რუსეთი არ იშურებს ფინანსურ რესურსებს ბოსნია-ჰერცეგოვინაზე კონტროლის განსამტკიცებლად. კერძოდ, პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქებისა და სახელმწიფო კომპანიების მხრიდან ინვესტიციები ხორციელდება სერბული რესპუბლიკის ენერგეტიკულ სექტორში. ძალიან აქტიურად მუშაობს რუსული დაზვერვის სამსახურები, პროპაგანდისტული მანქანა და, რაც მთავარია, თავად ოფიციალური მოსკოვიც. გასულ წელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრას მხოლოდ სერბ დოდიჩთან სერიოზული კრიტიკა მოჰყვა ტრიუმვირატის ბოსნიელი და ხორვატი წარმომადგენლებისგან. ცხადია, ამ ქმედებებში რუსეთის ინტერესები ემთხვევა სერბეთის სურვილებს. მართალია, თავად სერბეთი აქტიურად მუშაობს ევროკავშირში გაწევრებაზე, მაგრამ მის ლიდერს ალექსანდარ ვუჩიჩს არასდროს შეუწყვეტია ასევე ფიქრი დიდი სერბეთის შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს ჩინეთიც. „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ჩინეთი აქტიურად ცდილობს ბოსნია-ჰერცეგოვინაში კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა/რეაბილიტაციაში ჩართვას და საკუთარი გავლენების გაძლიერებას.

ამ დრომდე დემოკრატიული თანამეგობრობა – კერძოდ, აშშ და ევროკავშირი – იფარგლება მოწოდებებითა და ერთობლივი განცხადებებით, რომელშიც „ყველა მხარეს“ მოუწოდებს შეთანხმებების პატივისცემისა და დიალოგისკენ. არადა, ბოსნიელი და ხორვატი ექსპერტებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, 1995 წლის შემდეგ ბოსნია-ჰერცეგოვინა არასდროს ასე ახლოს არ ყოფილა ახალ შეიარაღებულ დაპირისპირებასთან. ისინი მოუწოდებენ ნატო-ს და ევროკავშირის, იმოქმედონ დროულად, თორემ თუ ისევ გაჩნდა ნატო-ს საზღვარზე სამხედრო დაპირისპირების ცხელი კერა, სხვა თუ არაფერი, თავად ნატო-სთვის შეიქმნება კიდევ ერთი სერიოზული მიგრაციული კრიზისი.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე გაბრიელ ესკობარი ჩაფრინდა სარაევოში და გამართა შეხვედრები, თუმცა რაიმე გარღვევას სტაბილურობის მიმართულებით ადგილი ნამდვილად არ ჰქონია. ნიშანდობლივია, რომ ესკობარის ვიზიტამდე სერბული რესპუბლიკის ლიდერს დოდიკს შეხვდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ბანია-ლუკაში ჩაფრინდა და პატარა სერბულ ქალაქში შეხვდა სერბული რესპუბლიკის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

მართალია, მეხსიერებიდან არ წაშლილა ის შემზარავი კადრები, რომლებიც ყოველდღიურად მოდიოდა 3.5 წლის მანძილზე ბოსნია-ჰერცეგოვინიდან. აგრეთვე, დიდია ევროკავშირისა და ნატო-ს ინტერესი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მათ სტრუქტურებში სრულფასოვნად ინტეგრაციის მიმართ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ როგორც ევროკავშირში, ისე ნატო-ში რამდენიმე ბალკანური ქვეყანაა უკვე გაწევრიანებული და რამდენიმე წევრობის კანდიდატია, შესაბამისად, 30 და 27 წევრ-ქვეყანას შორის რაიმე აქტიურ და კონკრეტულ ქმედებებთან, მათ შორის სერბი მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაზე კონსენსუსის მიღწევა ძალიან რთული იქნება.

დიდი იმედი მაქვს, „მის სარაევო“-2 არ გახდება ჩასაწერი. აგრეთვე, ვიმედოვნებ, რომ 90-იანი წლების ტრაგიკული ომებიდან ყველა მხარემ გააკეთა სათანადო დასკვნები და დიდი დრო არ დასჭირდებათ საერთაშორისო პარტნიორებს კრიზისის განმუხტვაში აქტიურად ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. ბოლოს და ბოლოს, სტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ ინტერესებს რომ თავი დავანებოთ, ახალი მიგრანტების ტალღის საშიშროებამ მაინც უნდა დააფიქროს ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები. მიუხედავად იმისა, რასაც ვაკვირდებით ბოლო პერიოდში საერთაშორისო ჩართულობის კლების კუთხით, მაინც ვფიქრობ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციისთვისაც კვლავ დადგება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების მომენტი და დეიტონის შეთანხმების ავტორი ქვეყანა არ და ვერ შემოიფარგლება მხოლოდ „ყველა მხარისადმი“ მოწოდებებით.

მშვიდობა ბალკანეთს!

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin