"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

მთავარია: გაუძელი და გაიმარჯვე, უკრაინა!

Forbes-WEB-22032103

უკვე თითქმის ერთი თვეა, უკრაინის საოცრად მამაცი ერი, მის სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით, იგერიებს და ანადგურებს პუტინის ურდოს! ანადგურებს ხმელეთზე და ჰაერში, სტეპებსა და ქალაქებში, სოფლებში, გზებსა და რკინიგზებზე! ანადგურებს დიდი მსხვერპლის ფასად! 112 ბავშვის სიცოცხლე სწორედაც რომ პუტინის სინდისზეა! მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება! ისტორიულ ჭრილში, მან უკვე გაიმარჯვა! თუმცა გადამწყვეტი ბრძოლები და დღეები კიდევ წინ არის! ბოლო ძალებს იკრებს პუტინის ფაშისტური რეჟიმი, რომ მერე მოლაპარაკების მაგიდასთან ძლიერის პოზიციიდან დაჯდეს! იმ ყველაფრის მერე, რაც ჩვენ ამ 26 დღის მანძილზე ვიხილეთ, ერთი რამის გადაჭრით თქმა უკვე შეიძლება: როგორც არ უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები, რა გამოსავალიც არ უნდა მოიძებნოს პუტინის სახის შენარჩუნებისთვის, პუტინი იყო, არის და მომავალშიც იქნება ომის დამნაშავე და პირსისხლიანი ავაზაკი! #წერტილი

ადრე თუ გვიან – სჯობს ადრე – მოვა დრო, როდესაც ახალი ნიურნბერგი გაიმართება და თუ მაგ დროისთვის თავად პუტინი ცოცხალი იქნა, თავის დამნაშავე თანამზრახველებთან ერთად განსასჯელის სკამზე აღმოჩნდება. თუ აღარ იქნება ფიზიკურად (უკეთესი კიდევ), მისი რეჟიმი მაინც გასამართლდება. სოციალურ ქსელებში შეგვახსენეს ამ დღეებში, რომ ნიურნბერგში ფაშისტურ რეჟიმთან ერთად მაშინ გერმანელი ხალხიც გასამართლდა – არჩევისთვის, მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის. ასე გასამართლდება რუსეთის 145-მილიონიანი მოსახლეობაც. როდესაც 70%-ზე მეტი მხარს უჭერს პუტინს უკრაინის წინააღმდეგ სისასტიკეების ჩადენაში, როდესაც 76% მხარს უჭერს პოლონეთში შეჭრას; როდესაც 86.6% მხარს უჭერს ევროკავშირის ქვეყნებში შეჭრას, იმ ქვეყნის მოსახლეობა უნდა გასამართლდეს!

ყველაზე მეტად მესმის უკრაინის პრეზიდენტისა და მისი გუნდის, როდესაც მოითხოვენ უმაღლეს დონეზე შეხვედრას; როდესაც ახმიანებენ შესაძლო ვარიანტებს, რა შეიძლება უთხრას და გამარჯვებად მიასაღოს“ პუტინმა თავის მონებს.  მე უკრაინელების ყველაზე მეტად მესმის, მაგრამ არ მესმის, როდესაც მიდის გამუდმებული სპეკულაცია უკრაინის ფარგლებს გარეთ თემაზე, როგორ შეიძლება შეინარჩუნოს პუტინმა სახე! ამ დროს, თვითონ პუტინი საერთოდ არ ზრუნავს ამ სახის შენარჩუნებაზე! ყველა ხიდი დაწვა და ქვეყნის შიგნითაც ყველა მოქმედებით აჩვენებს, რომ მორჩა – ამიერიდან ის რუსეთიც კი აღარ იქნება, სამი თვის წინ რომ იყო. გეზი აღებულია ჩრდილოეთ კორეის რუსულ მოდელზე; პუტინის მეგობრების წრეც ლუკაშენკოს, კიმ ჩენ ინის და ბაშარ ასადის კომპანიით შემოიფარგლება. გასაგებია, რომ თავისუფალი სამყაროს მთავარ ამოცანას ახლა ომის შეჩერება წარმოადგენს, მაგრამ, ჩემი სუბიექტური აზრით, უფრო მეტად იმაზე მიდის მსჯელობა, რას ეტყვის პუტინი თავის „ბიდლოს“, ვიდრე როგორ შეიძლება საბოლოოდ დააჩოქონ და გააჩერონ პუტინი. ერთ-ერთ სტატუსში დავწერე – Zეტი ყველგან და ყოველთვის Zეტია! ასეა ეს და აღარ უნდა ამას ბევრი ფიქრი და ვაი-ვიში, რას ეტყვის პუტინი თავის Zეტლანდიას. ძალიან მცირედი გამონაკლისის გარდა, რომელიც პირადად მე ძალიან მებრალება, ეს დამღა რუსეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილზეა.

აქვე, სრულად ვიზიარებ კიდევ ერთი გავრცელებული შეკითხვის პათოსს: რატომ იყო ბინ ლადენი, რომელმაც ორი შენობა დაანგრია, ნომერ პირველი ტერორისტი (და ის ნამდვილად იყო ტერორისტი) და რატომ არა აქვს იგივე სტატუსი მინიჭებული პუტინს, რომელიც 24/7 რეჟიმში ანგრევს და ანადგურებს ქალაქებს, ხოცავს ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს?! 🙁

უკრაინა გაუძლებს! დაამტკიცა, რომ გაუძლებს! რა თქმა უნდა, ნამდვილი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერით. მალე უკრაინის ცას ს-300-ები დაიცავს! ასობით და ათასობით დამატებითი სტინგერი და ჯაველინი ჩავა უკრაინაში. ძალიან სერიოზული ფინანსური დახმარება გამოეყოფა უკრაინას. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მორავიეცკი აპირებს ევროკავშირის საბჭოს წინაშე უკრაინისთვის „მარშალის გეგმა 2“-ის ინიციატივით გამოსვლას. პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ავსტრალიისა და იაპონიის მხარდაჭერა ფასდაუდებელია, მაგრამ ომის შესაჩერებლად არასაკმარისია!

