"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

როგორ გამდიდრდა ილონ მასკი?

2 (52)

ილონ მასკი ამჟამად 416 მილიარდი აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ქონებას ფლობს და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. გარდა ამისა, ის ერთადერთია ისტორიაში, რომლის ქონებამაც $400-მილიარდიან ზღვარს გადააჭარბა. 

მასკი 1971 წელს სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ პრეტორიაში დაიბადა. მამამისი სამხრეთ აფრიკელი ინჟინერი იყო, ხოლო დედა კანადელი მოდელი და დიეტოლოგი. ილონი ბავშვობაში ძალიან ბევრს კითხულობდა. 10 წლისას უკვე კომპიუტერული ტექნიკა აინტერესებდა. დამოუკიდებლად ისწავლა პროგრამირება და 12 წლის ასაკში უკვე ვიდეოთამაშის კოდი დაწერა, რომელიც 500 დოლარად გაყიდა. კაცობრიობის შეცვლისა და ცხოვრების გამარტივების იდეები ბავშვობიდანვე გაუჩნდა. განსხვავებული ბავშვი იყო, ამიტომ ხშირად ხდებოდა ძალადობის მსხვერპლი. ერთხელ გონების დაკარგვამდე სცემეს და ოპერაციებიც კი დასჭირდა.

ილონ მასკი აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლაზე ოცნებობდა, რადგან მიაჩნდა, რომ ის დიდი იდეების განხორციელების ადგილია. აშშ-ში შესვლის გასამარტივებლად, პრეტორიაში სწავლა მიატოვა და კანადაში დედასთან გადავიდა საცხოვრებლად. უმაღლესი განათლება პენსილვანიის უნივერსიტეტში მიიღო ეკონომიკასა და ფიზიკაში. 1994 წლიდან მასკი სილიკონ ველიზე სხვადასხვა კომპანიებში მუშაობდა, სადაც გასაოცარ შთაბეჭდილებას ტოვებდა.

1995 წელს მასკმა, ძმასთან ერთად, პირველი კომპანია დააარსა – Zip2. კომპანია ინტერნეტ რუკებს ამზადებდა, რომლებიც გაზეთებში იბეჭდებოდა. გრაფიკული რუკების და მიმართულებების კოდებს ილონი თავად წერდა. მალე კონტრაქტი დადეს “ნიუ იორკ თაიმზთან“. 1999 წელს კომპანია Compaq-მა Zip2 307 მლნ დოლარად შეიძინა. კომპანიის გაყიდვის დროს მასკი მხოლოდ 7%-იან წილს ფლობდა და, შესაბამისად, 22 მლნ დოლარი ერგო.

ZIP2-ის გაყიდვისგან მიღებული თანხიდან მასკმა ახალი კომპანია X.com შექმნა, რომელიც ელექტრონული ფოსტით გადახდის და ინტერნეტ-ფინანსური მომსახურებით იყო დაკავებული. ერთ წელიწადში X.com კომპანია Confinity-თან გაერთიანდა, რომელიც ფულის გადარიცხვის ინტერნეტ სერვისზე მუშაობდა. 2001 წელს გაერთიანებულ კომპანიას PayPal დაარქვეს. 2002 წელს PayPal 1.5 მილიარდ დოლარად eBay-მ შეიძინა, საიდანაც მასკს 165 მლნ დოლარი შეხვდა.

2001 წლიდან მასკი პლანეტა მარსის ათვისებით დაინტერესდა, სადაც მწვანე სათბურის განთავსებას და პლანეტის შესწავლას გეგმავდა. თავიდან რუსეთიდან კოსმოსური რაკეტის შეძენას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა და 2002 წელს კოსმოსური ტექნოლოგიების კომპანია SpaceX დააარსა, რომლის გენერალური დირექტორია და 42%-იანი წილის მფლობელი. კომპანიის მთავარი მიზანი კოსმოსში მოგზაურობისთვის მოსახერხებელი რაკეტების შექმნაა. მასკს სჯერა, რომ კაცობრიობის გადასარჩენად და არსებობის გასახანგრძლივებლად კოსმოსის ათვისებაა აუცილებელი. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ SpaceX $350 მილიარდად შეფასდა.

ილონ მასკის სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული საავტომობილო კომპანიასთან  – Tesla, რომელიც 2003 წელს დაფუძნდა, მასკი კი 2004 წლიდან დირექტორთა საბჭოს წევრად შეუერთდა. 2008 წლიდან ის Tesla-ს გენერალური დირექტორი. ის კომპანიის დაახლოებით 12%-ს ფლობს. მასკის მმართველობის პერიოდში კომპანიამ საკმაოდ დიდ წარმატებებს მიღწია და ელექტრომანქანების წარმოებაში ლიდერი გახდა.

დღეს Tesla-ს საბაზრო ღირებულება 1.26 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. შესაბამისად, მასკი Tesla-ში დაახლოებით $164.7 მილიარდის ღირებულების აქციებს ფლობს.

2006 მასკმა კიდევ ერთი კომპანია – SolarCity დააარსა. 2006 წელსვე SolarCity კომპანია Tasla-მ შეისყიდა. მასკს მიაჩნია, რომ მზის ენერგიის გამოყენებისა და ელექტრომობილების წარმოების გაფართოება გლობალურ დათბობას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

2015 წელს მასკმა, პარტნიორებთან ერთად, დააარსა კომპანია OpenAI, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობს. მასკი OpenAI-ის დამფუძნებელთა ჯგუფში შედიოდა და მისი ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მხარდამჭერი იყო. 2018 წელს ილონი კომპანიის დირექტორთა საბჭოდან გადადგა. მისი განცხადებით, მიზეზი იყო პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი Tesla-ს AI პროექტებთან დაკავშირებით, რადგან ელექტრომობილების მწარმოებელი აქტიურად მუშაობს თვითმართვადი მანქანების განვითარებაზე.

ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის დაკავშირებაზე მუშაობს მასკის კომპანია – Neuralink. მისი ტექნოლოგია მიზნად ისახავს ისეთი დაავადებების მართვას, როგორიცაა ალცჰაიმერი, პარკინსონის დაავადება, ეპილეფსია, დაზიანებული ნერვული ქსოვილების აღდგენა. Neuralink-მა უკვე ჩაატარა კვლევა ცხოველებსა და ადამიანებზე, ამჟამად კი, მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, მიკროჩიპის დახვეწაზე მუშაობს.

2022 წელს, მასკმა Twitter-ი 44 მილიარდ დოლარად შეიძინა. Forbes-ის შეფასებით, სოციალური მედიის კომპანია, რომელსაც მან X დაარქვა, 2024 წლის აგვისტოსთვის თითქმის 70%-ით ნაკლებად ფასობდა.

ილონ მასკი ასევე ფლობს xAI-ის დაახლოებით 54%-ს, რომელიც მან 2023 წელს დააარსა. 2024 წლის ნოემბერში კომპანია 50 მილიარდ დოლარად შეფასდა.

ჯერ კიდევ 2015 წელს მასკის ქონების ღირებულება 12 მილიარდ დოლარს შეადგენდა, დღეს კი, როგორც აღვნიშნეთ, ის 416 მილიარდ დოლარზე მეტს ფლობს.

გააზიარე