როგორ გამდიდრდა „ინტელი“?

acastro_210728_4683_0001

Illustration by Alex Castro

 

„ინტელი“ მსოფლიოში ნახევარგამტარების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია. მისი პროცესორები პერსონალური კომპიუტერების უმეტესობაშია. 2024 წელს შემოსავლით მსოფლიოში მე-3 უმსხვილესი ჩიპების მწარმოებელი იყო, თუმცა ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ბაზარზე NVIDIA-მ და AMD-მ გაასწრეს.

2025 წელს „ინტელის“ შემოსავალმა 53 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 211 მილიარდი დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი დაახლოებით 350 მილიარდი დოლარი, რითაც მსოფლიოში 41-ე ადგილზეა. დასაქმებული ჰყავს 85 ათასი ადამიანი.

„ინტელი“ 1968 წლის 18 ივლისს კალიფორნიაში, ქალაქ მაუნტინ-ვიუში დააარსეს ფიზიკოსმა რობერტ ნოისმა და ქიმიკოსმა გორდონ მურმა. ორივე გამოცდილი ინჟინერი იყვნენ და მანამდე კომპანია Fairchild Semiconductor-ში მუშაობნენ. ნოისი ინტეგრირებული სქემის (მიკროჩიპის) ერთ-ერთი გამომგონებელი და Fairchild-ის გენერალური მენეჯერი იყო, მური კი კვლევებს ხელმძღვანელობდა. ის ცნობილია „მურის კანონით“, რომლის მიხედვითაც ჩიპზე ტრანზისტორების რაოდენობა დაახლოებით ყოველ ორ წელიწადში ორმაგდება. თავდაპირველად, „ინტელისთვის“ 2.5 მილიონი დოლარი ინვესტორმა არტურ როკმა მოიზიდა, რომელსაც პირველ „ვენჩურულ ინვესტორად“ მოიხსნიებენ.

კომპანიის სახელი „ინტელი“ – Integrated Electronics-ის (ინტეგრირებული ელექტრონიკა) შემოკლებაა. კომპანიის მესამე თანამშრომელი უნგრული წარმოშობის ქიმიური ინჟინერი ენდი გროუვი იყო, რომელიც მოგვიანებით „ინტელის“ ყველაზე ცნობილი ხელმძღვანელი გახდა.

თავიდან „ინტელი“ მეხსიერების ჩიპებს აწარმოებდა. 1970 წელს გამოშვებული ჩიპი ორ წელიწადში მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი მეხსიერების ჩიპი გახდა. 1971 წელს კომპანია საჯარო გახდა და აქციების გაყიდვით 6.8 მილიონი დოლარი მოიზიდა. იმავე წელს შექმნა მსოფლიოში პირველი კომერციული მიკროპროცესორი Intel 4004, რომელიც იაპონური კომპანია Busicom-ის კალკულატორისთვის დამზადდა.

გარდამტეხი 1981 წელი აღმოჩნდა, როდესაც IBM-მა თავისი პირველი პერსონალური კომპიუტერისთვის „ინტელის“ 8088 პროცესორი აირჩია. ამ კომპიუტერებზე „მაიკროსოფტის“ ოპერაციული სისტემა მუშაობდა და ორი კომპანიის კავშირი, ე.წ. „ვინტელი“ ბაზარზე ათწლეულების განმავლობაში დომინირებდა. 1980-იან წლებში იაპონელი მწარმოებლების კონკურენციის გამო მეხსიერების ჩიპები წაგებიანი გახდა და გროუვმა კომპანია მთლიანად მიკროპროცესორებზე გადაიყვანა. 1985 წელს გამოსულმა 386 პროცესორმა „ინტელს“ ბაზარზე თითქმის მონოპოლიური მდგომარეობა მოუტანა.

1991 წელს დაიწყო სარეკლამო კამპანია „Intel Inside“-ი, რამაც კომპანია ფართო საზოგადოებისთვის ცნობად ბრენდად აქცია. 1993 წელს გამოვიდა Pentium-ი. მალე პროცესორში შეცდომა აღმოაჩინეს და 1994 წელს მისი შეცვლა კომპანიას 475 მილიონი დოლარი დაუჯდა, თუმცა ამ სკანდალმა „ინტელის“ ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდა.

1990-იან წლებში „ინტელი“ კომპიუტერების პროცესორების ბაზრის 90%-ს ფლობდა და 1992 წლიდან შემოსავლით მსოფლიოში უდიდესი ჩიპების მწარმოებელი იყო. 1999 წლის ბოლოს მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 274 მილიარდ დოლარს აღწევდა.

2000-იან წლებში AMD-ის კონკურენცია გაძლიერდა. 2005 წელს „ეპლმა“ Mac კომპიუტერებში „ინტელის“ პროცესორების გამოყენება გადაწყვიტა, 2006 წელს კი Core ხაზი გამოვიდა. პოლ ოტელინის მმართველობისას (2005-2013) შემოსავალი 34 მილიარდიდან 53 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

2010-იანი წლების ბოლოს წარმოების ახალ ტექნოლოგიაზე გადასვლა რამდენიმე წლით დაგვიანდა, 2020 წელს კი „ეპლი“ საკუთარ ჩიპებზე გადავიდა. შემოსავალმა პიკს, 79 მილიარდ დოლარს, 2021 წელს მიაღწია, შემდეგ კი შემცირდა. 2024 წელს Dow Jones-ის ინდექსში „ინტელი“ NVIDIA-მ ჩაანაცვლა. 2025 წელს კომპანიის მართვა ლიპ-ბუ ტანმა ჩაიბარა, რომელმაც 24 ათასი თანამშრომელი შეამცირა. იმავე წელს NVIDIA-მ „ინტელში“ 5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო, რის შემდეგაც აქციები გაძვირდა და 2026 წელს კაპიტალიზაცია გაორმაგდა.

„ინტელის“ აქციების ფასი ყველაზე სწრაფად 2-ჯერ გაიზარდა, 1990-იანების ბოლოს ინტერნეტის ბუმის გამო და 2025-2026 წლებში ხელოვნური ინტელექტის ბუმის გამო.

კომპანიის ყველაზე მსხვილი აქციონერი აშშ-ის მთავრობაა, რომელიც 9.9%-ს ფლობს. შემდეგ მოდის BlackRock–ი 8.5%-ით, Vanguard–ი 5.7%-ით და NVIDIA 4.3%-ით.

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა