Forbes.ge
საქართველო ფრეიზერის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში 26-ე ადგილზეა

ფრეიზერის ინსტიტუტის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 26-ე ადგილზეა 165 ქვეყანას შორის.
მეთოდოლოგია
ეკონომიკურ თავისუფლებაში იგულისხმება, თუ რამდენად ერევა მთავრობა ბიზნესის საქმიანობაში, ქვეყნის ეკონომიკის რა წილი მოდის სახელმწიფოს ფუნქციების შესრულებაზე და რამდენად კარგი სამართლებრივი გარემოა საკუთრების დაცვისთვის. ქვეყნების ეკონომიკურ თავისუფლებას ორი ავტორიტეტული ორგანიზაცია იკვლევს, ესენია: ფრეიზერის ინსტიტუტი და ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი.
5 ოქტომბერს ფრეიზერის ინსტიტუტმა ახალი, 2026 წლის კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყნების 2024 წლის მდგომარეობას ეყრდნობა. კვლევა 165 ქვეყანას მოიცავს.
ფრეიზერის ინსტიტუტი ეკონომიკური თავისუფლების დონეს 5 ჯგუფად განაწილებულ 25 კრიტერიუმზე დაკვირვებით განსაზღვრავს, ესენია: 1. მთავრობის ზომა (საგადასახადო განაკვეთები, მთავრობის ხარჯები, სუბსიდიები, სახელმწიფო ქონება), 2. კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, კორუფციის დონე, კონტრაქტების შესრულება, კრიმინალი და უსაფრთხოება), 3. მონეტარული სტაბილურობა (ფულის მასის ზრდა, ინფლაცია, უცხოურ ვალუტაში საბანკო ტრანზაქციების თავისუფლება), 4. თავისუფალი ვაჭრობა (ტარიფები, სავაჭრო ბარიერები, შავი ბაზარი, კაპიტალისა და სამუშაო ძალის გადაადგილების კონტროლი), 5. რეგულაციები (საკრედიტო ბაზრის რეგულირება, შრომის ბაზრის რეგულირება, ბიზნესრეგულაციები, საბაზრო კონკურენცია).
ინფორმაციის წყარო სხვადასხვა კვლევა და ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებია. ცალკეული კრიტერიუმი მაქსიმუმ 10 ქულით ფასდება და ქვეყნის საბოლოო ქულა 0-დან 10-მდე მერყეობს.
საქართველო ფრეიზერის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში
ფრეიზერის ეკონომიკური თავისუფლების განახლებული ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში 26-ე ადგილზეა 7.76 ქულით. ბოლო წელს საქართველოს ქულა 0.07 პუნქტით გაუმჯობესდა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ქვეყნების ქულები მეტად გაიზარდა, საქართველო რეიტინგში ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა გასული წლის ანგარიშის მიხედვით 25-ე ადგილზე იყო.
საქართველოს ჯამური ქულის 0.07-ით გაუმჯობესება მონეტარული პოლიტიკის გაუმჯობესებამ, კერძოდ, ინფლაციის დონის შემცირებამ განაპირობა. შესაბამისი ქულა 8.9-დან 9.08-მდე გაიზარდა. მცირედით (0.05-ით) გაუმჯობესდა საქართველოს ქულა საგარეო ვაჭრობის თავისუფლებაშიც.
კანონის უზენაესობის ქულა 0.19-ით შემცირდა, რაც მასში შემავალი კომპონენტის – სასამართლოს დამოუკიდებლობის ქულის 0.48-ით შემცირებამ განაპირობა.
საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა კანონის უზენაესობაში აქვს – 6.08, ხოლო ყველაზე მაღალი მონეტარულ პოლიტიკაში – 9.08. კანონის უზენაესობის დაბალი ქულა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კორუფციის ქულებით არის განპირობებული.
ქვეკომპონენტების მიხედვით, 10-დან 10 ქულა საქართველოს საგადასახადო განაკვეთებში, უცხოურ ვალუტაში საბანკო ტრანზაქციების თავისუფლებასა და ტურიზმის თავისუფლებაში აქვს.
საქართველოს პოზიცია ფრეიზერის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში

ქვეყნები, სადაც ეკონომიკური თავისუფლების დონე ყველაზე მაღალია
ფრეიზერის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში პირველ ადგილზეა ჰონგ–კონგია 8.53 ქულით. მეორეზე შვეიცარიაა 8.45 ქულით. ჰონგ–კონგს ყველაზე მაღალი ქულა საგარეო ვაჭრობის თავისუფლებაში აქვს, ხოლო შვეიცარიას – მონეტარულ პოლიტიკაში (სტაბილურ ფასებში).
გეოგრაფიულად საქართველოს მეზობელი ქვეყნები შემდეგ პოზიციებს იკავებენ: სომხეთი 38-ე ადგილი, აზერბაიჯანი 113-ე ადგილი, თურქეთი 142-ე ადგილი და რუსეთი 143-ე ადგილი.
რეიტინგში ბოლო ადგილზე ვენესუელაა 2.94 ქულით. ბოლოდან მეორეზე ზიმბაბვეა 3.62 ქულით, ხოლო ბოლოდან მესამეზე სუდანია 4.16 ქულით. კვლევა არ მოიცავს კომუნისტურ ქვეყნებს: ჩრდილოეთ კორეასა და კუბას, რომლებიც, სავარაუდოდ, რეიტინგის ბოლო ადგილებს დაიკავებდნენ.
ტოპ–10 ქვეყანა ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით
| ქვეყანა | ქულა | |
| 1 | ჰონგ–კონგი | 8.53 |
| 2 | შვეიცარია | 8.45 |
| 3 | სინგაპური | 8.43 |
| 4 | ახალი ზელანდია | 8.38 |
| 5 | აშშ | 8.21 |
| 6 | ირლანდია | 8.16 |
| 7 | დანია | 8.13 |
| 8 | ავსტრალია | 8.06 |
| 9 | მავრიკი | 7.97 |
| 10 | გაერთიანებული სამეფო | 7.96 |
წყარო: Fraser Institute
Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი
