განვითარებადი ქვეყნებისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) უმუშევრობის, ექსპორტის, პროდუქტიულობისა და კაპიტალის შემოდინების მაჩვენებლების გაუმჯობესების გზით მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამასთან გასათვალისწინებელი ფაქტორია, თუ რომელი ქვეყნიდან შემოედინება ეს ინვესტიციები.
საინტერესოა, რომ ბოლო წლებში FDI-ის დიდი შემოდინება ისეთი ე.წ. ოფშორული ზონებიდან ფიქსირდება, როგორიცაა პანამა, ვირჯინიის კუნძულები და მარშალის კუნძულები. პანამიდან შემოსული ინვესტიციები იმდენად დიდი იყო, რომ დაგროვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის მიხედვით, 2021 წლის მეორე კვარტალისთვის, პანამა, რომელმაც 460 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციები დააგროვა, 2020 წლის ვარდნის შემდეგაც კი კვლავ რჩებოდა საქართველოს ერთ-ერთ მსხვილ FDI პარტნიორად.
საქართველოში FDI-ის შემოდინების მაჩვენებლები წარმოშობის ქვეყნების მიხედვით აჩვენებს, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში ინვესტიციების 91.9% შემოვიდა მხოლოდ ხუთი ქვეყნიდან: დიდი ბრიტანეთი (45.2%), თურქეთი (26.2%), ჩეხეთი (12.3%). რუსეთი (10,5%) და
ნიდერლანდები (10,1%). ეს ნიშნავს, რომ საქართველოში FDI მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება.
დიდი ბრიტანეთიდან ინვესტიციები, სავარაუდოდ, ძირითადად შემოდის საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი მთავარი ბანკის, საქართველოს ბანკის რეინვესტიციის სახით, რადგან ბანკი დიდ ბრიტანეთშია რეგისტრირებული. გარდა ამისა, FDI-ის შემოდინების განხილვა ქვეყნების მიხედვით 2020 წლის მე-4 კვარტალში დაფიქსირებული დიდი ვარდნის მიზეზის ახსნაში გვეხმარება (-429 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ვარდნა წინა კვარტალთან შედარებით -134 მილიონ აშშ დოლარამდე).
როგორც მონაცემებიდან ჩანს, ეს კლება გამოწვეულია FDI-ის შემოდინების შემცირებით „სხვა ქვეყნებიდან“, უფრო კონკრეტულად კი პანამიდან, რომელიც მხოლოდ ერთ წელიწადში 287 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. მიზეზი კი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნის უმდიდრესმა ადამიანმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, საქართველოში თავისი ბიზნესისა და უძრავი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ადრე პანამაში რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით ფლობდა, ფონდ „ქართუს“ გადასცა.
2017 წლიდან მოყოლებული ინვესტიციების მოცულობა საქართველოში მუდმივად მცირდება და 2020 წელს ბოლო 15 წლის მინიმუმამდე დაეცა. აღსანიშნავია, რომ ეს ვარდნა (-57%) მნიშვნელოვნად აღემატება FDI-ის საშუალო კლებას მსოფლიოში.