"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

პუტინის კრახი კიევში, მადრიდსა და შიგ რუსეთში!

Forbes WEB 22070401

ვიცი, კარგად გახსოვთ, მაგრამ მაინც გავიმეორებ, რა მოთხოვნებს აყენებდა პუტინი, როდესაც იწყებდა სრულმასშტაბიან, არა-პროვოცირებულ ომს უკრაინაში:

  • უკრაინის დენაციფიკაცია („ნარკომანების და კრიმინალების ხელისუფლების ჩამოგდება და „კანონიერი ხელისუფლების“ ქვეყნის სათავეში დაბრუნება“);
  • უკრაინის დემილიტარიზაცია;
  • უკრაინის მიერ ყირიმის რუსეთის ტერიტორიად და ეგრეთწოდებული დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას!

მართალია, 2014 წელს დაწყებული ომის შემდეგ ახალი, სრულმასშტაბიანი აგრესიის შედეგად რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საერთო ფართობი უკრაინის მთელი ტერიტორიის 7%-დან 19.5%-მდე გაიზარდა; მართალია, რუსეთმა მოკლა უკრაინის ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ასეულობით ბავშვი; მართალია, რუსეთმა ჩაიდინა ათასობით საერთაშორისო სამხედრო დანაშაული, აწამა, გააუპატიურა და დახვრიტა სრულიად უდანაშაულო მშვიდობიანი ადამიანები; დაბომბა, დაანგრია და მიწასთან გაასწორა ათეულობით უკრაინული ქალაქი და დასახლებული პუნქტი; მართალია, ახლაც, ამ წუთებშიც გრძელდება უმძიმესი ბრძოლები უკრაინის აღმოსავლეთში და იბომბება უკრაინული ქალაქები დასავლეთშიც, სამხრეთშიც და აღმოსავლეთშიც, მაგრამ:

პუტინმა განიცადა სრული კრახი უკრაინაში გამოცხადებული მიზნების რეალიზაციაში:

  • კიევი დგას, ხარკოვი დგას, ლვოვი დგას, ოდესა დგას, ნიკოლაევი დგას; უკრაინა იბრძვის, დგას და ტერიტორიებსაც იბრუნებს ბრძოლებით ( არჩეული ხელისუფლების ჩამოგდებას რაც შეეხება, გადავიმეოროთ კლასიკოსები: „ზელენსკი ტუტ; ერმაკ ტუტ; სტეფანჩუკ ტუტ; არახამია ტუტ; პოდოლიაკ ტუტ“🙂);
  • უკრაინის ვერცერთი პოლიტიკური ლიდერი ვერ იოცნებებდა, რომ მის ქვეყანაში სუპერთანამედროვე შეიარაღება წამოვიდოდა დემოკრატიული სამყაროდან; მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ამოქმედდებოდა ამერიკული ლენდ-ლიზის პროგრამა და აშშ-ს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ამუშავდებოდა 3 ცვლაში უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების მისაწოდებლად (ცხადია, ამერიკულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში მავანნი ატარებდნენ თავისი წარმოებების გაფართოების გეგმებს, მაგრამ ასეთ მასშტაბებზე ალბათ ისინიც კი ვერ იოცნებებდნენ 😉);
  • მართალია, ცალკეულ ქვეყნებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში განსხვავებული სცენარები განიხილება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, მაგრამ უკრაინელი ხალხი, უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა, მსოფლიოს ლიდერები დეკლარირებულად აცხადებენ, რომ ვიდრე უკრაინის სუვერენიტეტი არ აღდგება 1991 წელს აღიარებულ საზღვრების ფარგლებში, ომი რუსეთთან უკრაინაში არ დასრულდება, სანქციები არ მოიხსნება (ამაზე ცოტა ქვემოთ) და მსოფლიო რუსეთთან „business as usual“-ს არ დაუბრუნდება.

ვიცი, ძალიან კარგად იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რა იყო ვლადიმერ პუტინის ულტიმატუმის მთავარი პუნქტები გასული წლის მიწურულს, კერძოდ 17 დეკემბერს მედია საშუალებებით გავრცელებულ დოკუმენტში:

  • საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით 2008 წლის 4-5 აპრილს ბუქარესტის ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები;
  • ალიანსის შეიარაღებული ძალები და შეიარაღება უნდა დაბრუნებულიყო 1997 წლის მდგომარეობით არსებულ პოზიციებზე (1997 წელს მოეწერა ხელი ნატო-რუსეთის დამფუძნებელ აქტს);
  • უკრაინის ტერიტორიიდან ალიანსს უნდა გაეტანა შეტევითი შეიარაღება.

მართალია, ნატო-ს მადრიდის სამიტის საბოლოო დეკლარაციაში არ იყო ნახსენები (რაც გაუგებარია და ძალიან საწყენია), მაგრამ ალიანსის ახალ, 10-წლიანი სტრატეგიული კონცეფციის (ბედის ირონიით 🙂) 41-ე პუნქტში პირდაპირ წერია, რომ ნატო რჩება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული; დავესესხები აშშ-ს ყოფილ ელჩს ნატო-ში კურტ ვოლკერს, რომელმაც ძალიან მართებულად აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის დამარცხების შემდეგ აუცილებლად დადგება საქართველოს, უკრაინის და დღემდე ნეიტრალური მოლდოვის ალიანსში გაწევრიანების საკითხი. როგორც იქნა, ალიანსი რწმუნდება, რომ ამ ქვეყნების მის ფარგლებს გარეთ ყოფნა უფრო დიდი საფრთხეა თავად ნატო-სთვის, ვიდრე მათი წევრობა.

მართალია, პუტინის რეჟიმისთვის ყველაზე მეტად ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებაა მიუღებელი, მაგრამ ზოგადად რუსეთი გამოთქვამდა პრეტენზიებს ნატო-ს გაფართოების ტალღებთან დაკავშირებით. ამ კონკრეტულმა ულტიმატუმმა, ისევე როგორც პუტინის მიერ ბუნკერში ჩამოყალიბებულმა სტრატეგიამ, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებით  გახლეჩდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და დაასუსტებდა ტრანსატლანტიკურ კავშირებს, სრული კრახი განიცადა. ნატო-მ ფინეთი და შვედეთი ოფიციალურად  მიიწვია ალიანსში მადრიდის სამიტზე და სულ რამდენიმე თვეში პუტინს, მისი მშობლიური ლენინგრადიდან ხელის გაწვდენის მანძილზე, 1 300 კმ-იან საზღვარზე ეყოლება ნატო-ს ახალი წევრი ფინეთი და ბალტიის ზღვაში კიდევ ერთი ნატო-ს წევრი შვედეთი.

მართალია, ნატო-ს ჯარები უშუალოდ არ მონაწილეობენ რუსეთის წინაღმდეგ ომში უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების მიზნით ნატო-მ მართლაც წარმოუდგენელი გადაწყვეტილებები მიიღო. პოლონეთში გაიხსნება აშშ-ს მე-5 არმიის შტაბბინა; ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობა გაიზრდება 7-ჯერ – 40 ათასიდან 300 ათასამდე; ალიანსის წევრები გაზრდიან აღმოსავლეთ ფლანგზე როტაციული პრინციპით მყოფი მათი ჯარების რაოდენობას; დიდი ბრიტანეთი იღებს ვალდებულებას, გამოყოს ავიამზიდი და თანმხლები გემების ჯგუფი აღმოსავლეთ ფლანგის დაცვის გასაძლიერებლად;

ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა პარტნიორებთან ერთად აიღეს ვალდებულება, მიაწოდონ უკრაინას დამატებით 600 ტანკი, 500 საარტილერიო სისტემა, თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო და ხომალდსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, ასეულ ათასობით ჭურვი და შეიარაღება!

და ბოლოს, ნატო-მ, როგორც იქნა, თავის ახალ კონცეფციაში დაარქვა რუსეთს თავისი სახელი – ყველაზე დიდი და პირდაპირი საფრთხე ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ალიანსის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის (მე-8 პუნქტი)!

ცხადია, რომ ნატო-სთან დაკავშირებით პუტინის სტრატეგიამ მნიშვნელოვანწილად კრახი განიცადა.

