BMW-ის CEO-ს პროგნოზით, ჩიპების დეფიციტი 2023 წელსაც გაგრძელდება

BMW-ის CEO-ს პროგნოზით, ჩიპების დეფიციტი 2023 წელსაც გაგრძელდება

გერმანული ავტომწარმოებლის, BMW-ის აღმასრულებელი დირექტორის, ოლივერ ზიპსის განცხადებით, ნახევარგამტარების დეფიციტი ავტოინდუსტრიისთვის პრობლემად 2023 წელსაც დარჩება. აღნიშნული პროგნოზი BMW-ის CEO-მ გერმანულ გაზეთ Neue Zuercher Zeitung-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა.

„ჯერ კიდევ ჩიპების დეფიციტის მწვერვალზე ვიმყოფებით. ველი, რომ ამ კუთხით გარკვეული გაუმჯობესება შემდეგი წლიდან იქნება, თუმცა ზოგად დეფიციტთან გამკლავება 2023 წელსაც მოგვიწევს“, – განაცხადა ზიპსმა.

საინტერესოა, რომ ბოლოს BMW-ის ხელმძღვანელი რგოლის წევრების პროგნოზი ჩიპების დეფიციტთან დაკავშირებით მარტში გავრცელდა. მაშინ ნახევარგამტარების დეფიციტის დასრულების თარიღად მენეჯმენტი 2022 წლის ბოლოს ასახელებდა. როგორც ჩანს, სავარაუდო თარიღმა კიდევ უფრო გადაიწია.

ბუნებრივია, ამას ახალი ავტომობილების ფასზე დიდი გავლენა ექნება. ჩიპების დეფიციტი ჯერ კიდევ წინა წლიდან დაიწყო და ავტომობილების ღირებულება უკვე გაზარდა. შესაბამისად, თუკი პრობლემა კვლავ შენარჩუნება, შესაძლოა, საქმე კიდევ უფრო შესამჩნევ ზრდასთან გვქონდეს.

უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფერზე გავლენას უკრაინაში მიმდინარე ომიც ახდენს. ნახევარგამტარებისათვის საჭირო ქიმიური ელემენტების გარკვეული წილის ექსპორტს სწორედ უკრაინა უზრუნველყოფდა. შესაბამისად, ისედაც არსებულ დეფიციტს, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ზემოაღნიშნულ საკითხზე განცხადება Volkswagen-ის CFO-მაც გაავრცელა. კომპანიის ფინანსური დირექტორის პროგნოზით, ნახევარგამტარების მიწოდება მოთხოვნის შესაბამისი 2024 წლამდე არ იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *