Forbes Georgia
რომელ ადგილზეა საქართველო მსოფლიოში ეკონომიკის ზრდის ტემპით?

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2026 წლის ეკონომიკის ზრდის რეიტინგში საქართველო მე-11 ადგილზეა.
მეთოდოლოგია
12 ოქტომბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნების განახლებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლებიც ეკონომიკის ზრდის პროგნოზებსაც მოიცავს.
ეკონომიკის ზრდა ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას ნიშნავს ერთი წლის განმავლობაში. მშპ ეკონომიკის სიდიდის საზომია. ის ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე შექმნილი საქონლისა და მომსახურების ღირებულებას აჯამებს. ეკონომიკის ზრდაზე ინფლაციის ეფექტის გამოსარიცხად, წლების მაჩვენებლები ერთმანეთს ერთი საბაზისო წლის ფასებში უნდა შედარდეს. მაგალითად, თუ 2025 წლისა და 2026 წლის მშპ-ს ორივეს 2025 წლის ფასებით დავითვლით, მათ შორის სხვაობა გამოშვებულ საქონელსა და მომსახურებას შორის ცვლილებას გვაჩვენებს, ინფლაციის ეფექტი განულდება. სწორედ მშპ-ის ასეთ ცვლილებას ჰქვია ეკონომიკის ზრდა ან კლება.
სავალუტო ფონდის ეკონომიკის ზრდის პროგნოზების ბოლო რეიტინგი 187 ქვეყანას მოიცავს.
საქართველო ეკონომიკის ზრდის რეიტინგში
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2026 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ეკონომიკის ზრდის პროგნოზების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 7.2%-ით გაიზრდება. სწორედ 7.2%-იანი ზრდით იკავებს საქართველო მე-11 ადგილს მსოფლიოში. საქართველოს ეკონომიკაზე სწრაფად 10 ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატი) უკვე გამოქვეყნებული აქვს მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები. იანვარ-აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა. თუმცა, კვარტალების მიხედვით კლებადი ტენდენციაა. პირველ კვარტალში ზრდა 9% იყო, მეორე კვარტალში კი 5.9%.
რადგან იანვარ-აგვისტოში ეკონომიკური ზრდა 7.6%-ია, სავალუტო ფონდის 7.2%-იანი წლიური ზრდის პროგნოზი რეალობასთან ახლოსაა. საქართველოს მთავრობა 2026 წლისთვის 6.8%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
2026 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში ყველაზე მაღალი ზრდა – 26% ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში დაფიქსირდა. 19%-იანი ზრდა იყო ტრანსპორტის სექტორში, ხელოვნებასა და გართობაში – 16.1%, ჯანდაცვაში – 13.8%, საფინანსო საქმიანობაში – 10.1%. 3.4%-ით შემცირდა სოფლის მეურნეობა, 3.5%-ით – მშენებლობა.
2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა და, სავალუტო ფონდის მიხედვით, ეკონომიკის ზრდის რეიტინგში მე-17 ადგილზე იყო. 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა და რეიტინგში მე-5 იყო. 2020 წელს, პანდემიის გამო, საქართველოს ეკონომიკა 6.3%-ით შემცირდა. 2020-ში საქართველოს ეკონომიკაზე მეტად მხოლოდ 58 ქვეყნის ეკონომიკა შემცირდა.
გრაფიკი: საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი

ქვეყნები, სადაც ეკონომიკა ყველაზე სწრაფად იზრდება
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2025 წელს ყველაზე მეტად გაიანის ეკონომიკა გაიზრდება, სადაც მაღალი ტემპით ზრდა ნავთობისა და გაზის ახალი საბადოების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ტაივანი ერთადერთი მდიდარი ქვეყანაა, რომლის მაღალი ტემპით (10.7%) ზრდას, პირველ რიგში, ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმისა და ნახევარგამტარებზე (ჩიპებზე) მსოფლიო მოთხოვნის მკვეთრი ზრდა განაპირობებს. ტაივანი გლობალური ტექნოლოგიური წარმოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია. სამხრეთ სუდანის ეკონომიკა 10.5%-ით გაიზრდება. ამის მიზეზი წინა წლებში სამხრეთ სუდანში დაფიქსირებული დიდი ეკონომიკური ვარდნაა, რაც, თავის მხრივ, ომით იყო გამოწვეული.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან 2025 წელს ყველაზე მეტად სომხეთის ეკონომიკა გაიზრდება – 5.5%-ით. ამ მაჩვენებლით სომხეთი მსოფლიოში 26-ე ადგილზეა. თურქეთის ეკონომიკა 2.7%-ით გაიზრდება, აზერბაიჯანის – 1.7%-ით, რუსეთის ეკონომიკა კი 0.9%-ით (161-ე ადგილი).
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2026 წელს 14 ქვეყნის ეკონომიკა შემცირდება, მათ შორის, ყველაზე მეტად – 16.7%-ით – ქუვეითის ეკონომიკა შემცირდება. 16%-ით შემცირდება ერაყის ეკონომიკა, ხოლო კატარის – 15.6%-ით. სამივე ქვეყანაში კლების მთავარი მიზეზი ირანთან ომი და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაა.
ტოპ–10 ქვეყანა ეკონომიკის ზრდის მიხედვით 2026 წელს
| ქვეყანა | ზრდა | |
| 1 | გაიანა | 22.3% |
| 2 | ტაივანი | 10.7% |
| 3 | სამხრეთი სუდანი | 10.5% |
| 4 | ეთიოპია | 9.2% |
| 5 | ყირგიზეთი | 9.0% |
| 6 | ვიეტნამი | 8.4% |
| 7 | უზბეკეთი | 7.8% |
| 8 | რუანდა | 7.4% |
| 9 | ტაჯიკეთი | 7.3% |
| 10 | გვინეა | 7.2% |
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
