Bloomberg: ევროპის საუკეთესო ბიზნესსკოლების რეიტინგი

Bloomberg: ევროპის საუკეთესო ბიზნესსკოლების რეიტინგი

Bloomberg Businessweek-მა ევროპის 2020-2021 წლის საუკეთესო ბიზნესსკოლები და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო (MBA) პროგრამები წარმოადგინა.  გამოცემის რეიტინგით პირველ ადგილს, ჯამური 100 ქულით, შვეიცარიის IMD Business School-ი იკავებს.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის ბიზნესსკოლა Bloomberg-ის რეიტინგში ზედიზედ უკვე მეორედ ლიდერობს. ავტორიტეტული გამოცემის სიის პირველ ადგილას სკოლა 2019 წელს მოხვდა, 2020-ში კი, პანდემიიდან გამომდინარე, გამოცემის გამოშვება გაუქმდა.

Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებული უნივერსიტეტების რეიტინგი ოთხ კომპონენტზე დაყრდნობთ არის შედგენილი. ესენია: კურსდამთავრებულების ანაზღაურება, სწავლება, „ნეთვორქინგი“ და მეწარმეობა. მნიშვნელოვანია, რომ საერთო შეფასებით რეიტინგის პირველ ხუთეულს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტები წარმოადგენენ. კერძოდ, გამოცემის მეორე ნომრად ესპანეთის IESE Business School-ი, მესამე ადგილზე კი იტალიის SDA Bocconi არის წარმოდგენილი. მეოთხე და მეხუთე ადგილს საფრანგეთის INSEAD-ი და დიდი ბრიტანეთის London Business School-ი იკავებენ.

რეიტინგის პირველი ათი უნივერსიტეტიდან ოთხი დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის, საერთო ჯამში კი რეიტინგში დიდი ბრიტანეთის ექვსი უნივერსიტეტია. ექვსი უნივერსიტეტით არის წარმოდგენილი რეიტინგში ესპანეთიც.

რაც შეეხება ცალკეული კომპონენტების მიხედვით Bloomberg-ის რეიტინგის გადანაწილებას, კომპენსაციის ინდექსით, რომელიც კურსდამთავრებულთა შემოსავლებზე დაყრდნობით ითვლება, პირველ ადგილს იტალიის SDA Bocconi იკავებს. სწავლების ხარისხით ესპანეთის IESE Business School-ი, ხოლო „ნეთვორქინგით“ საფრანგეთის INSEAD-ი ლიდერობს. მეწარმეობის ინდექსით, 2020-2021 წლების რეიტინგის ლიდერი ამ შემთხვევაში მადრიდის IE Business School-ია.

წარმოგიდგენთ, Bloomberg Businessweek-ის რეიტინგის პირველ ათ უნივერსიტეტს და სწავლის საფასურს:

  1. IMD, შვეიცარია – 90,000 შვეიცარიული ფრანკი
  2. IESE Business School, ესპანეთი – 85,084 ევრო
  3. SDA Bocconi, იტალია – 59,120 ევრო
  4. INSEAD, საფრანგეთი – 89,000 ევრო
  5. London Business School, დიდი ბრიტანეთი – 92,735 გირვანქა სტერლინგი
  6. IE, ესპანეთი – 71,000 ევრო
  7. Cambridge, დიდი ბრიტანეთი – 59,000 გირვანქა სტერლინგი
  8. Oxford, დიდი ბრიტანეთი – 63,000 გირვანქა სტერლინგი
  9. HEC Paris, საფრანგეთი – 79,600 დოლარი
  10. Manchester, დიდი ბრიტანეთი – 45,000 გირვანქა სტერლინგი