Bolt თბილისში სკუტერების სერვისის შემოთავაზებას იწყებს

Bolt თბილისში სკუტერების სერვისის შემოთავაზებას იწყებს

Bolt, სკუტერების უმსხვილესი ოპერატორი ევროპაში, დღეს სკუტერების სერვისის შემოთავაზებას თბილისის ქუჩებში იწყებს. თბილისი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც ეს სერვისი გაეშვება.

პარასკევს, 16 აგვისტოდან, თბილისის მაცხოვრებლებს და ტურისტებს ქალაქში Bolt-ის სკუტერებით მგზავრობის შესაძლებლობა ექნებათ. Bolt ცნობილია სკუტერებით მგზავრობის ეკონომიური და ეკოლოგიური მომსახურებით, რომლის მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა.

Bolt Rentals-ის რეგიონალურმა მენეჯერმა, ვალერი რომანოვმა განაცხადა: „გვსურს მადლიერება გამოვხატოთ თბილისის მიმართ Bolt-ისადმი ნდობისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის დაწყებასა და პასუხისმგებლიანი მიკრომობილობის ჩვევების ჩამოყალიბებას მომავალ წლებში. გვსურს ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ სკუტერების გაზიარების სერვისი, რომელიც მათ ხელმისაწვდომ ფასად მგზავრობის საშუალებას მისცემს. პირველ მგზავრობამდე ყველა მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს ჩვენს პლატფორმაზე და იყოს მინიმუმ 18 წლის. ჩვენი მოწინავე GPS სისტემა აკონტროლებს სკუტერების პარკირებისა და მგზავრობის წესების დაცვას, რათა უზრუნველყოფილი იყოს საგზაო მოძრაობის ყველა წევრის უსაფრთხოება. ჩვენს სკუტერებზე ელექტრონულადაა დაწესებული სიჩქარის შეზღუდვა -20 კმ/სთ. ეს ნიშნავს, რომ სიჩქარის გადამეტება შეუძლებელია მაშინაც კი, თუ დაღმართზე მოძრაობთ. გარდა ამისა, ჩვენ შევუთანხმდით ქალაქის შესაბამის ორგანოს, რომ დავაწესებთ დაბალი სიჩქარით მგზავრობის ზონებს ისეთ ადგილებში, როგორებიცაა პარკები ან საჯარო ადმინისტრაციის უბნები- აქ ავტომატურად დაწესდება სკუტერის სიჩქარის შეზღუდვა – 12 კმ/სთ.“

სკუტერების ავტოპარკთან ერთად Bolt თბილისში ასევე ჩაუშვებს უსაფრთხოების ფუნქციების ნაკრებს SafeRide სისტემის, ხოლო პარკირების ფუნქციებს – Smart Parking 360 სისტემის ფარგლებში. Bolt ასევე გთავაზობთ პარკირების AI სისტემას, რომლის საშუალებითაც უზრუნველყოფილი იქნება სკუტერების პასუხისმგებლიანად პარკირება და რომელიც გააანალიზებს მომხმარებლის მიერ მგზავრობის დასრულების შემდეგ გადაღებულ ფოტოებს და მისცემს მათ რჩევებს იმ შემთხვევაში, თუ არასწორად გააჩერებენ სკუტერს.

Bolt-ის სკუტერის სათანადო გამოყენების წესი

Bolt-ის სკუტერების გამოყენება ძალიან მარტივია, თუმცა რეკომენდებულია ზოგადი უსაფრთხოებისა და პასუხისმგებლიანი მგზავრობის წესების დაცვა:

  • ატარეთ ჩაფხუტი და ჩაიცვით კომფორტული, ბრტყელძირიანი ფეხსაცმელი.
  • იმგზავრეთ მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ზონებში.
  • გადაადგილდით სწორ ხაზზე და მოერიდეთ მკვეთრ მოხვევას.
  • ნუ გამოიყენებთ სკუტერს ამინდის ექსტრემალურ პირობებში.
  • ნუ გამოიყენებთ სკუტერს ინტოქსიკაციის გამომწვევი საშუალებების ზემოქმედების ქვეშ.
  • იმგზავრეთ მარტო — სკუტერი განკუთვნილია მხოლოდ ერთი მგზავრისთვის.
  • გირჩევთ იმგზავროთ ველობილიკებზე ან ქუჩებში, ხოლო ტროტუარზე გადაადგილებისას აუცილებლად დაარეგულირეთ სიჩქარე ფეხით მოსიარულეთა სიჩქარის მიხედვით (5 კმ/სთ).
  • ნუ გააჩერებთ სკუტერს ისეთ ადგილას, სადაც ის დაბლოკავს ტრანზიტული სადგურების ან შენობების შესასვლელებს, ავტობუსის გაჩერებებს ან სხვა გზებს.

თბილისში Bolt გთავაზობთ სკუტერის ისეთ მოდელს, რომელიც ოპტიმიზებულია უსაფრთხოების, ეკოლოგიურობისა და მოსახერხებელი გამოყენების კუთხით. მისი მანევრირება მარტივია და მისი გარბენის დიაპაზონია 40 კმ.

კომპანია უკვე ოპერირებს საქართველოში თავისი მგზავრობის სერვისებით.

 

Bolt არის ევროპული სუპერ-აპი, რომელსაც ჰყავს 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი 50-ზე მეტ ქვეყანასა და 500-ზე მეტ ქალაქში ევროპისა და აფრიკის მასშტაბით. კომპანიის მიზანია ადამიანებზე, და არა ავტომობილებზე მორგებული ქალაქების განვითარება კერძო ავტომობილებიდან სატრანსპორტო საშუალებების გაზიარების სერვისებზე გადასვლის ხელშეწყობის გზით. ამისათვის, Bolt გთავაზობთ უკეთეს ალტერნატივებს თითოეული შემთხვევისთვის, მათ შორის გაზიარებული სკუტერებითა და ავტომობილებით მგზავრობას, ასევე, საკვებისა და სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტების მიტანის მომსახურებას.