მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების რეიტინგში საქართველო მე-40 ადგილზეა

2 (12)

მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-40 ადგილს იკავებს.

მეთოდოლოგია

მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების რეიტინგი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდექსის მიხედვით დგება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში ბიზნესისა და ეკონომიკური გარემოს განვითარებას უწყობს ხელს.

მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსის გამოცემა მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2022 წლიდან დაიწყო. ეს არის ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსის სახეცვლილი ანგარიში, რომელიც 2009 წლიდან, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდებოდა.

მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსი 2022 წლიდან ქვეყნდება ორ წელიწადში ერთხელ, 110 ქვეყანას მოიცავს და განსხვავებული მეთოდოლოგია აქვს. 2026 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ინდექსი რეალურად 2025 წლის მდგომარეობას ასახავს.

ინდექსი 5 სფეროზე დაკვირვებით დგება, რომლებიც შეფასების სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს, ესენია:

  1. გარემო: ბიზნესგარემო, უსაფრთხოება და დაცვა, ჯანმრთელობა და ჰიგიენა, ჰუმანური რესურსები და შრომის ბაზარი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
  2. მოგზაურობისა და ტურიზმის პოლიტიკა: მოგზაურობისა და ტურიზმის პრიორიტეტულობა, საერთაშორისო გახსნილობა, კონკურენტული ფასები;
  3. ინფრასტრუქტურა: აეროპორტები, პორტები და სახმელეთო ტრანსპორტი, ტურისტული მომსახურების ინფრასტრუქტურა;
  4. ბუნებრივი და კულტურული რესურსები: ნატურალური რესურსები, კულტურული რესურსები და ბიზნესმოგზაურობა.
  5. მოგზაურობისა და ტურიზმის მდგრადობა: გარემოსდაცვითი მდგრადობა, სოციოეკონომიკური მდგომარეობა და მდგრადი მოთხოვნა.

აღნიშნული კომპონენტების შესწავლა 102 ინდიკატორით ხდება, რომელთა წყარო ქვეყნების სტატისტიკურ მონაცემებზე დაკვირვება და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გამოკითხვაა. საბოლოდ, ქვეყნებს 0-დან 7 ქულამდე ენიჭებათ. რაც მეტია ქულა ნიშნავს, რომ ქვეყანაში ტურიზმის სფერო მეტად განვითარებულია.

საქართველო მოგზაურობისა და ტურიზმის ინდექსში

მოგზაურობისა და ტურიზმის ინდექსში საქართველო 4.32 ქულით (მაქსიმალურია 7 ქულა) მე-40 ადგილზეა 110 ქვეყანას შორის. 2024 წელს გამოქვეყნებულ ინდექსში საქართველო 45-ე ადგილზე იყო 4.11 ქულით, ანუ საქართველოს ქულა 0.21-ით შემცირდა და რეიტინგში ხუთი საფეხურით დაწინაურდა.

ინდექსში შემავალი შეფასების ინდიკატორების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა – 6.22 – უსაფრთხოებაში აქვს. 5.70 აქვს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, 5.97 აქვს ჯანმრთელობასა და ჰიგიენაში, 5.50 – კონკურენტული ფასებში.

საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა  – 1.68 – ბიზნესმოგზაურობაში აქვს. ასევე დაბალი ქულა, 1.99, აქვს კულტურულ რესურსებში, 2.02 აქვს ბუნებრივ რესურსებში, 4.07 – აეროპორტების ინფრასტრუქტურაში.

კრიტერიუმების მიხედვით საქართველო ყველაზე მაღალ პოზიციაზე – მე-17 ადგილზე – ტურიზმისადმი გახსნილობაშია. 23-ე ადგილზეა კონკურენტული ფასებით, 29-ზეა უსაფრთხოებით. ყველაზე დაბალ პოზიციაზე – 82-ე ადგილზე – ბუნებრივი რესურსების კომპონენტშია. 74-ე ადგილზეა ბიზნესმოგზაურობით.

მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარებით მოწინავე ქვეყნები

მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების რეიტინგში პირველ ადგილზე  5.27 ქულით იაპონიაა. იაპონიას ყველაზე მაღალი ქულა – 6.65 კულტურულ რესურსებში აქვს. მეორე ადგილზეა აშშ, რომელსაც ყველაზე მაღალი ქულა – 6.62 – აეროპორტების ინფრასტრუქტურაში აქვს. მესამე ადგილზე ესპანეთია, რომელსაც ყველაზე მაღალი ქულა – 6.42 – უსაფრთხოებაში აქვს.

საქართველოს მეზობლებიდან ყველაზე მაღალ პოზიციაზე თურქეთია – 36-ე ადგილზე, 4.37 ქულით. აზერბაიჯანი 58-ე ადგილზეა 4.07 ქულით. სომხეთი 72-ე ადგილზეა 3.81 ქულით. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთი რეიტინგში შეტანილი არ არის.

რეიტინგში ბოლო, 110-ე ადგილს, 2.75 ქულით მალი იკავებს. 109-ე ადგილზე სიერა-ლეონეა 2.91 ქულით, ხოლო 108-ზე კამერუნია 3.05 ქულით.

მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსის ტოპ-10 ქვეყანა

 ქვეყანაქულა
1იაპონია5.27
2აშშ5.23
3ესპანეთი5.22
4ავსტრალია5.18
5საფრანგეთი5.17
6გერმანია5.09
7გაერთიანებული სამეფო5.08
8ჩინეთი5.00
9შვეიცარია4.97
10იტალია4.93

წყარო: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა