ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი.

გიჟდებიან ქართველებზე!

ზაზა ბიბილაშვილი2

შივასს დალევთ? – გვკითხა ტანმორჩილმა, გაჭირვებისგან თითქოს კიდევ უფრო დაჩიავებულმა რეზომ და პასუხს არ დალოდებია, ისე შეუკვეთა ოთხი ას-ასი. წლებია, კიევში ცხოვრობდა, ოღონდ არავინ იცოდა, რატომ იყო იქ ან რით გაჰქონდა თავი. იგულისხმებოდა, რომ ჩვენ, როგორც გასართობად ჩასულებს, საგრიალო ფული გვქონდა, მან კი – უცხო მიწაზე ნახევრად შემთხვევით გაცნობილმა თანამემამულემ – იცოდა, კაი ვისკი სად იღებოდა.

იმხანად საქართველოში ეკონომიკური ბუმი იყო. იურიდიულ ფირმაში იმდენი საქმე მქონდა, კვირაში ერთ ღამეს ვათენებდი მომდევნო დღეებში ძილის ანაზღაურების გარეშე. პარალელურად, სულ თვლასა და უძილო საათების სიცოცხლის წლებზე გადაანგარიშებაში ვიყავი – საკუთარი თავისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ ამ დოზით ძილის მოკლება, დიდ სურათში, არც არაფერს მიცვლიდა. ოცდაათს ახალი გადაბიჯებული მქონდა და დაღლილობას იშვიათად ვგრძნობდი. ეგ კი არადა, უძილო ტვინი უკეთაც კი მუშაობდა – ისეთ შრეებს პოულობდა საკუთარ თავში, რომლებიც დალხენილ-გამოძინებულზე ვერასდროს ამოტივტივდებოდა ზედაპირზე. მაგრამ ერთ მომენტში მართლა გადავიწვი და კიევში საქმეზე წასვლის შემოთავაზება ზეგარდმო ნიშნად მივიჩნიე, რომ დაუსრულებელ რუტინას რამდენიმე დღით უნდა მოვწყვეტილიყავი და გემრიელად გამომეძინა.

სინამდვილეში, უკრაინაში არანაირი საქმე არ მქონდა. იქ ჩვენი მეგობარი ივა ცხოვრობდა, რომელთანაც მოგონილი საბაბით ცოლთან ნაჩხუბარი აჩიკო აპირებდა ჩასვლას.

წამო რა, შეჩემა, ისე გავა თბილისში ეს ერთი კვირა, ვერც მიხვდები, იქ კი ცოტა გავერთობით და გავნიავდებითო – მექაჩებოდა აჩი. კიევში ნამყოფი არ ვიყავი და რა დასამალია, მეძახდა იქაურობა. მაგრამ თან საქმეზე მეთანაღრებოდა გული – დაბრუნებულზე ორმაგი შრომა და ღამისთევები მომიწევდა, რის გაფიქრებაც კი მზარავდა.

უკრაინაზე ათასი მითი და ლეგენდა მსმენოდა. მთავარი მაინც ის იყო, რომ იქაურები გიჟდებოდნენ ქართველებზე! გიჟდებოდნენ ლამის გენეტიკურად – ისტორიული მეხსიერების გამოისობით – დედების მიერ შვილებზე გადაცემული სითბოთი და სინოტივით.

თქვენ იღადავეთ და ქართველ კაცებზე მართლა ეკეტებათო, გვარწმუნებდა ივა, როცა ჩვენს შეკერვას ლამობდა, რომ ყველა საქმე მიგვეტოვებინა და მასთან ჩავსულიყავით. კი ვუთხარი, რა გასაგიჟებელი ჩვენ ვართ ამ ღიპებით, ჟანგიანი რუსულით და სახელფასო დანაზოგიდან გადანახული სამოგზაურო ფულით-მეთქი, მაგრამ არა – ამათ ჩვენი გაგება და კავკასიური გალანტურობა ევასებათ და, ნუ, კაცობაც, თავის თავადო.

პაეზდკების წინასწარ დაგეგმვა არასდროს მყვარებია. ყოველთვის იმწუთიერ განწყობაზე ვაგებდი გეგმებს. ამჯერადაც ისე მოხდა, რომ ივნისის ერთ მშვენიერ დღეს აჩიკოსთან ერთად ძაანჩვეულებრივად კიევის რეისზე ამოვყავი თავი.

ივამ წინასწარ ისე ხატოვნად აღგვიწერა ყველაფერი, სადღაც, გულის სიღრმეში, ერთგვარი მოლოდინი გაგვიჩნდა, რომ თვითმფრინავის ტრაპთანვე რამდენიმე ნახევრად შიშველი მზეთუნახავი დაგვხვდებოდა „ხლებ-სოლით“: მობრძანდით – გელოდით – მიირთვით – მიგვირთვით – კიდევ რას ინებებთო. აი, თან რომ იცი, რომ სისულელეა – მონატრებულმა ძმაკაცმა აგაგდო – მაგრამ თან მაინც რომ უშვებ. და ცოტა ელოდები კიდეც.

ამ მოლოდინზე, ცხადია, ჩვენვე გვეცინებოდა, მაგრამ რომ ჩავფრინდით და პირველივე წუთებში არაფერი მოხდა, დავაფიქსირე – სადღაც, მიამიტი გულის არც თუ ისე სიღრმეში, ის ერთი სიმი მაინც ჩაწყდა. ისე ძალიანაც არ ვყვარებივართ ქართველები-მეთქი, გამკრა და ივას ნომერი ავკრიფე – იმ იმედით, რომ ეგ მაინც გველოდებოდა გასასვლელთან.

არც აეროპორტში მომხდარა რამე განსაკუთრებული – საპასპორტო კონტროლი ისე გავიარეთ, არც ერთ ქალ მესაზღვრეს ფლირტის მცდელობაც კი არ ჰქონია. ისე გამოვედით ტერმინალიდან, ჩავსხედით ივას წითელ RAV4-ში და დავადექით ცენტრისკენ მიმავალ შოსეს, ქალაქს არაფრით შეუმჩნევია, რომ ქართველები ჩამოვედით.

ბინა კიევის შუაგულში, რუსთაველის ქუჩაზე გვქონდა ნაქირავები. დავლაგდით თუ არა, გამოვაცხადე, თქვენ რაც გინდათ, ქენით, მე ახლა ცოტა უნდა წავუძინო მეთქი. შენ ხო არ გადაირიე – ისედაც ერთი კვირით ვართ ჩამოსული, გამოძინებას სხვა დროსაც მოასწრებ, გავიდეთ, ვჭამოთ, გავიხედ-გამოვიხედოთ, საღამოს რეზოც შემოგვიერთდება – გაგაცნობთ, კაი ბიჭია – და მერე მაგარ დისკოტეკაზე წაგიყვანთო, ივამ.

მეთქი, აჩი, თქვი რამე, რომელი მოცეკვავეები ჩვენ ვართ – მაგრად დავიცინებით, თუ მაინცდამაინც, ხომ არ ჯობია, სადმე ბარში დავსხდეთ, ვიბაზროთ – ვებაზროთ – ეგებ, მაგ ფორმატში მაინც მოგვეცეს ვინმეს გაცნობის შანსი-მეთქი.

ივამ მცოდნე მასპინძლის მზრუნველი ირონიით გადმოგვხედა, ხელში მოსაკიდებლად გამზადებული სიგარეტი მოსრისა და დაგვაიმედა – მენდეთ, ვსიო ბუძიტ ოკეიო.

შემდეგი კადრი უკვე „ავალონიდანაა“. ავალონი ორსართულიანი დისკოტეკაა, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდების მოძიგძიგე მასას ლამის 100-წლიანი აკრძალვის მერე ახლახან ლეგალიზებული აბსენტით შებიჟვინებულ-გათამამებული ქართველები შევერიეთ. გარშემო ყველა ისეთი კოხტა და გამხდარი იყო, კაი დაკვირვების გარეშე, გოგოს და ბიჭს ვერ გაარჩევდი. მხოლოდ მე და აჩიკო ვიდექით თანამედროვე ქართულ ტანებზე. მიუხედავად ამისა, ივას დარიგებისამებრ, შევეცადეთ, საკუთარ მასას არ დავეკომპლექსებინეთ და შუაგულ ტანცპლაშადკაზე გაბედულად „ვაკეთებდით მოძრაობებს“.

რომ არა მოხითხითე ივას მიერ მეორე სართულიდან გადაღებული კადრები, არასდროს გვეცოდინებოდა, რომ ჩვენ გარშემო, პერიმეტრზე, მეტრნახევრიანი სანიტარული კორდონი იყო წარმოქმნილი. სევდიანი სანახავი უნდა ყოფილიყო ორი გრუზინი მუტრუკი, რომლებიც ტლანქად ყანყალებდნენ იმის მოლოდინში, რომ მათი მძლავრი ქართული ლიბიდოთი მონუსხული უკრაინელი ერის რომელიმე მდედრი წარმომადგენელი მორჩილად ეახლებოდა და საკუთარ თავს შესთავაზებდა.

დრო გადიოდა. არავინ გვეკარებოდა. სასოწარკვეთა მატულობდა. მხოლოდ რეზო იყო მშვიდი და კმაყოფილი: მას შივასიც ჰყოფნიდა ბედნიერებისთვის.

ასე მშრალად განესრულა მთელი ოთხი დღე. ლეგიტიმური ადამიანური მეთოდებით სარეცელის  გამზიარებელი რომ ვერ ვიპოვეთ, მეხუთე დღის ბოლოს, როცა ყველაფერი მორიგი იმედგაცრუებისკენ მიექანებოდა და სამშობლოში დაბრუნებამდე არასრული ორიოდე დღე რჩებოდა, ხმაურიანი კლუბიდან ჰაერზე გამოვედით, ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ, უთქმელი აზრის სიტყვებად ქცევა გავბედეთ და, ეროვნული სირცხვილისა და პიროვნული დემორალიზაციის პირას მდგომებმა, ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ… ვიხდით! ვიხდით, ამის დედაც ვატირე! ვიხდით!!

იქნებოდა ასე, ღამის 2-3 საათი. უკან აღარ შევბრუნებულვართ. იქვე, კუთხეში მობირჟავე ტაქსისტს ჩავუჯექით და, სანამ მანქანის დაქოქვას მოასწრებდა, აჩიკომ ეგრევე მიახალა, იუზგარ, ეხლა უწესო დიაცთა რომელიმე სალოცავში მიგვიყვანე სასწრაფოდო.

იუზგარი გამგები და თვინიერი რუსი აღმოჩნდა. წაგვიყვანა. თუმცა, სანამ ადგილზე მივედით, ბუნაგი უკვე დაცარიელებულიყო: მანდილოსნების ნაწილი „ველზე“ იყო გასული, ნაწილი კი ოჯახებს მიბრუნებოდა… რა უნდა გვექნა? – წავედით სხვაგან. იქაც იგივე სურათი! შემდეგ ობიექტზეც სევდა და სიჩუმე სუფევდა…

როგორც გაირკვა, დღე-ღამის ამ დროს – უკრაინაშიც კი – ლამაზები და ალმასები უკვე დაბინავებული არიან. შემორჩენილი არჩევანი კი… აი, როგორ ვთქვა… თუ იმხელა კომპრომისზე მიდიხარ, რომ იხდი – ბარემ ღირდეს მაინც, არა?! აჩიკოც ასე ფიქრობდა. რეზოს სახეზე ეწერა, რომ კომერციულ საწყისებზე გადასვლის გადაწყვეტილება მისთვის ბოლო დღეების ყველაზე მისასალმებელი ნაბიჯი იყო – ყველაფერზე თანახმა იყო, მაგრამ მის აქციებს ხმის უფლება არ ჰქონდა. ამიტომ, იჯდა ჩუმად… ძიება კი გრძელდებოდა.

დილის ექვსი იქნებოდა დაწყებული, როცა ტაქსისტს ძველი „ოცდაოთხი“ ჩაუქრა. ჩაუქრა რა – აღარ დაიქოქა. და გავჩერდით. გავჩერდით სადღაც, კიევის მიყრუებულ გარეუბანში. გამთენიისას. ოთხი ქართველი ვაჟკაცი. ერთი ამორალური დაწესებულებიდან მეორე ამორალური დაწესებულებისკენ მიმავალ გზაზე.

მძღოლმა ერთი-ორჯერ სადღაც დარეკვა სცადა, მაგრამ მალევე გამოტყდა, ახლა აქ მომსვლელი არავინააო და გვთხოვა – იზვინიწი, რიბიატა, ეგებ მოაწვეთ და ეგრე დავქოქოთო. სხვა რა ჩარა იყო – გადმოვედით და მივაწექით.

ტლაპოდან ტალახის აჩიკოზე მიწუწება და მანქანის დაქოქვა ერთი იყო. გამწარებულმა აჩიკომ ტელეფონი ამოიღო, წინა საღამოს უშედეგოდ გაცნობილ მზეთუნახავთან ერთად გადაღებულ ფოტოს დახედა და სევდიანად ჩაილაპარაკა: „ვიძილა ბი სჩას მინია ქეთევან კანკავა!“.

გაჭირვებისას ზოგს ღმერთი ახსენდება, ზოგს – ცოლი. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, სიბრალულისა და მიტევების მოლოდინი ცოლისგან უფრო ჰქონდა. თანაც, ამდენ წვალებაში კაი გვარიანად მონატრებოდა მისი ანგელოზივით ქეთო. ალბათ თავს დამნაშავედაც გრძნობდა, უაზროდ  ატეხილი შარის გამო.

კეტევან ჩტო?! – გამოსძახა მანქანის გაცოცხლებით გახარებულმა შოფერმა. არაფერი, დაიკიდე შე ყლეოო, ჩაილაპარაკა აჩიმ, სახიდან ტალახი მოიწმინდა და უხალისოდ ჩაჯდა მანქანაში.

არ თოვდა, მაგრამ კიევს ებურა თალხი. ალბათ, ჩვენი წარუმატებელი ვიზიტის აღსანიშნავად. ამასობაში დაგვათენდა კიდეც. ნუ, დაგვათენდა რა – წელიწადის ამ დროს წესიერად არც ღამდებოდა მოძმე უკრაინის დედაქალაქში.

კიევიდან ისე დავბრუნდით, დღის შუქზე წესიერად არ გვინახავს: არც წმ. სოფიოს ტაძარი, არც ლავრა, არც – ანდრეევსკი სპუსკი. მხოლოდ „ავალონი“, „კარიბიანი“, „არენა“ და კიდევ რამდენიმე ღამის კლუბი.

წამოსვლის წინ, თანამზრახველებმა დეტალურად შევაჯერეთ ჩვენებები, თავისი საშინაო და საგარეო ვერსიებით. სანამ თვითმფრინავის ბორბლები ივერიის მონატრებულ მიწას შეეხებოდა, გატეხილი იხტიბარი უკვე ყველას აღდგენილი ჰქონდა. მომდევნო რამდენიმე თვე ყველა სუფრაზე ვყვებოდით, რომ უკრაინელებმა სხვანაირი ურთიერთობა იციან და მათთვის ქართველი მაინც სხვაა.  აი, ცოტა ძველი ამბებია, ცოტა – ჩვენი მეობა და გაგებაც… მარტო კუნთები და თავის მოვლა ხომ არაა საქმე?! აი, თითქოს რომ ვერ გაიგებ, რატომ ვუყვარვართ, მაგრამ თან ეგრეც არაა – არის რაღაცები, რასაც ბოლომდე ვერ იმასქნი. ფაქტია:

გიჟდებიან ქართველებზე!

გააზიარე