უკრაინამ, სისხლის ფასად, მსოფლიოს დაანახა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა უბრალოდ ჩამოშლილია. წლების მანძილზე მიდიოდა საუბარი და მუშაობა გაერო-ს რეფორმირების აუცილებლობაზე; ეუთო-ს რეანიმირებაზე; ევროპის საბჭოს ქმედუნარიანობის გაზრდაზე და ასე შემდეგ. უკვე მერამდენედ დავრწმუნდით, რომ იქ, სადაც რუსეთია, საერთაშორისოდ შეთანხმებული წესები არ მუშაობს. უბრალოდ პრობლემა იმაშია, რომ მას ბირთვული არსენალი აქვს. ჰოდა, რა გამოდის? გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრ რუსეთს, მის ფსიქიკურად შერყეულ ლიდერს, როდესაც მოესურვება, როგორც მოესურვება, ისე გაუსწორდება თავის მეზობლებს და დამოუკიდებელ სამყაროს?! ასე ნამდვილად ვერ გაგრძელდება და ახალი მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე სერიოზული, ომის შემდგომი მოლაპარაკებები დასაწყები იქნება.

მთავარია: გაუძელი და გაიმარჯვე, უკრაინა!

რუსეთის ეკონომიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 14%-ით შემცირდება. ჩვენ უკვე ვხედავთ რუსეთის სუპერმარკეტებში ბრძოლას წესების გარეშე შაქრის რიგებში. იგივე იქნება მალე ხორცისა და სხვა საკვები პროდუქტების მოსაპოვებლად. რუსეთიდან გავიდა 300-მდე უმსხვილესი და მსხვილი საერთაშორისო კომპანია, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ იყო დაკავშირებული რუსეთის სიცოცხლისუნარიანობასთან. ელემენტარულად, ხუნდებსაც კი ვერ გამოცვლიან მალე ავტომფლობელები; ავიაპარკზე აღარაფერს ვამბობ. რუსეთის გულშემატკივრები თუ უბრალოდ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები აპელირებას აკეთებენ ნავთობის მარაგებზე და მისი გაყიდვით მიღებულ შემოსავლებზე. ყველა ერთობლივი პროექტიდან გავიდნენ ბრიტანული და ამერიკული ნავთობკომპანიები, ხოლო ამერიკული გიგანტის „ჰალიბერტონის“ გასვლის შემდეგ ნავთობის მოპოვების ტემპები ჯერ საგრძნობლად დაეცემა, მერე კი საერთოდ გაჩერდება. ეს არ არის უბრალოდ პროპაგანდისტული სცენარი. ნავთობმოპოვების სფეროში ჩახედულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რას ნიშნავს „ჰალიბერტონი“ რუსეთის ნავთობმოპოვებისთვის. „მაკდონალდსის“ მაგივრად შეიძლება კიდევ შეაჭამო შენს ხალხს „ძიაძია ვანია“, მაგრამ სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიებს ვერ ჩაანაცვლებ, იმიტომ რომ არც ტექნოლოგია გაქვს და არც აღჭურვილობა.

საინტერესოა, ერთობლიობაში რამდენს შეადგენს სანქციების ქვეშ მოხვედრილი კომპანიების და კერძო პირების გაყინულ ანგარიშებზე არსებული თანხები და რამდენად შეფასდება მათი დაყადაღებული ქონებები! უკვე დაიწყო საუბარი, რომ ჩამორთმეული ქონებები გაიყიდოს და უკრაინის რეაბილიტაციის ფონდში ჩაირიცხოს! თუმცა ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რა თანხის გადახდაც მოუწევს კომპენსაციის სახით რუსეთს უკრაინისთვის! „რეპარაცია და კონტრიბუცია“ – წყევლასავით ჩაესმის ყოველ წამს პუტინს!

მთავარია: გაუძელი და გაიმარჯვე, უკრაინა!

გასულ შაბათს გამართული კონსერვატიული პარტიის ყრილობაზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ტრადიციულად ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანი გზავნილები გაახმიანა. მან ძალიან სწორად აღნიშნა, რომ:

-2014 წლის მსგავსად ცივილიზებული მსოფლიო შეცდომას აღარ დაუშვებს და პუტინთან ურთიერთობის აღდგენას გამორიცხავს;

– უკრაინაში თუ პუტინი გაიმარჯვებს, შემდეგი საქართველო და მოლდოვა იქნება და იქაც არ გაჩერდება;

– პუტინმა მშვენივრად იცოდა, რომ უკრაინა ნატო-ში ახლო მომავალში ვერ შევიდოდა; არავითარი რაკეტების განთავსებაზე საუბარი არ იყო. უბრალოდ პუტინს ეშინოდა, რომ უკრაინაში რეალური თავისუფლებაა, რეალური განვითარებისა და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერსპექტივაა, რუსეთში კი ომისთვის თავისი სახელის დარქმევისთვის 15-წლიანი ციხეა. ასეთი სცენარია სწორედ პუტინისთვის ყველაზე უარესი კოშმარი და არა რაღაც მითები შემტევითი რაკეტების განთავსების შესახებ.

მთავარია: გაუძელი და გაიმარჯვე, უკრაინა!

გააზიარე