ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

ომის ეკონომიკა

Forbes-WEB-22032305

I have a scheme for stopping war: No nation is allowed
to enter a war until they have paid for the last one.

Will Rogers

ალბათ არცერთ მოვლენას არა აქვს იმდენი სხვადასხვა განზომილება, რამდენიც  აქვს ომს. ერთ-ერთი ასეთი განზომილება არის ომის ეკონომიკური მხარე.

იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ისე, რომ ომს მოაქვს დადებითი ეკონომიკური შედეგი. ასეთი შემთხვევების კლასიკური მაგალითია აშშ მეორე მსოფლიო ომის დროს. ამერიკის მრეწველობა იღებდა უზარმაზარ შეკვეთებს  მთავრობისგან, დაწყებული HIRSCHEY’s-ის შოკოლადის ფილებით, გაგრძელებული Willys-ის ჯიპებით და  დამთავრებული ჯავშნიანი კრეისერებით. ომს ნამდვილად დიდი მადა აქვს. ღრმა ეკონომიკური დეპრესიიდან რამდენიმე წლის წინ გამოსულ აშშ-ში უმუშევრობის მაჩვენებელი 1939 წლისთვის შეადგენდა საკმაოდ მძიმე 16%-ს, ხოლო 1945 წლისთვის ეს მაჩვენებელი შემცირდა 1,1%-მდე და დღემდე რჩება უმუშევრობის რეკორდულ ინდიკატორად. ამავე პერიოდში ომმა შექმნა 17 მლნ სამუშაო ადგილი და მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა მანამდე არნახული 74%-ით. არც ერთ შემთხვევაში მე არ ვგულისხმობ, რომ აშშ-მა ხელი მოითბო ომით. არა. ომში გამარჯვების საერთო ძალისხმევისას  ასიათასობით ახალგაზრდა ამერიკელი დაიღუპა ნორმანდიის საზღვაო სანაპიროზე თუ წყნარი ოკეანის კუნძულებზე. ამ ომის დროს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ თანმხლები პროდუქტი იყო გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე.

თუმცა ყოველივე ზემოხსენებული გამონაკლისია. ომს მოაქვს კოლოსალური ეკონომიკური და მატერიალური ზარალი. ეს ზარალი დგება როგორც მყისიერად, ასევე თავს იჩენს გარკვეული დროის შემდეგ.

ქვემოთ ჩამოთვლილია ის სფეროები, რომლებზეც ომი პირდაპირ უარყოფით გავლენას ახდენს. ომის შემთხვევაში:

  • მცირდება ერთიანი შიდა პროდუქტის როგორც აბსოლუტური, ასევე ერთ სულ მოსახლეზე მოცულობა;
  • მცირდება ექსპორტი;
  • მცირდება როგორც ადგილობრივი, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები;
  • იზრდება საჯარო ვალი;
  • იზრდება ადგილობრივი ბანკების გაკოტრების რისკი, რადგან თითქმის ყველა მეანაბრე, თითქმის ერთდროულად, ცდილობს სადეპოზიტო ანგარიშებიდან ნაღდი ფულის გამოტანას. ასეთ ზეწოლას ვერ გაუძლებს ვერც ერთი ბანკი;
  • საბანკო სისტემის კოლაფსთან ერთად იწყება მთლიანი ეკონომიკური სტრუქტურის რღვევა და მისი გაპრიმიტიულება, ხშირ შემთხვევაში კი ბარტერის დონემდე დასვლა;
  • მცირდება საინვესტიციო და ფულის შენახვის კოეფიციენტი;
  • იზრდება საბიუჯეტო დეფიციტი;
  • იზრდება სასურსათო კალათის ინფლაცია;
  • იზრდება ადგილობრივი ვალუტის დევალვაცია;
  • საჯარო სახსრები არ იხარჯება პროდუქტიულ ეკონომიკურ პროექტებში. შესყიდვები დიდწილად გადართულია ომისთვის აუცილებელი რესურსების შეძენაზე (იარაღი, მედიკამენტები, საწვავი და ა.შ.);
  • მოსახლეობა გადადის თავის შენახვის მოდუსში;
  • ნადგურდება შენობები და ინფრასტრუქტურა;
  • იზრდება შანსის ღირებულება (Opportunity cost) – პოტენციურად პროდუქტიული საქმიანობის ხელიდან გაშვება, დაკარგვა;
  • იზრდება ჩრდილოვანი ეკონომიკა;
  • სუსტდება სახელმწიფო. ამ პროცესში განსაკუთრებით მტკივნეულია საპოლიციო და გადაუდებელი დახმარების სამსახურების მოშლა;
  • სახელმწიფოს დასუსტებასთან ერთად იზრდება ორგანიზებული, შეიარაღებული ჯგუფების მიერ ეკონომიკის ზოგიერთი სფეროს მიტაცების რისკი.

ომი კაცობრიობას მოსდევს ისტორიის დასაბამიდან და, სამწუხაროდ, დღემდე რჩება მის განუყრელ თანამგზავრად.

გააზიარე