ბუნებრივია, რუსეთისთვის დემოკრატიული თანამეგობრობის მიერ დაწესებული რეკორდული რაოდენობის, 11 ათასამდე სანქციის დეტალურ ანალიზს ვერც ამ ბლოგში შევძლებთ და ვერც რაიმე მომცრო ზომის დოკუმენტში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნები, რამდენად ისინი ეფექტურია. რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის კუთხით თუ შევხედავთ, მავანი აუცილებლად იტყვის და სწორიც იქნება, რომ ჯერჯერობით სანქციებს სასურველი შედეგი არ მოაქვს, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან ჭრილში თუ შევხედავთ, რუსეთის ეკონომიკური და ფინანსური დასუსტების თვალსაზრისით, სანქციების ამოქმედების პირველი შედეგები უკვე სახეზეა. რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, მსუბუქი ავტომშენებლობა შემცირდა 85%-ით, სატრანსპორტო ავიაციის წარმოება – 95%-ით, მაცივრების – 58%-ით, ტელევიზორების – 59%-ით და ასე შემდეგ. პუტინის რეჟიმის ჟანგბადის მთავარმა წყარომ – გაზპრომმა დიდი ხნის შემდეგ პირველად ვერ გასცა დივიდენდები და ვერც სავარაუდო თარიღი დაასახელა, როდის გასცემდა. ამ ამბის გახმოვანების შემდეგ გაზპრომის აქციები კატასტროფულად დაეცა; 1918 წლის შემდეგ რუსეთმა პირველად გამოაცხადა დეფოლტი საგარეო ვალზე. პუტინს კი ჰქონდა ფიზიკურად 100 მილიონი დოლარი ვალის მომსახურებისთვის, მაგრამ ის გათიშულია საერთაშორისო ანგარიშსწორებათა სისტემიდან და მისი წამყვანი ბანკები იმყოფებიან სანქციების ქვეშ. მარტივად რომ ვთქვათ, ახალი საგარეო ვალის პერსპექტივა რუსეთს ფაქტიურად აღარ აქვს და ასეთ ვითარებაში, როგორც უკვე გაირკვა, არც ჩინეთიდან უნდა ჰქონდეს მაშველი რგოლის გადმოგდების იმედი. სხვათაშორის, ჩინეთთან სავაჭრო ტვირთბრუნვაც მთელი რიგი მიმართულებებით საგრძნობლად შემცირდა. როგორც ჩანს, ჩინეთის ხელმძღვანელობა გაბრაზებულია, რომ რუსეთმა არ გაუმხილა მათ თავისი გეგმები სრულმასშტაბიანი ომის დაწყებასთან დაკავშირებით. აგრეთვე, ჩინეთი მაინც ერიდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ღია დაპირისპირებაში შესვლას დაწესებული სანქციების დარღვევის შემთხვევაში; და ბოლოს, ჩინეთი ასევე ელოდება დასუსტებული რუსეთის შთანთქმის ხელსაყრელ მომენტს.

რუსულ ნავთობს ჩინეთი და ინდოეთიც ძალიან ხელსაყრელ ფასებში ყიდულობენ. ნავთობის შესყიდვა ევროკავშირშიც გრძელდება, მაგრამ პრაქტიკულად შეწყდება 2022 წლის ბოლოს (თუ არ შეთანხმდნენ ასევე ნახევარ ფასში რუსული ნავთობის შესყიდვაზე), ხოლო გაზის მიმართულებით ივნისის თვეში აშშ-დან შემოსული გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტმა პირველად ისტორიაში გადაასწრო რუსული გაზის მოცულობას.

სავალუტო რეზერვები პრაქტიკულად გაყინულია; აგრეთვე, ოქროს რეზერვებიც და დიდი შვიდეულის 4 წევრი წყვეტს რუსული ოქროს შესყიდვას.

საკვების პრობლემა შეიძლება დღეს არ დგას, ავტომობილების წარმოებაც გაგრძელდება, ოღონდ სამამულო მარკის და საბჭოთა დონის, ანუ გარკვეული დროის მანძილზე რუსეთის მოსახელობა შიმშილით მასიურად არ მოკვდება, მაგრამ თავად რუსი ეკონომისტების შეფასებით, რუსეთის ეკონომიკა კოლაფსისთვის განწირულია.

ასე რომ, უკვე სახეზეა პუტინის კრახი კიევში, მადრიდში, ვაშინგტონსა და ბრიუსელში, სულ მალე კი – შიგ რუსეთში. პროცესებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო და ბოლოს ის პუტინის რეჟიმისთვის ფატალურად დასრულდება.

დიდება უკრაინას!

გააზიარე