ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 70-ე ადგილზეა

2 (13)

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 70-ე ადგილზეა 186 ქვეყანას შორის.

მეთოდოლოგია

12 ოქტომბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ქვეყნების განახლებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლებიც ერთ მოსახლეზე საშუალო წლიურ შემოსავალსაც მოიცავს.

ქვეყანაში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი სხვადასხვა მეთოდოლოგიით ითვლება და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. როდესაც მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ერთ მოსახლეზე შემოსავლის შედარებაა, ამ დროს ყველაზე მართებული მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით დათვლილი მშპ-ის გამოყენებაა. PPP-ს მეთოდოლოგია ქვეყნის შემოსავალს მისი მსყიდველობითი უნარის მიხედვით განიხილავს. ვინაიდან, ზოგადად, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ფასები უფრო დაბალია, ვიდრე მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, ღარიბი ქვეყნების შემოსავლის მსყიდველობითი უნარი ყოველთვის მეტია. ასეთი ქვეყნების რიცხვშია საქართველოც. მაგალითად, საქართველოში 1,000 დოლარის ყოველთვიური შემოსავლით გაცილებით უკეთ იცხოვრებ, ვიდრე აშშ-ში. სავალუტო ფონდის ბოლო კვლევით, საქართველოში დახარჯულ 1 აშშ დოლარს 2.9-ჯერ მეტი მსყიდველობითი უნარი აქვს, ვიდრე აშშ-ში დახარჯულ 1 დოლარს.

საქართველო ერთ მოსახლეზე შემოსავლის რეიტინგში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 12 ოქტომბერს გამოქვეყნებული მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლით 2026 წელს საქართველო 70-ე ადგილზეა 186 ქვეყანას შორის. ფონდის შეფასებით, 2026 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 32,661 PPP დოლარი იქნება.

2025 წელს საქართველო რეიტინგში 72-ე ადგილზე იყო 29,457 PPP დოლარით. 2024 წელს კი 74-ე ადგილზე იყო 26,709 PPP დოლარით.

PPP დოლარში გამოსახული ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე დამოკიდებულია ქვეყნის მოსახლეობის რიცხვის ცვლილებაზე, ინფლაციაზე საქართველოში, ინფლაციაზე აშშ-ში და ლარის დოლარის მიმართ გაცვლით კურსზე. როცა ლარი დოლარის მიმართ უფასურდება, თუ მას თან არ ახლავს შესაბამისი დონის ინფლაცია, ერთ მოსახლეზე შემოსავალი PPP დოლარში იზრდება. 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში კი 7.6%-ით. შესაბამისად, ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავლის ზრდის მთავარი მიზეზი ეკონომიკური ზრდაა.

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი საქართველოში

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ქვეყნები, სადაც მოსახლეობის შემოსავალი ყველაზე მაღალია

სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2026 წელს ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი ყველაზე მაღალი სინგაპურშია – 177 ათასი PPP დოლარი. 2026 წელს სინგაპურის ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება. მეორე ადგილზე ლუქსემბურგია 157 ათასი PPP დოლარით. რეიტინგში მესამე ადგილზე ირლანდიაა, სადაც ერთ ადამიანს წელიწადში საშუალოდ 150 ათასი PPP დოლარის შემოსავალი აქვს.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მდიდარი რუსეთია, ერთ მოსახლეზე 53 ათასი PPP დოლარით (43-ე ადგილი მსოფლიოში). შემდეგ თურქეთი მოდის 47 ათასი PPP დოლარით (52-ე ადგილი მსოფლიოში). სომხეთში (26,916 PPP დოლარი, 77-ე ადგილი) და აზერბაიჯანში (26,786 PPP დოლარი, 78-ე ადგილი) ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი საქართველოზე ნაკლებია.

ყველაზე ღარიბი ქვეყანა ბურუნდია, სადაც ერთი მოსახლის საშუალო წლიური შემოსავალი 1,036 PPP დოლარია. შემდეგ მოდის იემენი 1,571 PPP დოლარით და სამხრეთი სუდანი 1,582 PPP დოლარით.

ტოპ–10 ქვეყანა ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავლის მიხედვით, 2026 წელი

 ქვეყანაPPP დოლარი
1სინგაპური176,927
2ლუქსემბურგი156,638
3ირლანდია149,642
4ნორვეგია116,169
5შვეიცარია106,944
6კატარი103,804
7ტაივანი103,743
8გაიანა98,912
9ბრუნეი98,028
10აშშ95,212

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა