Bloomberg: Microsoft-ს კიბერუსაფრთხოების კომპანია Mandiant-ის შესყიდვა სურს

Bloomberg: Microsoft-ს კიბერუსაფრთხოების კომპანია Mandiant-ის შესყიდვა სურს

Bloomberg-ი საკითხთან დაახლოებულ პიროვნებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ Microsoft Corp-ი შეთანხმების საფუძველზე კიბერუსაფრთხოების კომპანია Mandiant-ს შეისყიდის. აღნიშნული სიახლის გავრცელების შემდეგ Mandiant-ის აქციათა ფასი საფონდო ბირჟის დახურვისას 18%-ით იყო გაზრდილი, Microsoft-ისა კი – 1.1%-ით.

ცნობისათვის, Mandiant-ი კვლავ დამოუკიდებელი კომპანია შარშან გახდა. მანამდე ის 2013 წელს FireEye Inc-მა შეისყიდა, თუმცა შარშან მათი გზები გაიყო. FireEye-მ კი საკუთარი სახელი Symphony Technology Group-ის კონსორციუმს 1.2 მილიარდ აშშ დოლარად მიჰყიდა.

Mandiant-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 3.6 მილიარდი აშშ დოლარის ტოლია და კომპანია ძირითადად კიბერინციდენტების აღმოფხვრასა და კიბერუსაფრთხოების ტესტირებაზეა ორიენტირებული.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თუკი გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდება და ამერიკული ტექგიგანტი Mandiant-ს ნამდვილად შეიძენს, ეს მის კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობებს ერთიორად გააძლიერებს. საინტერესოა, რომ Microsoft-მა 2021 წელს ორი შედარებით მცირე ზომის კიბერუსაფრთხოების კომპანია შეიძინა და განაცხადა, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად 20 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს.

Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავა როგორც Microsoft-მა, ისე Mandiant-მაც. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ და თავად ვიხილოთ, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდება თუ არა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *