ბოლო დღეებში დონალდ ტრამპის ქონება ორჯერ გაიზარდა

ბოლო დღეებში დონალდ ტრამპის ქონება ორჯერ გაიზარდა

სამშაბათის მდგომარეობით, Trump Media & Technology Group-ის აქციების ფასმა $57.99-ს მიაღწია, ხოლო ტრამპის კომპანიის საბაზრო ღირებულება $8 მილიარდამდე გაიზარდა. TMTG-ში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წილი $4.5 მილიარდზე მეტს შეადგენს, რამაც ბოლო დღეებში ბიზნესმენის ქონების გაორმაგება გამოიწვია.

დონალდ ტრამპის ქონების წმინდა ღირებულება $4 მილიარდზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Trump Media & Technology Group-მა, რომელიც Truth Social-პლატფორმას მართავს, Nasdaq-ზე აქციებით ვაჭრობა დაიწყო. გასულ კვირას, TMTG-ის საჯაროდ დალისტვამდე, ტრამპის ქონება $2.3 მილიარდს უდრიდა, ბოლო დღეებში კი გაორმაგდა და თითქმის $6.4 მილიარდს მიუახლოვდა. ამ მონაცემებით, თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი მსოფლიოს 450 უმდიდრეს ადამიანს შორის მოხვდა.

ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა ტრამპისთვის, რომლის სიმდიდრეც – საოფისე და საცალო უძრავ ქონებაზე ფასის ვარდნის გავლენით – ბოლო წლებში კლების ტენდენციით გამოირჩეოდა. პარალელურად კი, მილიარდერის წინააღმდეგ რამდენიმე იურიდიული სარჩელიცაა აღძრული და ბოლო განჩინებით, ტრამპს $540 მილიონზე მეტის გადახდა აქვს დაკისრებული.

ტრამპის თითქმის 79 მილიონი აქცია Trump Media & Technology Group-ში, რომელიც ვაჭრობს DJT-ით (ტრამპის ინიციალები), ახლა მილიარდერის უდიდესი აქტივია, რომელიც თითქმის ორჯერ აღემატება მთელ მის უძრავ ქონების, კურორტებისა და ნაღდი ფულის ჯამურ ღირებულებას.

თუმცა ჯერ უცნობია, შეუძლია თუ არა ტრამპს ახლად მოპოვებული სიმდიდრის გამოყენება. შეთანხმებით, მილიარდერს აქციებით ვაჭრობა ექვსი თვის განმავლობაში აკრძალული აქვს, შესაბამისად, მისი სიმდიდრე ჯერჯერობით მხოლოდ ფურცელზე რჩება. ამ ეტაპისთვის, გასული დღეების ზრდის მიუხედავად, Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ტრამპის ქონება მხოლოდ $2.6 მილიარდს შეადგენს.